Baby Bag

„როდესაც ქალს აქვს სარძევე ჯირკვლის მტკივნეულობა, ყურადღება უნდა მიაქციოს ორ ფაქტორს...“- გიორგი ღოღობერიძე

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ სარძევე ჯირკვლის მტკივნეულობის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა:

„სარძევე ჯირკვლის მტკივნეულობის პრობლემით ბევრი პაციენტი მომმართავს. მათ აინტერესებთ, უკავშირდება თუ არა ეს სიმსივნეს. სარძევე ჯირკვლის მტკივნეულობა შემთხვევათა 98%-ში არ უკავშირდება სიმსივნეს და როგორც წესი, შედარებით კეთილთვისებიანი დაავადებებით არის გამოწვეული. სიმსივნით გამოწვეული ტკივილი გვხვდება მხოლოდ 0,2-2%-ში. როდესაც ქალს აქვს სარძევე ჯირკვლის მტკივნეულობა, ყურადღება უნდა მიექცეს ორ ფაქტორს: უკავშირდება თუ არა ის მენსტრუალურ ციკლს და როგორი ხასიათისაა.

თუ ქალს სარძევე ჯირკვლის მტკივნეულობა აწუხებს ორივე მხარეს, განსაკუთრებით ზედა გარეთა კვადრატებში და ის იწყება მენსტუაციამდე 2 კვირით, ერთი კვირით ადრე, ეს ციკლური ხასიათის მასტალგიაზე მეტყველებს და ყველაზე გავრცელებული ტკივილია ჩვენს რეალობაში. ამ დროს იმატებს თავის ტვინში პროლაქტინის გამოყოფა, რის გამოც ჯირკვლოვანი მასა იზრდება ზომაში. ეს ტკივილი არის ან მსუბუქი ან საშუალო ინტენსივობის და მენსტრუაციის დაწყებისას ჩაცხრება. ეს კეთილთვისებიანი ტკივილია.

სარძევე ჯირკვლის აციკლური ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს მის უკან არსებული ქსოვილების დაზიანებით. ეს შეიძლება იყოს ძვლის, ხრტილის, კუნთის დაზიანება, ნერვის დაზიანება და ა.შ. ყურადღება მიაქციეთ ამ ტკივილს ახლავს თუ არა სხვა ნიშნები, მაგალითად, გამონაყარი სარძევე ჯირკვალზე, შეწითლება, შესიება იმდენად, რომ ტემპერატურა იმატებს, ხომ არ არის დვრილის მიდამოში გამონადენი ერთ ან ორივე მხარეს, ხომ არ არის დვრილის მიდამოში აქერცვლა, ქავილი, დვრილის ჩაბრუნება, ფორთხოლისებური კანის ფენომენი. თუ ამ ნიშნებს შენიშნავთ და დაინახავთ სარძევე ჯირკვლებს შორის გამოხატულ ასიმეტრიულობას, რომელიც აქამდე არ იყო და ახლა გაჩნდა, მაშინ სასურველია, რომ მიმართოთ მამოლოგს. ამ შემთხვევაში მეტი ყურადღება გვმართებს, რომ გავიგოთ, რამ გამოიწვია სარძევე ჯირკვლის მტკივნეულობა.

თუ თქვენ ისინჯავთ კვანძებს, მიუხედავად იმისა ისინი მოძრაობს, თუ არ მოძრაობს, მაინც მიმართეთ მამოლოგს. აუცილებელია სარძევე ჯირკვლის სიმსივნის მუდმივი სკრინინგი. სხვადასხვა ქვეყანაში ეს სკრინინგი იწყება სხვადასხვა ასაკიდან, ზოგან 45 წლიდან, ზოგან 50-დან,“- მოცემულ საკითხზე გიორგი ღოღობერიძემ „მთავარი არხის“ გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“ ისაუბრა.

წყარო:​ „მთავარი დიაგნოზი“

შეიძლება დაინტერესდეთ

მატულობს თუ არა ძუძუს კიბოს განვითარების რისკი ან იწვევს თუ არა ალუმინის შემცველი დეოდორანტები და ანტიპერსპირანტები ძუძუს კიბოს?

მატულობს თუ არა ძუძუს კიბოს განვითარების რისკი ან იწვევს თუ არა ალუმინის შემცველი დეოდორანტები და ანტიპერსპირანტები ძუძუს კიბოს?

მატულობს თუ არა ძუძუს კიბოს განვითარების რისკი ან იწვევს თუ არა ალუმინის შემცველი დეოდორანტები და ანტიპერსპირანტები ძუძუს კიბოს? - აღნიშნულ თემაზე სოციალურ ქსელში დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია შესაბამის ​კვლევაზე დაყრდნობით წერს.

„ამ მითის გავრცელების მიზეზი შემდეგია - პაციენტებს სხივური თერაპიის ჩატარების წინ რეკომენდაციას აძლევდნენ არ გამოეყენებინათ ალუმინის შემცველი ანტიპერსპირანტები რადიაციის დროს, რადგან პოტენციურად არსებობდა რისკი, რომ ალუმინმა შესაძლოა, გააღიზიანოს კანი, რომელმაც მიიღო რადიაციის გარკვეული დოზა. შემდეგ რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ალუმინი ამ გაღიზიანებასაც არ იწვევს.

ჩატარებულმა დიდმა კვლევამ, რომელშიც მონაწილეობდა 1600 ადამიანი, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ალუმინის შემცველი პროდუქცია უსაფრთხოა და არ ასოცირდება ძუძუს კიბოს განვითარებასთან.

ასე რომ, გამოიყენეთ ალუმინის შემცველი ანტიპერსპირანტები ოფლიანობის შესამცირებლად, რადგან მხოლოდ ის არის ამ მხრივ ეფექტური და არა სხვა არაფრის მომცემი მცენარეული საშუალებები“.

წაიკითხეთ სრულად