Baby Bag

„თითქოს ბავშვი ჯანმრთელია ყველანაირად, დარბის, უცებ ასტკივდა მუცელი და 24-48 საათში უკვე საოპერაციოში ხვდება,“- ბავშვთა ქირურგი მალხაზ კარტოზია აპენდიციტის ნიშნებზე

ბავშვთა ქირურგმა მალხაზ კარტოზიამ ბავშვებში აპდენდიციტის ნიშნები დაასახელა და მშობლებს მოუწოდა, რომ მსგავსი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში სიფრთხილე გამოიჩინონ და პედიატრს მიმართონ:

„პატარა ბავშვის შემთხვევაშიც, განსაკუთრებით ორი წლის ასაკიდან, რომელიც ჭირვეულობს, აუხსნელია ტკივილი, თუ ჭირვეულობის მიზეზი, აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ შესაძლებელია, აქ მიმდინარეობდეს მწვავე ქირურგიული პათოლოგია, როგორიც არის აპენდიციტი. თითქოს ბავშვი ჯანმრთელია ყველანაირად, დარბის, დახტის, უცებ ასტკივდა მუცელი და ეს პაციენტი, 24-48 საათში უკვე სტაციონარში ხვდება, საოპერაციოში ხვდება.

ბავშვთა ასაკში მუცლის ტკივილის შემთხვევაში ყოველთვის უნდა გვქონდეს მხედველობაში, რომ არ გამოგვეპაროს ქირურგიული პათოლოგია. პატარა ბავშვებში როდესაც იწყება მუდმივი ჭირვეულობა, როდესაც ბავშვს ცხელება წამოუვა, როდესაც ღებინების ეპიზოდია, როდესაც უძილო ღამეა, მშობლები ყოველთვის უნდა ვიყოთ ფხიზლად იმისთვის, რომ პირველივე ასეთ სიტუაციაში მივმართოთ პედიატრს,“- მოცემულ საკითხზე მალხაზ კარტოზიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ძალიან ხშირად ამბობენ: ამდენი კილო არასდროს ვყოფილვარ... ჩემი პასუხი არის: როდის იყავით ბოლოს ამ ასაკის?“ - ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა

„ძალიან ხშირად ამბობენ: ამდენი კილო არასდროს ვყოფილვარ... ჩემი პასუხი არის: როდის იყავით ბოლოს ამ ასაკის?“ - ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა

ენდოკრინოლოგმა ლაშა უჩავამ ჭარბწონიანობის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ ასაკს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს:

„სამწუხაროდ, ასაკთან ერთად ხდება ხოლმე წონის მატება. ძალიან ხშირად მომმართავენ, ამბობენ: „ამდენი კილო არასდროს ვყოფილვარ,“ ჩემი პასუხი არის: „როდის იყავით ბოლოს ამ ასაკის?“ ყველა ასაკს აქვს თავისი მატება და პრინციპები, თუ როგორ მივუდგეთ ამას. ​არის გარკვეული ასაკი, როდესაც კვებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა იმისთვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ წონა. გარკვეული ასაკის შემდგომ დგება მომენტი, როდესაც ფიზიკურ აქტივობას აქვს დიდი მნიშვნელობა.“

ლაშა უჩავას თქმით, ორგანიზმში მეტაბოლიზმი ყველაზე აქტიურია 15-35 წლის ასაკში:

„15-დან 35 წლამდე მეტაბოლური პროცესი მიმდინარეობს ყველაზე აქტიურად. ჩვენ თვითონაც მეტად აქტიურები ვართ, ამიტომ ზედმეტი ფიზიკური აქტივობა, თუ ზედმეტ კილოკალორიებს არ ვიღებთ, არ არის საჭირო. ამის ბალანსს აკეთებს ჩვენი ორგანიზმი. 35 წლის ზემოთ 45 წლამდე აუცილებელია ჩაერთოს გარკვეული ფიზიკური აქტივობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ფიტნეს დარბაზებში უნდა ვიაროთ. უბრალოდ ფეხით სიარული, სეირნობა ძალიან დადებით ეფექტებს გვაძლევს​. 45 წლის ზემოთ ფიზიკური დატვირთვა კიდევ მეტად უნდა გააქტიურდეს. ეს არამხოლოდ მეტაბოლურ პროცესებს ააქტიურებს ჩვენს ორგანიზმში, არამედ მნიშვნელოვანია ჩვენი კუნთოვანი და ძვალ-სახსროვანი სისტემისთვის. იმისთვის, რომ არ განვითარდეს ისეთი გართულებები, როგორიც არის ართროზები და ა.შ. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.“

„ქალბატონებმა დღის განმავლობაში უნდა მიიღონ დაახლოებით 1500-დან 2200 კილოკალორიამდე, მამაკაცებში ეს არის 1800-დან 2500 კილოკალორიამდე,“ - აღნიშნულ საკითხზე ლაშა უჩავამ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა ფორმულაზე“

წაიკითხეთ სრულად