Baby Bag

ეს სამი დაავადება ბავშვებში ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის გამო ხდება - ქირურგი შალვა გაბადაძე

ქირურგმა შალვა გაბადაძემ ბავშვებზე ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის ნეგატიური ზეგავლენების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ცხოვრების უძრავი სტილი ბავშვებში გარკვეული დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს:

„ჰიპოდინამიოზს უზარმაზარი უარყოფითი გავლენა აქვს ბავშვთა ასაკში ბავშვებზე. ეს უპირველესად გამოიხატება ხერხემლის ოსტეოქონდროზით. შეიძლება ეს გამოიხატოს მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციების დარღვევით, როგორიც არის შარდვის გახშირება ან შარდვის შეკავება.

მესამე შეიძლება იყოს სქოლიოზი, რომელიც ვითარდება ნელა, შემპარავად და იწვევს ტანდეგობის დარღვევას, რაც მშობლებში თავდაპირველად გამოიწვევს გაკვირვებას, შემდგომ კი შიშს.

ეს სამი დაავადება ბავშვებში სწორედ ცხოვრების ჰიპოდინამიური სტილის გამო ხდება,“- მოცემულ საკითხზე შალვა გაბადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

რატომ არის გასაბერი აუზი ბავშვის სიცოცხლისთვის სახიფათო?

რატომ არის გასაბერი აუზი ბავშვის სიცოცხლისთვის სახიფათო?

ზაფხულში მშობლები ბავშვების გასაგრილებლად გასაბერ საცურაო აუზებს ხშირად ყიდულობენ. პედიატრები ფიქრობენ, რომ პატარა აუზები ბავშვების სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია და უფროსებს ურჩევენ მათი შეძენისგან თავი მაქსიმალურად შეიკავონ.

გასაბერი აუზები უმეტესწილად ეზოში თავსდება. მშობლები წყალს თვალს არ აშორებენ და ბავშვებს ყურადღებით აკვირდებიან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, აუზზე უბედური შემთხვევები მაინც ხდება. მსგავსი უბედური შემთხვევის მსხვერპლი ერთ-ერთი ბავშვის მშობლებმა სპეციალური ორგანიზაციაც კი დააარსეს, რომელშიც მშობლებს 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის უსაფრთხო ცურვისა და ბანაობის წესებს აცნობენ. მცირეწლოვანი ბავშვი, საშუალოდ, 40 სანტიმეტრი სიმაღლის წყალშიც კი შეიძლება დაიხრჩოს. უბედური შემთხვევების 70% მაშინ ხდება, როდესაც ცურვის პროცესი უკვე დასრულებულია.

უსიამოვნებებისა და ლეტალური გამოსავალის თავიდან ასაცილებლად მშობლებმა შემდეგი რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ:

  • ერთი ადამიანი აუცილებლად უნდა ადევნებდეს თვალს ბავშვის ცურვის პროცესს და აუზს ერთი წამითაც არ უნდა მოშორდეს.
  • არასდროს დატოვოთ ბავშვი აუზში მარტო, რამდენიმე წამითაც კი.
  • როდესაც ბავშვი აუზში ცურვას დაასრულებს, წყალი მაშინვე გადმოღვარეთ და აუზი დააცარიელეთ.

მშობლები აუზს წყლისგან იშვიათად ცლიან. ისინი არ ითვალისწინებენ, რომ მეზობლის ეზოდან, შესაძლოა, ბავშვი გადმოვიდეს და წყლით სავსე აუზთან მარტო მივიდეს, რაც, შეიძლება, ძალიან ცუდი შედეგით დასრულდეს. ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი აუზის მეთვალყურის შერჩევაა, რომელიც წყალს ყურადღებით დააკვირდება, ტელეფონზე არ ისაუბრებს და მთლიანად ბავშვზე იქნება კონცენტრირებული. რა თქმა უნდა, ეს საკმაოდ რთული საქმეა და ყურადღების გაფანტვისგან დაზღვეული არავინ არის. სწორედ ამიტომ, უმჯობესია, თუ უფროსები აუზის მეთვალყურის როლს შეითავსებენ და ერთმანეთს პოსტზე ყოველ 15 წუთში ჩაანაცვლებენ.

მომზადებულია ​abc13.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად