Baby Bag

„ეს პრეპარატი ბავშვისთვის არ შეიძლება! ის საკმაოდ ტოქსიურია და შესაძლოა, გარკვეული დაავადებები გამოიწვიოს ბავშვებში!“ - მედიკოსების გაფრთხილება მშობლებს

ექიმები ბავშვებში დატილიანების საწინააღმდეგოდ ცხოველების პრეპარატ „ბარსის“ გამოყენების საფრთხეებზე საუბრობენ. მშობელთა ჯგუფებში აქტიურად იწერება ბავშვებში აღნიშნული პრეპარატის გამოყენების შესახებ, რაც მედიკოსების თქმით დაუშვებელია და ბავშვის ჯანმრთელობისთვის უკიდურესად სახიფათოა:

ვეტერინარმა მარიამ ჩხიკვიშვილმა ბარსის გამოყენების ნეგატიურ შედეგებზე ისაუბრა:

„სტატისტიკა მარტო ჩემი არ მაქვს, იმიტომ, რომ ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი. საკმაოდ ხშირია მომართვიანობა მთელი საქართველოს მასშტაბით. ძირითადად ითხოვენ ბარსის ანალოგიურ პრეპარატებს, რომელიც არის დასაწვეთებელი ან დასაშხურებელი. არცერთი მსგავსი პრეპარატი არ შეიძლება დიდი დოზით ცხოველებისთვისაც კი.

ჩემი რეაქცია იყო უცნაური, როდესაც ვიკითხე რა წონის იყო ცხოველი და ქალბატონმა მითხრა,რომ ბავშვისთვის უნდოდა. თავისთავად ცხადია, რომ ჩემი რეაქცია იყო ის, რომ ეს ბავშვისთვის არ შეიძლება. ბარსი საკმაოდ ტოქსიური პრეპარატია და შესაძლებელია, რომ გარკვეული დაავადებები გამოიწვიოს ბავშვებში კანის დამწვრობით დაწყებული და ღვიძლის დაავადებებით დამთავრებული. ადამიანისთვის ამ პრეპარატების შემადგენლობა იმდენად ტოქსიურია, რომ ერთჯერადმა გამოყენებამაც, შესაძლოა, საკმაოდ მძიმე დაღი დაასვას ბავშვის ორგანიზმს. ალბათ, მშობელს არ უნახავს, როგორ ძვრება თავის სკალპიდან თმა თავისი ძირიანად. ეს სურათი მინდა წარმოიდგინონ და მერე გადაიფიქრონ,“- მოცემულ საკითხზე მარიამ ჩხიკვიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ამ გამონაკლის შემთხვევაში შეგვიძლია ბავშვს 37,5 გრადუსზეც კი მივცეთ სიცხის დამწევი,“ - პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„ამ გამონაკლის შემთხვევაში შეგვიძლია ბავშვს 37,5 გრადუსზეც კი მივცეთ სიცხის დამწევი,“ - პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ის იშვიათი შემთხვევა დაასახელა, როდესაც ბავშვს 37,5 გრადუს ტემპერატურაზე სიცხის დამწევი უნდა მივცეთ:

„თუ ბავშვს არ სიამოვნებს ტემპერატურა უკვე 37,5 გრადუსი ან ანამნეზში აღენიშნება გულყრა, ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია მას 37,5 გრადუსზეც კი მივცეთ სიცხის დამწევი. ეს გამონაკლისი შემთხვევებია, როდესაც ასე უნდა მოვიქცეთ, თუ გვინდა, რომ მოვახდინოთ პრევენცია გულყრის.“

ინგა მამუჩიშვილის თქმით, ბავშვის ჩახურება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება:

„არავითარ შემთხვევაში ბავშვის ჩახურება არ შეიძლება. ჩვენ უნდა მივცეთ თერმორეგულაციის ცენტრს საშუალება იმოქმედოს ტემპერატურიდან გამომდინარე. მატყლის საბნები და პლედები არ არის საჭირო. მინახავს ბავშვი ამას ისვრის ფეხებით, იხდის. მაღალ ტემპერატურაზე, თუ ბავშვი გახურებულია, არავითარ შემთხვევაში მისი ჩახურება არ შეიძლება.“

„მაქსიმალურად უნდა გავაღოთ ფანჯრები, მაგრამ ორპირი არ უნდა შევქმნათ. ოთახში უნდა იყოს ნორმალური ტემპერატურა. ხშირ შემთხვევაში ხალხს ოთახში 28-30 გრადუსი აქვს ტემპერატურა.ეს კატეგორიულად დაუშვებელია. 20 გრადუსზე მეტი ტემპერატურა ოთახში არ უნდა იყოს, მაქსიმუმ 22 გრადუსი,“- აღნიშნულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად