Baby Bag

„თითქოს ბავშვი ჯანმრთელია ყველანაირად, დარბის, უცებ ასტკივდა მუცელი და 24-48 საათში უკვე საოპერაციოში ხვდება,“- ბავშვთა ქირურგი მალხაზ კარტოზია აპენდიციტის ნიშნებზე

ბავშვთა ქირურგმა მალხაზ კარტოზიამ ბავშვებში აპდენდიციტის ნიშნები დაასახელა და მშობლებს მოუწოდა, რომ მსგავსი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში სიფრთხილე გამოიჩინონ და პედიატრს მიმართონ:

„პატარა ბავშვის შემთხვევაშიც, განსაკუთრებით ორი წლის ასაკიდან, რომელიც ჭირვეულობს, აუხსნელია ტკივილი, თუ ჭირვეულობის მიზეზი, აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ შესაძლებელია, აქ მიმდინარეობდეს მწვავე ქირურგიული პათოლოგია, როგორიც არის აპენდიციტი. თითქოს ბავშვი ჯანმრთელია ყველანაირად, დარბის, დახტის, უცებ ასტკივდა მუცელი და ეს პაციენტი, 24-48 საათში უკვე სტაციონარში ხვდება, საოპერაციოში ხვდება.

ბავშვთა ასაკში მუცლის ტკივილის შემთხვევაში ყოველთვის უნდა გვქონდეს მხედველობაში, რომ არ გამოგვეპაროს ქირურგიული პათოლოგია. პატარა ბავშვებში როდესაც იწყება მუდმივი ჭირვეულობა, როდესაც ბავშვს ცხელება წამოუვა, როდესაც ღებინების ეპიზოდია, როდესაც უძილო ღამეა, მშობლები ყოველთვის უნდა ვიყოთ ფხიზლად იმისთვის, რომ პირველივე ასეთ სიტუაციაში მივმართოთ პედიატრს,“- მოცემულ საკითხზე მალხაზ კარტოზიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩვენ დედებს არ ვუფრთხილდებით, ეს მამების საყურადღებოდ მინდა ვთქვა,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

„ჩვენ დედებს არ ვუფრთხილდებით, ეს მამების საყურადღებოდ მინდა ვთქვა,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

​​ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე ბავშვისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, ბავშვი თავის პოტენციალს სწორედ ამგვარ გარემოში განავითარებს:

“რა არის აუცილებელი, რომ ჩვენ, როგორც სტრესის, ასევე ჩვეულებრივ გარემოში, გავითვალისწინოთ ბავშვებთან ურთიერთობაში? ექვს წლამდე ასაკის ბავშვს სჭირდება უსაფრთხო გარემო, კეთილგანწყობილი, მშვიდი, მოსიყვარულე. ბავშვისთვის მნიშვნელოვანია სწრაფად მორეაგირე გარემო, მაგრამ პანიკურად არა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ბავშვის განვითარება ძალიან კარგად მიდის, მისი პოტენცია, მის ტვინს პოტენციაში რაც აქვს, ის კარგად ვითარდება. ბავშვი ენდობა გარემოს. ის არის ოპტიმისტი, ​ის ნდობით არის განწყობილი მის გარშემო არსებული ადამიანების მიმართ, არ აქვს შფოთვა. ეს არის აუცილებელი პირობა.“

თამარ გაგოშიძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობელი თავად იყოს მშვიდად და არ შფოთავდეს, რათა ბავშვმა თავი უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნოს:

„ჩვენ შეიძლება ბავშვს შევუქმნათ ნდობით სავსე, უსაფრთხო გარემო, მაგრამ ჩვენ თვითონ გვქონდეს შფოთვა. არ გამოვა, რომ ჩვენ გვაქვს შფოთვა და ბავშვს ვუქმნით უსაფრთხო გარემოს. ძალიან ხშირად ჩვენთან მოდიან დედები და ჩივიან, რომ ბავშვს აქვს ძილის პრობლემები. აღმოჩნდება, რომ თუ დედას აქვს შფოთვა, ბავშვს სძინავს ცუდად. მით უმეტეს, თუ ძუძუს აჭმევს, ეს ადრენალინი მას გადაეცემა. ​საწყალი დედა შეიძლება ბევრ რამეზე შფოთავდეს. ის დაღლილია, ღამეებს ათენებს, იქ სამსახურში უნდა გაიქცეს, ფორმაში უნდა იყოს, სახლში რაღაც მოთხოვნებია ოჯახში. დედას ძალიან ბევრი საზრუნავი აქვს. ჩვენ დედებს არ ვუფრთხილდებით, ეს მამების საყურადღებოდ მინდა ვთქვა. იგულისხმება, რომ დედამ ყველაფერი უნდა გააკეთოს და არ არის ასე. ის ამას ვერ ახერხებს, შედეგად გვაქვს შფოთვა. ეს შფოთვა ბავშვს გადაეცემა.“

„ყველაფერზე თუ ვნერვიულობ, რაც უნდა ვეცადო, რომ შვილს უსაფრთხო გარემო შევუქმნა, ამას ვერ გავაკეთებ. განსაკუთრებით სტრესის პირობებში, ჯერ მე უნდა ვიყო კარგად. ვიღაც მკითხვას, როგორ უნდა ვიყო მე კარგად და ვიზრუნო ჩემს თავზე, როდესაც ათასი ვინმე მყავს საზრუნავი. ძალიან უკვირთ, როდესაც მშობლებს ვეუბნები: „ჯერ თავო და თავო...“ ჯერ მე უნდა ვიყო კარგად. ​კარგად ყოფნა ნიშნავს იმას, რომ მე ვარ მშვიდად, ვაკონტროლებ სიტუაციას. რასაც ვერ ვაკონტროლებ, იმაზე არ ვნერვიულობ. ჩვენ ყველაფერს ვერ გავაკონტროლებთ. მაგ. პანდემიის პირობებში, ჩვენ ამ ვირუსებს ვერ გავაკონტროლებთ. პანიკაში ჩავარდნას აზრი არ აქვს. რას ვაკონტროლებთ ჩვენ? რაც ჩვენს ხელთ არის, მხოლოდ ამას,“ - აცხადებს თამარ გაგოშიძე.

​წყარო


წაიკითხეთ სრულად