Baby Bag

„როდესაც ქალს აქვს სარძევე ჯირკვლის მტკივნეულობა, ყურადღება უნდა მიაქციოს ორ ფაქტორს...“- გიორგი ღოღობერიძე

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ სარძევე ჯირკვლის მტკივნეულობის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა:

„სარძევე ჯირკვლის მტკივნეულობის პრობლემით ბევრი პაციენტი მომმართავს. მათ აინტერესებთ, უკავშირდება თუ არა ეს სიმსივნეს. სარძევე ჯირკვლის მტკივნეულობა შემთხვევათა 98%-ში არ უკავშირდება სიმსივნეს და როგორც წესი, შედარებით კეთილთვისებიანი დაავადებებით არის გამოწვეული. სიმსივნით გამოწვეული ტკივილი გვხვდება მხოლოდ 0,2-2%-ში. როდესაც ქალს აქვს სარძევე ჯირკვლის მტკივნეულობა, ყურადღება უნდა მიექცეს ორ ფაქტორს: უკავშირდება თუ არა ის მენსტრუალურ ციკლს და როგორი ხასიათისაა.

თუ ქალს სარძევე ჯირკვლის მტკივნეულობა აწუხებს ორივე მხარეს, განსაკუთრებით ზედა გარეთა კვადრატებში და ის იწყება მენსტუაციამდე 2 კვირით, ერთი კვირით ადრე, ეს ციკლური ხასიათის მასტალგიაზე მეტყველებს და ყველაზე გავრცელებული ტკივილია ჩვენს რეალობაში. ამ დროს იმატებს თავის ტვინში პროლაქტინის გამოყოფა, რის გამოც ჯირკვლოვანი მასა იზრდება ზომაში. ეს ტკივილი არის ან მსუბუქი ან საშუალო ინტენსივობის და მენსტრუაციის დაწყებისას ჩაცხრება. ეს კეთილთვისებიანი ტკივილია.

სარძევე ჯირკვლის აციკლური ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს მის უკან არსებული ქსოვილების დაზიანებით. ეს შეიძლება იყოს ძვლის, ხრტილის, კუნთის დაზიანება, ნერვის დაზიანება და ა.შ. ყურადღება მიაქციეთ ამ ტკივილს ახლავს თუ არა სხვა ნიშნები, მაგალითად, გამონაყარი სარძევე ჯირკვალზე, შეწითლება, შესიება იმდენად, რომ ტემპერატურა იმატებს, ხომ არ არის დვრილის მიდამოში გამონადენი ერთ ან ორივე მხარეს, ხომ არ არის დვრილის მიდამოში აქერცვლა, ქავილი, დვრილის ჩაბრუნება, ფორთხოლისებური კანის ფენომენი. თუ ამ ნიშნებს შენიშნავთ და დაინახავთ სარძევე ჯირკვლებს შორის გამოხატულ ასიმეტრიულობას, რომელიც აქამდე არ იყო და ახლა გაჩნდა, მაშინ სასურველია, რომ მიმართოთ მამოლოგს. ამ შემთხვევაში მეტი ყურადღება გვმართებს, რომ გავიგოთ, რამ გამოიწვია სარძევე ჯირკვლის მტკივნეულობა.

თუ თქვენ ისინჯავთ კვანძებს, მიუხედავად იმისა ისინი მოძრაობს, თუ არ მოძრაობს, მაინც მიმართეთ მამოლოგს. აუცილებელია სარძევე ჯირკვლის სიმსივნის მუდმივი სკრინინგი. სხვადასხვა ქვეყანაში ეს სკრინინგი იწყება სხვადასხვა ასაკიდან, ზოგან 45 წლიდან, ზოგან 50-დან,“- მოცემულ საკითხზე გიორგი ღოღობერიძემ „მთავარი არხის“ გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“ ისაუბრა.

წყარო:​ „მთავარი დიაგნოზი“

შეიძლება დაინტერესდეთ

როდის ვუშვებთ შეცდომას და რატომ არიან ჩვენი შვილები ტკბილეულზე მიჯაჭვულები

როდის ვუშვებთ შეცდომას და რატომ არიან ჩვენი შვილები ტკბილეულზე მიჯაჭვულები

როდის ვუშვებთ შეცდომას და რატომ არიან ჩვენი შვილები ტკბილეულზე მიჯაჭვულები? - ამ თემაზე პედიატრმა თამარ ობგაიძემ ისაუბრა:

„ტკბილი იგივე ნარკოტიკია, რომლისთვისაც თავის დანებება ძალიან რთულია. თუ ტკბილი ძალიან გიყვართ, სცადეთ და არ მიიღოთ გარკვეული პერიოდი. დაგეწყებათ თავის ტკივილი, სამუშაოს ვერ შეასრულებთ...“ - აღნიშნა პედიატრმა.

მისივე თქმით, ამ დამოკიდებულების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია, რომ პატარები თავიდანვე არ მივაჩვიოთ ტკბილს:

„გემოს რეცეპტორები 5-6 თვის ასაკში ყალიბდება. სწორედ ამ დროს ვაძლევთ პატარებს ფაფებს, პიურეებს, რომლებსაც მშობლები ატკბობენ (ხშირ შემთხვევაში შაქრით). ამიტომ ბავშვს ბუნებრივად უვითარდება ტკბილის სიყვარული. ყველა ბურღულს აქვს იმ რაოდენობის შაქარი, რომელიც სრულიად საკმარისია ჩვენი ორგანიზმისთვის. ერთადერთი, რითიც შეიძლება ფაფა დავატკბოთ, ეს არის ჩირი,“ - აღნიშნა თამარ ობგაიძემ.
წაიკითხეთ სრულად