Baby Bag

„ხშირად მოავადე ბავშვების მხოლოდ 10 პროცენტს აღენიშნება იმუნოდეფიციტი,“ - პედიატრი ნელი სიმონიშვილი

პედიატრმა ნელი სიმონიშვილმა ხშირად მოავადე ბავშვების შესახებ ისაუბრა და ის მიზეზები დაასახელა, რომელიც ბავშვებში ხშირ ავადობას იწვევს:

„რას ნიშნავს ხშირად მოავადე ბავშვი? ეს ნიშნავს ავადობის სიხშირეს წლის განმავლობაში. სიხშირესთან ერთად გასათვალისწინებელია დაავადების მიმდინარეობა, რამდენად გართულდა ის და საჭირო გახდა ანტიბიოტიკის ჩართვა მკურნალობაში. უხშირესი ასაკი, რომელიც მოგვმართავს ამ ჩივილით არის 5 წლამდე ასაკი, რადგან ამ ასაკში იზრდება უცებ კონტაქტები, ბავშვები მიდიან ბაღში და რესპირატორული ინფექციების სიხშირე მატულობს. სასკოლო ასაკში, განსაკუთრებით 10 წლის შემდეგ ინფექციების სიხშირე იკლებს.

ბავშვი, რომელიც არ დადის ბაღში, შესაძლებელია, წელიწადში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ ავადობდეს. ბაღში ან ადრეულ სასკოლო პერიოდში ბავშვი შეიძლება 10-12-ჯერაც გახდეს ინფექციით ავად და ეს შეიძლება იყოს ნორმა. ამ ინფექციების უმრავლესობა ვირუსულია. გამოჯანმრთელებას საშუალოდ 8 დღე სჭირდება, სრულფასოვან გამოჯანმრთელებას კი 2 კვირაც შეიძლება დასჭირდეს. თუ ამას წელიწადზე გადავთვლით, წელიწადში 4-5-6 თვეც კი შეიძლება გამოგვივიდეს, რომ ბავშვი იყოს ავად. თუ ეს არის მსუბუქი მიმდინარეობა, არის ვირუსული ინფექციები, ბავშვს აღენიშნება ნორმალური ზრდა-განვითარება, მისი ლაბორატორიული მონაცემები არის ნორმაში, ამ ეპიზოდებს შორის ბავშვი არის სრულიად ჯანმრთელი, მაშინ აქ საგანგაშო არაფერი არ არის.

თუ პირიქით ხდება და ბავშვი ავად გამოიყურება, მისი ინფექციები რთულდება, ხშირად არის ანტიბიოტიკების ჩართვის საჭიროება, შესაძლებელია ბავშვი ქრონიკული დაავადებით იყოს ავად და მას მეტი ყურადღება და გამოკვლევა სჭირდება. შესაძლებელია, რომ იყოს იმუნოდეფიციტიც. ეს საკმაოდ მცირე პროცენტში გვხვდება. ხშირად მოავადე ბავშვების მხოლოდ 10 პროცენტს აღენიშნება იმუნოდეფიციტი, თუმცა მშობლებისგან ძალიან ხშირად ისმის კითხვა: ხომ არ აქვს ჩემს შვილს იმუნიტეტი დაქვეითებული? იმ 10 პროცენტთან, რომელშიც არის იმუნოდეფიციტი,  უფრო ღრმა კვლევები და სულ სხვა ტიპის მკურნალობაა საჭირო. იმუნოდეფიციტური მდგომარეობები შეიძლება იყოს პირველადი და მეორადი. მეორადი იმუნოდეფიციტური მდგომარეობები სხვადასხვა გარემო ფაქტორებით, მედიკამენტებით, დღენაკლულობით არის გამოწვეული. ხშირად მოავადე ბავშვების 30% არის ავად ალერგიული დაავადებებით. ძალიან ხშირად ბავშვებს აქვთ ალერგიული რინიტი და ხველა და ეს აღიქმება როგორც რესპირატორული ინფექცია. ალერგიული ბავშვების სასუნთქ გზებში ვირუსი და ბაქტერია ადვილად აღწევს. მწეველების ოჯახში გაზრდილი ბავშვებიც დიდი რისკის ჯგუფია,“- მოცემულ საკითხზე ნელი სიმონიშვილმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „იმედი“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

,,მე რომ მკითხოთ, სკოლა კომპიუტერულ ტექნოლოგიებს არ იყენებს ისე, როგორც საჭიროა''

,,მე რომ მკითხოთ, სკოლა კომპიუტერულ ტექნოლოგიებს არ იყენებს ისე, როგორც საჭიროა''

„მე რომ მკითხოთ, სკოლა კომპიუტერულ ტექნოლოგიებს არ იყენებს ისე, როგორც საჭიროა, ანუ მულტიმედია სწავლება ჩვენს სკოლებში არ მიმდინარეობს," - აღნიშნულის შესახებ ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ გადაცემაში ,,დიდი შესვენება'' ისაუბრა. 

,,დღევანდელ დღეს, როცა ბავშვი მუდმივად თამაშობს კომპიუტერში, ფერად და საინტერესო სამყაროში იმყოფება და შემდეგ მოდის „სერ“, უფერო გაკვეთილსა და ფურცლებზე, რაც უინტერესოა მისთვის. ჩვენი დღევანდელი ცოდნა სხვა კონსტრუქციისაა, ბევრი სხვადასხვა ინფორმაცია ერთ პატარა „ულუფაში“ უნდა გაერთიანდეს. მულტიმედია საშუალებები საშუალებას გაძლევს შენ რომ ეკრანზევე გადაწყვიტო რაღაც პრობლემები, სასწაული შესაძლებლობებია. ეს არის კონკურენცია იმის, რისიც მშობლებს ეშინიათ. ასეთი ტიპის აქტივობა, რომელსაც სასწავლო პროცესში გამოვიყენებთ, ჩაანაცვლებს გართობის აქტივობას, როგორიცაა თამაში, უმიზნოდ სიარული და სოციალურ ქსელში ყოფნა,'' - აღნიშნა მან.

წყარო: ,,დიდი შესვენება''

წაიკითხეთ სრულად