Baby Bag

ეს სამი დაავადება ბავშვებში ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის გამო ხდება - ქირურგი შალვა გაბადაძე

ქირურგმა შალვა გაბადაძემ ბავშვებზე ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის ნეგატიური ზეგავლენების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ცხოვრების უძრავი სტილი ბავშვებში გარკვეული დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს:

„ჰიპოდინამიოზს უზარმაზარი უარყოფითი გავლენა აქვს ბავშვთა ასაკში ბავშვებზე. ეს უპირველესად გამოიხატება ხერხემლის ოსტეოქონდროზით. შეიძლება ეს გამოიხატოს მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციების დარღვევით, როგორიც არის შარდვის გახშირება ან შარდვის შეკავება.

მესამე შეიძლება იყოს სქოლიოზი, რომელიც ვითარდება ნელა, შემპარავად და იწვევს ტანდეგობის დარღვევას, რაც მშობლებში თავდაპირველად გამოიწვევს გაკვირვებას, შემდგომ კი შიშს.

ეს სამი დაავადება ბავშვებში სწორედ ცხოვრების ჰიპოდინამიური სტილის გამო ხდება,“- მოცემულ საკითხზე შალვა გაბადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვი უნდა გააქციო სოფლად და ბუნებაში, რომ ამოცალოს თავისი ენერგიები,“- შალვა ამონაშვილი

„ბავშვი უნდა გააქციო სოფლად და ბუნებაში, რომ ამოცალოს თავისი ენერგიები,“- შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის განვითარებაზე სოფელში დასვენების ზეგავლენის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, სოფელი სხვა გასაქანს ქმნის ბავშვის სულიერი და გონებრივი განვითარებისთვის:

„ბავშვი უნდა გააქციო სოფლად და ბუნებაში, რომ ბავშვმა ამოცალოს თავისი ენერგიები. მან უნდა ირბინოს, უნდა იხტუნოს. ეს უნდა როგორც ორი წლის, ხუთი წლის ბავშვს, ასევე მოზარდსაც, რომელსაც 15-17 წელი შეუსრულდა. მას სადღაც განმარტოვება უნდა, ბუნებაში უნდა, რომ არავინ არ იყოს მის ირგვლივ. წინანდლის ბაღში უნდა დაკარგვა ბავშვს. ეს პირობები უნდა შევუქმნათ ბავშვებს.“

„სოფელი არის სილაღე. რა სივრცესაც ვუყურებ, ის ცნობიერება მიყალიბდება. მთებს ვუყურებ? მწვერვალებზე ასვლა მინდა. ხეებს ვუყურებ? იქ მინდა მოვექცე მაღლა. ყვავილებს ვუყურებ? დაკრეფა მინდა და ვიღაცას მინდა მივართვა. სოფელი სხვა გასაქანს ქმნის სულიერი და გონებრივი განვითარებისთვის. თუ სოფელში კეთილი ბებია ჰყავს ბავშვს, რომელმაც ლოცვები იცის და შეულოცავს შვილსა და შვილიშვილს საღამოობით, თუ პაპა ჰყავს ბრძენი, რომელიც გლეხურ სიტყვას ეტყვის და ბავშვს ეს სიბრძნე გაჰყვება თან, მე ვერ გეტყვით, ეს რანაირი აღზრდის მარაგია ბავშვისთვის,“- აღნიშნულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ ტელეკომპანია „ფორმულა“ 

წაიკითხეთ სრულად