Baby Bag

„ეს პრეპარატი ბავშვისთვის არ შეიძლება! ის საკმაოდ ტოქსიურია და შესაძლოა, გარკვეული დაავადებები გამოიწვიოს ბავშვებში!“ - მედიკოსების გაფრთხილება მშობლებს

ექიმები ბავშვებში დატილიანების საწინააღმდეგოდ ცხოველების პრეპარატ „ბარსის“ გამოყენების საფრთხეებზე საუბრობენ. მშობელთა ჯგუფებში აქტიურად იწერება ბავშვებში აღნიშნული პრეპარატის გამოყენების შესახებ, რაც მედიკოსების თქმით დაუშვებელია და ბავშვის ჯანმრთელობისთვის უკიდურესად სახიფათოა:

ვეტერინარმა მარიამ ჩხიკვიშვილმა ბარსის გამოყენების ნეგატიურ შედეგებზე ისაუბრა:

„სტატისტიკა მარტო ჩემი არ მაქვს, იმიტომ, რომ ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი. საკმაოდ ხშირია მომართვიანობა მთელი საქართველოს მასშტაბით. ძირითადად ითხოვენ ბარსის ანალოგიურ პრეპარატებს, რომელიც არის დასაწვეთებელი ან დასაშხურებელი. არცერთი მსგავსი პრეპარატი არ შეიძლება დიდი დოზით ცხოველებისთვისაც კი.

ჩემი რეაქცია იყო უცნაური, როდესაც ვიკითხე რა წონის იყო ცხოველი და ქალბატონმა მითხრა,რომ ბავშვისთვის უნდოდა. თავისთავად ცხადია, რომ ჩემი რეაქცია იყო ის, რომ ეს ბავშვისთვის არ შეიძლება. ბარსი საკმაოდ ტოქსიური პრეპარატია და შესაძლებელია, რომ გარკვეული დაავადებები გამოიწვიოს ბავშვებში კანის დამწვრობით დაწყებული და ღვიძლის დაავადებებით დამთავრებული. ადამიანისთვის ამ პრეპარატების შემადგენლობა იმდენად ტოქსიურია, რომ ერთჯერადმა გამოყენებამაც, შესაძლოა, საკმაოდ მძიმე დაღი დაასვას ბავშვის ორგანიზმს. ალბათ, მშობელს არ უნახავს, როგორ ძვრება თავის სკალპიდან თმა თავისი ძირიანად. ეს სურათი მინდა წარმოიდგინონ და მერე გადაიფიქრონ,“- მოცემულ საკითხზე მარიამ ჩხიკვიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

რატომ გაიზარდა კოვიდ-19-ით ინფიცირების რიცხვი დიდ ბრიტანეთში, სადაც მოსახლეობის 68 პროცენტი სრულად ვაქცინირებულია? - ზვიად კირტავას პასუხი

რატომ გაიზარდა კოვიდ-19-ით ინფიცირების რიცხვი დიდ ბრიტანეთში, სადაც მოსახლეობის 68 პროცენტი სრულად ვაქცინირებულია? - ზვიად კირტავას პასუხი

მედიცინის დოქტორმა ზვიად კირტავამ დიდ ბრიტანეთში კოვიდ-19-ის შემთხვევების მატების მიზეზებზე ისაუბრა:

„დიდი ბრიტანეთის მაგალითი ძალიან შთამბეჭდავია. ყველაზე ცუდი დასაწყისი პირველ გაზაფხულის ტალღაში სწორედ დიდ ბრიტანეთს ჰქონდა. შემდეგ იმის წყალობით, რომ ასტრაზენეკასა და ფაიზერის ვაქცინები შეისყიდა, ​ევროპაში ვაქცინაციის ყველაზე მაღალ ტემპს მიაღწია. როდესაც ევროპის სხვა ქვეყნებში ვაქცინაციის რიცხვი 30% იყო, ბრიტანეთში უკვე 50% ჰქონდათ გადალახული. წარმატებისგან თავბრუდახვევა იყო ის, როდესაც მათ ივლისის ბოლოს ერთბაშად გააუქმეს ყველა შეზღუდვა. ახლა ხდება ის, რომ ქვეყანაში ახალი შემთხვევების ტემპი ისევ გაიზარდა. ქვეყნის ექსპერტები გამოვიდნენ კრიტიკით და ამბობენ, რომ ნაწილობრივ უნდა დაბრუნდეს შეზღუდვები, უნდა იფიქრონ ბუსტერის დანერგვაზე, მოზარდების ვაქცინაციაზე, პირბადეების ტარების წესზე.“

ზვიად კირტავას თქმით, ის მწვანე ბარათების დანერგვას მხარს უჭერს:

​მე მხარს დავუჭერდი მწვანე ბარათების დანერგვას. ალბათ, საქართველოსაც მოუწევს ეს. სწორია, რომ აქცენტირება კეთდება ვაქცინაციის მარათონზე. რეგიონებსა და სოფლებზე ორიენტირება სწორი გადაწყვეტილებაა. მინდა გავიხსენო ცნობილი ამერიკელი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, ჯესიკა ვაინტროუბის ცნობილი ფრაზა, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ უნდა გავხადოთ მაქსიმალურად კომფორტული ვაქცინირება ყველა ადამიანისთვის და ჩვენ უნდა გავხადოთ შეძლებისდაგვარად არაკომფორტული არავაქცინირებულად დარჩენა.ეს არის ის ფორმულა, რომლითაც, ალბათ, უნდა იხელმძღვანელოს ყველამ.“

„პირველ რიგში, ​უნდა იქნეს დარწმუნების ყველა მეთოდი გამოყენებული. ინდივიდუალურად ყველა ადამიანთან ამის განსამარტავად დროის დახარჯვა ძალიან რთულია. მასობრივი სტრატეგიული კომუნიკაცია უნდა მოხდეს. ყოველდღე ვკარგავთ 25-დან 40-მდე ადამიანს. ამ დროს ფიქრი იმაზე, რომ სადღაც რაღაც წავიკითხე და იქნებ შესაძლო გართულება იყოს, არ არის სწორი, უნდა მოხდეს ამის ნიველირება,” - აღნიშნულ საკითხზე ზვიად კირტავამ „Euronews Georgia”-ს ეთერში ისაუბრა.

წყარო: „Euronews Georgia”

წაიკითხეთ სრულად