Baby Bag

არ შეფუთოთ ბავშვები! შესაძლოა, ამან გაციება და ავადობა გამოიწვიოს - ევგენი კომაროვსკის რეკომენდაცია მშობლებს

არ შეფუთოთ ბავშვები! შესაძლოა, ამან გაციება და ავადობა გამოიწვიოს - ევგენი კომაროვსკის რეკომენდაცია მშობლებს

ცნობილმა პედიატრმა ევგენი კომაროვსკიმ მშობლებს ცივ ამინდში ბავშვის ჩაცმულობასთან დაკავშირებით საინტერესო რჩევები მისცა. „არ შეფუთოთ ბავშვები!“ - ეს მთავარი რეკომენდაციაა, რომელსაც პედიატრი მშობლებს აძლევს.

„კატეგორიულად არასწორია, როდესაც ბავშვს ყველანაირ ტანსაცმელში ფუთავენ, რომელიც შეიძლება მას ჩააცვა. ამან, შესაძლოა, ოფლიანობა და ავადობა გამოიწვიოს,“ - აღნიშნა ევგენი კომაროვსკიმ.

პედიატრის თქმით, მშობლებს თერმორეგულაციის კანონები უნდა ახსოვდეთ. თერმორეგულაციის მთავარი ორგანო კანია. კანის სისხლძარღვების გაფართოებისას ორგანიზმი სითბოს გამოჰყოფს, ხოლო შევიწროვებისას - სითბო ორგანიზმის შიგნით ინახება. თუ ადამიანი სიცივეშია, ქარშია და ამ დროს სისხლძარღვები შევიწროვებულია, ეს ნორმალურ თერმორეგულაციაზე მიგვანიშნებს. შეხებისას კანი შესაძლოა ცივი იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვი იყინება. თუ ამ დროს კანი თბილია, სითბოს გამოყოფის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ბავშვები მარტივად ოფლიანდებიან, რამაც შესაძლოა გაციება და ავადობა გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ, მშნივნელოვანია, რომ ბავშვი არ შეფუთოთ! ბავშვს აუცილებლად ნატურალური ქსოვილებისგან დამზადებული ტანსაცმელი უნდა ჩააცვათ.

არსებობს მხოლოდ ერთი გამონაკლისი, როდესაც ბავშვს უფრო თბილად უნდა ჩააცვათ, ვიდრე თქვენ გაცვიათ. ეს მაშინ უნდა გააკეთოთ, როდესაც ბავშვს ეტლით ასეირნებთ და დიდი მანძილის გავლა გიწევთ. ორ წელზე მეტი ასაკის ბავშვები ძალიან აქტიურები არიან და ბევრს მოძრაობენ, ამიტომ უმჯობესია, მათთან ერთად გარეთ გასვლისას თქვენ უფრო თბილად ჩაიცვათ, თუ სადმე ჩამოჯდომას და ბავშვის თამაშის ყურებას გეგმავთ.

მოჭერილი ფეხსაცმელი ზამთარში ფეხის გაყინვას იწვევს, რის გამოც მსგავსი ტიპის ფეხსაცმელები ბავშვისთვის არ შეიძინოთ. ფეხსაცმელს, ტანსაცმელსა და კანს შორის მოძრავი ჰაერი სითბოს არაჩვეულებრივად ინარჩუნებს. მოსაცმელები აუცილებლად უნდა იყოს მსუბუქი, კომფორტული და წყალგაუმტარი. შარფის ნაცვლად გამოიყენეთ გულსაფარი ან შლემი, რომელიც გაათბობს და დაიცავს კისერს.

საბავშვო ტანსაცმელი ხარისხიანი უნდა იყოს, უპირატესობა მიანიჭეთ ბამბის საცვლებს, წყალგაუმტარ ფეხსაცმელებსა და კომფორტულ ტანსაცმელს.

წყარო:​ rbc.ua 

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, აღზრდა ნულის ქვემოთ დადის,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის აღზრდაში მშობლის სიმშვიდის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმ მავნე ზეგავლენას გაუსვა ხაზი, რომელიც ბავშვში უფროსების აგრესიულ ქცევას აქვს:

„ბავშვის აღზრდაში სიმშვიდის გარეშე არაფერი არ გამოგივა, ვერ გაზრდი ბავშვს. როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, ხმას უმაღლებ, ხელი გექავება, რომ წაუთაქუნო ერთი, იმ მონაკვეთში აღზრდა ნულის ქვემოთ დადის. რაც გაგიკეთებია, რაც მიგიღწევია ბავშვთან, იმასაც შლი უკვე. იცოდე, რომ ეს ბავშვი შენი აღარ არის, სულიერად მოგშორდა ის.“

„როდესაც ის 12, 15, 17 წლის იქნება, შენს შვილს ვერ იცნობ. გაქცევა უნდა შენგან. რატომ? აგერ მიზეზები ჩავთესე და მივიღე შედეგები. მოდი, ვინატროთ, რომ ჰუმანური პედაგოგიკა შევქმნათ ოჯახებში და არა აკრძალვათა პედაგოგიკა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

წაიკითხეთ სრულად