Baby Bag

„ერთი წლის ასაკის შემდეგ მე თვითონ ვნიშნავ ყველა ბავშვთან თაფლს,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე ბავშვებში ფუტკრის პროდუქტების გამოყენების შესახებ

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში ფუტკრის პროდუქტების გამოყენების შესახებ ისაუბრა და განმარტა რა შემთხვევაში არ უნდა გამოიყენონ მშობლებმა მსგავსი ტიპის პროდუქტები:

„წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის ფუტკრის პროდუქცია მოწოდებული, რომ არ განვითარდეს ალერგია. ზოგიერთ შემთხვევაში ბოტულიზმის ჩხირებით შეიძლება იყოს დაბინძურებული თაფლი და წლამდე ასაკის ბავშვების ბოტულიზმის ერთ-ერთი წყარო არის თაფლი. ერთი წლის ასაკის შემდეგ მე თვითონ ვნიშნავ ყველა ბავშვთან თაფლს. ხანდახან თაფლს, ლიმონს და ალოეს ვუმატებ ხოლმე ერთმანეთს და ყველა პაციენტს ამას ვთავაზობ, რომ მიიღონ დილას და საღამოს.

რაც შეეხება ყვავილის მტვერს, გირჩის მურაბას, ეს არის აბსოლუტური მითები. ეს მტვერი შეიძლება იყოს ალერგენი. მე ხშირად მინახავს მოყვავილე ყვავილებზე ალერგიის მქონე პაციენტები დამტვერვის პერიოდში მიჰყავთ ხოლმე კურორტებზე. თუ ეს ალერგია გვაქვს, ის პირიქით, შეიძლება გამწვავდეს. გირჩის მურაბა, ყვავილის მტვერი, ასეთი რეკომენდაციები არ არსებობს.

იმუნომოდულაციური და იმუნოსტიმულაციური საშუალებები არ არსებობს. რომ იყოს ასეთი საშუალება, არც ექიმი იქნებოდა, არც აფთიაქი. სწორი, ჯანსაღი ცხოვრება, ფიზიკური აქტივობა გამოიწვევს იმუნოსტიმულაციას და ბავშვები იქნებიან ჯანმრთელები,"- აღნიშნა თემურ მიქელაძემ. 

წყარო:​ LIFE FM

შეიძლება დაინტერესდეთ

„ეს აგრესია ჰაერიდან არ მოდის, ბავშვი აკეთებს იმიტირებას ყველაფერი იმის, რაც ხდება სახლის გარემოში,“ - მედეა ზირაქაშვილი

„ეს აგრესია ჰაერიდან არ მოდის, ბავშვი აკეთებს იმიტირებას ყველაფერი იმის, რაც ხდება სახლის გარემოში,“ - მედეა ზირაქაშვილი

ბავშვთა ნევროლოგმა მედეა ზირაქაშვილმა ბავშვის ქცევაზე ტემპერამენტის უდიდესი გავლენის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ხშირად ოჯახში რამდენიმე ბავშვია, მაგრამ ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან, რადგან განსხვავებული ტემპერამენტის ადამიანები არიან:

„კონსტიტუციური ფაქტორებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ტემპერამენტი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტემპერამენტს. ტყუილად არ არის ნათქვამი: „რთული ტემპერამენტის ადამიანია.“ ხალხი ბრძენია და ეს გამონათქვამები ჰაერიდან არ მოდის ხოლმე. შეიძლება ერთ ოჯახში იყოს რამდენიმე ბავშვი ერთნაირი აღზრდის პირობებში, მაგრამ ვიღაცას არ ჰქონდეს პრობლემები, ვიღაცასთან სირთულეები გაცილებით მეტი იყოს ქცევასთან, შფოთვასთან დაკავშირებით.“

მედეა ზირაქაშვილმა ხაზი გაუსვა მიჯაჭვულობის ეტაპის უდიდეს მნიშვნელობას ბავშვის ცხოვრებაში:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მიჯაჭვულობის ეტაპს, რომელიც ხშირად ავიწყდება მშობელს და უგულებელყოფა ხდება ამ ეტაპის, რომელიც არის ნული თვიდან წლინახევრამდე ან სამ წლამდე. რა არის ეს მიჯაჭვულობა და რა არის უსაფრთხო მიჯაჭვულობა, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია?! ეს არის გამზრდელ-აღსაზრდელის დამოკიდებულება. აქ არის საუბარი ნებისმიერ ადამიანზე, არამხოლოდ დედაზე. დედა შეიძლება არ იყოს და დედის ფუნქცია თავის თავზე აიღოს ნებისმიერმა სხვა ადამიანმა, რომელიც არ მოაკლებს სითბოს, არ მოაკლებს მზრუნველობას, არ მოაკლებს მხარდაჭერას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ასაკისთვის. მნიშვნელოვანია, ბავშვმა გაითავისოს, რომ არცთუ ისე მტრული განწყობაა ამქვეყანაზე, რომ არსებობენ კარგი ადამიანები, არსებობს საყრდენები, მსოფლიოში ბევრი პოზიტივია.“

მედეა ზირაქაშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარების დონეც:

„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია განვითარების დონე. წარმოიდგინეთ ბავშვი, რომელიც არ მეტყველებს. აუცილებლად უმეტეს შემთხვევაში გვაქვს მომატებული შფოთვა, არის ქცევის დარღვევა, არის მეტი აგრესია. აქ აუცილებლად იქნება „ნერვულო ფონი“ გაცილებით უფრო მაღალი. რაც შეეხება გარემო ფაქტორებს, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის მშობელი და გარემოცვა. ბავშვისთვის მშობელი არის მოდელი. ბავშვი აკეთებს იმიტირებას ყველაფერი იმის, რაც ხდება სახლის გარემოში. ეს აგრესია ჰაერიდან არ მოდის.“

„სახლის გარემოს გარდა არის სხვა სოციუმი. ასაკობრივი სოციუმი არის ბაღი და სკოლა. შეიძლება სახლში იყოს სიმშვიდე, მაგრამ თავის გადარჩენისთვის ბავშვს არა დარჩენია რა, გარდა იმისა, რომ ბაღსა და სკოლაში მგლის როლი მოირგოს. ადრეულ ასაკში ბავშვის აგრესიის გამოვლინება უმეტესად არის გარემოს და აღმზრდელების არასწორი დამოკიდებულების შედეგი,“ - აღნიშნულ საკითხებზე მედეა ზირაქაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად