Baby Bag

„ეს პრეპარატი ბავშვისთვის არ შეიძლება! ის საკმაოდ ტოქსიურია და შესაძლოა, გარკვეული დაავადებები გამოიწვიოს ბავშვებში!“ - მედიკოსების გაფრთხილება მშობლებს

ექიმები ბავშვებში დატილიანების საწინააღმდეგოდ ცხოველების პრეპარატ „ბარსის“ გამოყენების საფრთხეებზე საუბრობენ. მშობელთა ჯგუფებში აქტიურად იწერება ბავშვებში აღნიშნული პრეპარატის გამოყენების შესახებ, რაც მედიკოსების თქმით დაუშვებელია და ბავშვის ჯანმრთელობისთვის უკიდურესად სახიფათოა:

ვეტერინარმა მარიამ ჩხიკვიშვილმა ბარსის გამოყენების ნეგატიურ შედეგებზე ისაუბრა:

„სტატისტიკა მარტო ჩემი არ მაქვს, იმიტომ, რომ ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი. საკმაოდ ხშირია მომართვიანობა მთელი საქართველოს მასშტაბით. ძირითადად ითხოვენ ბარსის ანალოგიურ პრეპარატებს, რომელიც არის დასაწვეთებელი ან დასაშხურებელი. არცერთი მსგავსი პრეპარატი არ შეიძლება დიდი დოზით ცხოველებისთვისაც კი.

ჩემი რეაქცია იყო უცნაური, როდესაც ვიკითხე რა წონის იყო ცხოველი და ქალბატონმა მითხრა,რომ ბავშვისთვის უნდოდა. თავისთავად ცხადია, რომ ჩემი რეაქცია იყო ის, რომ ეს ბავშვისთვის არ შეიძლება. ბარსი საკმაოდ ტოქსიური პრეპარატია და შესაძლებელია, რომ გარკვეული დაავადებები გამოიწვიოს ბავშვებში კანის დამწვრობით დაწყებული და ღვიძლის დაავადებებით დამთავრებული. ადამიანისთვის ამ პრეპარატების შემადგენლობა იმდენად ტოქსიურია, რომ ერთჯერადმა გამოყენებამაც, შესაძლოა, საკმაოდ მძიმე დაღი დაასვას ბავშვის ორგანიზმს. ალბათ, მშობელს არ უნახავს, როგორ ძვრება თავის სკალპიდან თმა თავისი ძირიანად. ეს სურათი მინდა წარმოიდგინონ და მერე გადაიფიქრონ,“- მოცემულ საკითხზე მარიამ ჩხიკვიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი ბავშვისთვის... ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - პედიატრი ქეთი ნემსაძე

პედიატრმა ქეთი ნემსაძემ ბავშვების გასაღვიძებლად მაღვიძარას გამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაღვიძარა ბავშვისთვის სტრესია:

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი. მე პიროვნულად იმის წინააღმდეგიც ვარ, როდესაც ბავშვებს ენურეზი აქვთ და თითოეულ წვეთზე იწყება ზარის ჩართვა, რაც ბავშვს აღვიძებს. ეს არ არის დადებითი სიგნალი ბავშვისთვის. ჩვენ როდესაც სტრესზე ვსაუბრობთ, ღმერთმა დაგვიფაროს, განვაცხადოთ, რომ ბავშვმა სტრესი არ უნდა მიიღოს. პოზიტიური სტრესი კარგია. პოზიტიური სტრესი არის, მაგალითად, დილას, როდესაც დედა მოეხვევა ბავშვს, აკოცებს და ეტყვის: „ჩვენი ადგომის დროა.“ რასაკვირველია, მნიშვნელობა აქვს ასაკს.

ის ხმიანობა, რაც ჩართულია მაღვიძარაში, ეს შეხსენება მშობელს თვითონს სჭირდება. მას შეუძლია თვითონ დაიდგას მაღვიძარა, შემდეგ შევიდეს და სხვა მეთოდით, მოფერებით გააღვიძოს ბავშვი. ბავშვისთვის გაღვიძება სტრესია. სტრესის დროს გამოიყოფა სტრესული ჰორმონები, კორტიზოლი. მოფერება ამ სტრესს დაწევს. ეს უნდა გახდეს გაღვიძების მეთოდი. ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ქეთი ნემსაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად