Baby Bag

„თითქოს ბავშვი ჯანმრთელია ყველანაირად, დარბის, უცებ ასტკივდა მუცელი და 24-48 საათში უკვე საოპერაციოში ხვდება,“- ბავშვთა ქირურგი მალხაზ კარტოზია აპენდიციტის ნიშნებზე

ბავშვთა ქირურგმა მალხაზ კარტოზიამ ბავშვებში აპდენდიციტის ნიშნები დაასახელა და მშობლებს მოუწოდა, რომ მსგავსი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში სიფრთხილე გამოიჩინონ და პედიატრს მიმართონ:

„პატარა ბავშვის შემთხვევაშიც, განსაკუთრებით ორი წლის ასაკიდან, რომელიც ჭირვეულობს, აუხსნელია ტკივილი, თუ ჭირვეულობის მიზეზი, აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ შესაძლებელია, აქ მიმდინარეობდეს მწვავე ქირურგიული პათოლოგია, როგორიც არის აპენდიციტი. თითქოს ბავშვი ჯანმრთელია ყველანაირად, დარბის, დახტის, უცებ ასტკივდა მუცელი და ეს პაციენტი, 24-48 საათში უკვე სტაციონარში ხვდება, საოპერაციოში ხვდება.

ბავშვთა ასაკში მუცლის ტკივილის შემთხვევაში ყოველთვის უნდა გვქონდეს მხედველობაში, რომ არ გამოგვეპაროს ქირურგიული პათოლოგია. პატარა ბავშვებში როდესაც იწყება მუდმივი ჭირვეულობა, როდესაც ბავშვს ცხელება წამოუვა, როდესაც ღებინების ეპიზოდია, როდესაც უძილო ღამეა, მშობლები ყოველთვის უნდა ვიყოთ ფხიზლად იმისთვის, რომ პირველივე ასეთ სიტუაციაში მივმართოთ პედიატრს,“- მოცემულ საკითხზე მალხაზ კარტოზიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ეპითეტებით: „შე უზრდელო, შე ასეთო და ისეთო,“ მიმართვას აზრი არ აქვს. საუბარს ვიწყებთ პირველი პირით,“ - თამარ გაგოშიძის რჩევები მშობლებს

„ეპითეტებით: „შე უზრდელო, შე ასეთო და ისეთო,“ მიმართვას აზრი არ აქვს. საუბარს ვიწყებთ პირველი პირით,“ - თამარ გაგოშიძის რჩევები მშობლებს

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ მშობლებისა და თინეიჯერების ურთიერთობის პრობლემებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ გაღიზიანებულ და ემოციურ მდგომარეობაში მყოფ თინეიჯერთან სიმშვიდის შენარჩუნება და შემდგომ დისკუსიის გამართვა ამართლებს:

„დისკუსია არის ძალიან დამღლელი მშობლისთვის. ეს მთელ ენერგიას გაცლით, მაგრამ, სხვა გზა არ გაქვთ. ეპითეტებით: „შე უზრდელო, შე ასეთო და ისეთო,“ ამ ტექსტით მიმართვას აზრი არ აქვს. ვიწყებთ პირველი პირით, რომ მე არ გელაპარაკები ასე და არ მომწონს, რომ შენ ასე მელაპარაკები. მოდი, გავარკვიოთ რა გინდა.​ ასეთი დისკუსია და საუბრები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის უებარი წამალი ასეთი აფეთქებების ჩასაქრობად. მსჯელობაზე გადასვლისთანავე ემოცია ნელდება.“

თამარ გაგოშიძემ მშობლებს ურჩია არ ეკონტაქტონ ბავშვს, როდესაც ის ყვირის და ჩხუბობს:

„არის მეორე გზაც: როდესაც ის ყვირის და ჩხუბობს, თქვენ არ ეკონტაქტებით, თუ ხელით არ შეგეხოთ, ასეთებიც ხდება. ერთია სტრატეგია, როდესაც ძალიან აფეთქებულია მოზარდი და აცლით, როდის დაიცლება. ​მერე ესაუბრებით აუცილებლად. თუ წუწუნებს და ჯიჯღინებს, რაღაც პერიოდიდან შეიძლება მისი გამოწვევა დისკუსიაში. ეს არის ძალიან დამღლელი. ამას სჯობს თოხით თოხნა. მე მესმის კარგად. სერიოზულად ვამბობ ამას, იმიტომ, რომ მეც მქონია ასეთი მძიმე გამოცდილება. გეგონება, ტონა ტვირთი ათრიე, ისეთი განცდა გაქვს ხოლმე მერე. ეს არის ბრძოლა, ბრძოლა ჩვენი შვილების კეთილდღეობისთვის. ეს ბრძოლა ჩვენ უნდა მოვიგოთ ისე, რომ ისინი არ გავანადგუროთ და ცხოვრება არ გავუნადგუროთ. გარდატეხის ასაკში მნიშვნელოვანია დისკუსია, მსჯელობა. არა „შენ“ პოზიცია, რომ შენ ასეთი ხარ და ისეთი ხარ. ამაზე თავს ვიკავებთ და ამას არ ვეუბნებით. ხანდახან კი გინდა, რომ გაწიწკნო, მაგრამ სჯობს რომ ეს არ გააკეთო.“

„რაღაც შემთხვევაში ვახსენებთ მოზარდებს, რომ ისინი სრულწლოვანები არ არიან და ჩვენ ვართ მათზე პასუხისმგებლები. სწორედ ამიტომ ჩვენ ვითხოვთ ერთმანეთთან გამოცდილებების გაზიარებას. როდესაც ეს ყოველდღიურად წვეთავს ნელ-ნელა, ამას ყოველთვის მოაქვს შედეგი. არ უნდა გეშინოდეთ. როგორც წესი, თინეიჯერი შვილების მშობლებს თავიანთი შვილების ეშინიათ. გეშინია ემოციების, აფეთქების, დაკარგული გაქვს უკვე ავტორიტეტი. ამას უნდა შეეგუო. შენ ​ეს ავტორიტეტი თავიდან უნდა მოიპოვო. გარდატეხის ასაკი სწორედ ეს არის, რომ თინეიჯერმა ავტორიტეტები უნდა დაამსხვრიოს,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძე

წყარო: ​„მშობლები განათლებისთვის“

წაიკითხეთ სრულად