Baby Bag

„თითქოს ბავშვი ჯანმრთელია ყველანაირად, დარბის, უცებ ასტკივდა მუცელი და 24-48 საათში უკვე საოპერაციოში ხვდება,“- ბავშვთა ქირურგი მალხაზ კარტოზია აპენდიციტის ნიშნებზე

ბავშვთა ქირურგმა მალხაზ კარტოზიამ ბავშვებში აპდენდიციტის ნიშნები დაასახელა და მშობლებს მოუწოდა, რომ მსგავსი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში სიფრთხილე გამოიჩინონ და პედიატრს მიმართონ:

„პატარა ბავშვის შემთხვევაშიც, განსაკუთრებით ორი წლის ასაკიდან, რომელიც ჭირვეულობს, აუხსნელია ტკივილი, თუ ჭირვეულობის მიზეზი, აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ შესაძლებელია, აქ მიმდინარეობდეს მწვავე ქირურგიული პათოლოგია, როგორიც არის აპენდიციტი. თითქოს ბავშვი ჯანმრთელია ყველანაირად, დარბის, დახტის, უცებ ასტკივდა მუცელი და ეს პაციენტი, 24-48 საათში უკვე სტაციონარში ხვდება, საოპერაციოში ხვდება.

ბავშვთა ასაკში მუცლის ტკივილის შემთხვევაში ყოველთვის უნდა გვქონდეს მხედველობაში, რომ არ გამოგვეპაროს ქირურგიული პათოლოგია. პატარა ბავშვებში როდესაც იწყება მუდმივი ჭირვეულობა, როდესაც ბავშვს ცხელება წამოუვა, როდესაც ღებინების ეპიზოდია, როდესაც უძილო ღამეა, მშობლები ყოველთვის უნდა ვიყოთ ფხიზლად იმისთვის, რომ პირველივე ასეთ სიტუაციაში მივმართოთ პედიატრს,“- მოცემულ საკითხზე მალხაზ კარტოზიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ის, რასაც ჩვენ ბავშვებში ვეძახით აგრესიას, რეალურად სულ სხვა რამეა,“ - ნევროლოგი თამარ ედიბერიძე

„ის, რასაც ჩვენ ბავშვებში ვეძახით აგრესიას, რეალურად სულ სხვა რამეა,“ - ნევროლოგი თამარ ედიბერიძე

​​ნევროლოგმა თამარ ედიბერიძემ ბავშვებში აგრესიული ქცევის გამოვლენის პრობლემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვებთან დაკავშირებით ტერმინების გამოყენებისას სიფრთხილე გვმართებს:

„ცოტა ფრთხილად უნდა შევარჩიოთ ტერმინები, განსაკუთრებით, როდესაც ბავშვებზეა საუბარი. აგრესია იმ ფორმით, რაც ეს მოზრდილებისთვის არის დამახასიათებელი: განზრახ სხვისი ნივთის, სხვისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ხელყოფა და დაზიანება, ბავშვებისთვის, როგორც წესი, დამახასიათებელი არ არის. ის, რასაც ჩვენ ბავშვებში ვეძახით აგრესიას, რეალურად სულ სხვა რამეა. ეს არის თვითდამკვიდრების მცდელობები ჩვენთვის მიუღებელი ფორმით.“

თამარ ედიბერიძის თქმით, ზოგჯერ ბავშვისთვის აგრესიული ქცევა თავის გამოხატვის ერთადერთი ფორმაა:

„ბავშვისთვის ითვლება, რომ ეს ერთადერთი ფორმაა გამოხატვის. მან სხვა უკეთესი იმ წუთში ვერაფერი ვერ მოიფიქრა. ბავშვმა გვესროლა რაღაც, დაგვიყვირა რაღაც, გაგვიტეხა, დაგვიხია წიგნი, ​თანატოლთან ვერ გაიყო სათამაშო, მოუქნია ხელი და ჩაარტყა. ამას ჩვენ ვაკრავთ იარლიყს, რომ ეს არის აგრესია. მერე ჩვენი რეაქციაც ამაზე გამოიხატება იმით, რომ ვფიქრობთ: როგორ უნდა მივუდგეთ აგრესიულ ადამიანს? აქ ვუშვებთ შეცდომას. ეს უკვე ისეთი ჩიხია, ერთბაშად მატარებელი რომ ასცდება თავის რელსებს, იმის უკან დაბრუნებას უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდება, ვიდრე თავის დროზე რომ სწორი მიმართულება აგვეღო.“

თამარ ედიბერიძემ აღნიშნა, რომ ბავშვებს თვითდამკვიდრება ძალიან უჭირთ:

„ბავშვებს ძალიან უჭირთ თვითდამკვიდრება. მოზრდილები ელემენტარულად ფიზიკურად დიდები ვართ. მშობლის მოტივაცია ყოველთვის კეთილშობილურია, ყოველთვის გვინდა საუკეთესო ჩვენი შვილებისთვის. უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ამ გზაზე შეცდომებს ვუშვებთ. მოზრდილები ვუშვებთ უფრო მეტ შეცდომებს, ვიდრე პატარა ბავშვები. ბავშვის ბიოლოგიური საათი მის გონებასაც არ ეკითხება ხანდახან რაღაცას. თუ პირველი რამოდენიმე წელიწადი გამოგვეპარა და არ ვისწავლეთ ერთმანეთის მოსმენა, ​თუ ახალშობილობიდან არ ვისწავლეთ ჩვენი შვილების მოსმენა, ძალიან ძნელია ამაზე მუშაობა დავიწყოთ სასკოლო ასაკში.“

„ფსიქოლოგიურად ათი წლიდან იწყება ძალიან რთული პერიოდი. ოჯახისთვის ეს დამაიმედებელი არ იქნება, იმიტომ, რომ პრობლემებმა შეიძლება მოიმატოს ამ ასაკიდან. როდესაც პატარა ბავშვს ჭკუას ვასწავლით, ან თუნდაც რჩევას ვაძლევთ, ტონი ამ შემთხვევაში გვაქვს ძალიან იმპერატიული. რის უფლებასაც მოზრდილ ადამიანთან არ მივცემთ ჩვენს თავს, დაუდევრად ვაძლევთ თავს ამის უფლებას ბავშვთან. ხმის ტემბრზე მუშაობაც კი არის ამ თვალსაზრისით აქტუალური. ბრძანების კილოთი კი არა, რჩევის ტონით ველაპარაკოთ. ლაპარაკისას ბავშვებს უნდა ვუყუროთ თვალებში, რაც უფრო პატარაა, მით უფრო,“ - აღნიშნულ საკითხებზე თამარ ედიბერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად