Baby Bag

„ერთი წლის ასაკის შემდეგ მე თვითონ ვნიშნავ ყველა ბავშვთან თაფლს,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე ბავშვებში ფუტკრის პროდუქტების გამოყენების შესახებ

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში ფუტკრის პროდუქტების გამოყენების შესახებ ისაუბრა და განმარტა რა შემთხვევაში არ უნდა გამოიყენონ მშობლებმა მსგავსი ტიპის პროდუქტები:

„წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის ფუტკრის პროდუქცია მოწოდებული, რომ არ განვითარდეს ალერგია. ზოგიერთ შემთხვევაში ბოტულიზმის ჩხირებით შეიძლება იყოს დაბინძურებული თაფლი და წლამდე ასაკის ბავშვების ბოტულიზმის ერთ-ერთი წყარო არის თაფლი. ერთი წლის ასაკის შემდეგ მე თვითონ ვნიშნავ ყველა ბავშვთან თაფლს. ხანდახან თაფლს, ლიმონს და ალოეს ვუმატებ ხოლმე ერთმანეთს და ყველა პაციენტს ამას ვთავაზობ, რომ მიიღონ დილას და საღამოს.

რაც შეეხება ყვავილის მტვერს, გირჩის მურაბას, ეს არის აბსოლუტური მითები. ეს მტვერი შეიძლება იყოს ალერგენი. მე ხშირად მინახავს მოყვავილე ყვავილებზე ალერგიის მქონე პაციენტები დამტვერვის პერიოდში მიჰყავთ ხოლმე კურორტებზე. თუ ეს ალერგია გვაქვს, ის პირიქით, შეიძლება გამწვავდეს. გირჩის მურაბა, ყვავილის მტვერი, ასეთი რეკომენდაციები არ არსებობს.

იმუნომოდულაციური და იმუნოსტიმულაციური საშუალებები არ არსებობს. რომ იყოს ასეთი საშუალება, არც ექიმი იქნებოდა, არც აფთიაქი. სწორი, ჯანსაღი ცხოვრება, ფიზიკური აქტივობა გამოიწვევს იმუნოსტიმულაციას და ბავშვები იქნებიან ჯანმრთელები,"- აღნიშნა თემურ მიქელაძემ. 

წყარო:​ LIFE FM

შეიძლება დაინტერესდეთ

ბავშვის 3 ძირითადი მოთხოვნილება, რომელიც მას მშობელმა აუცილებლად უნდა დაუკმაყოფილოს - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ბავშვის 3 ძირითადი მოთხოვნილება, რომელიც მას მშობელმა აუცილებლად უნდა დაუკმაყოფილოს - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ბავშვის 3 ძირითადი მოთხოვნილება დაასახელა, რომელიც მას მშობელმა აუცილებლად უნდა დაუკმაყოფილოს:

„3 ძირითადი მოთხოვნილებააო, ასე ამბობენ ანალიტიკოსები. ერთი არის სარკისებური მოთხოვნილება. სარკეში რომ ჩაიხედავ და ეკითხები: ვინ არის ყველაზე ლამაზი? რა უნდა გიპასუხოს სარკემ? უნდა გიპასუხოს, რომ შენ ხარ. ამას ვინ გიკმაყოფილებს? მარტო მშობელი, სხვა ვერავინ, ისიც ბავშვობაში. მერე რამდენიც უნდა გეძახონ, ლამაზი ხარო, ვერ აკომპენსირებს.“

მარინა კაჭარავას თქმით, ბავშვს სჭირდება, რომ გვერდით მშობლის სახით იდეალური ადამიანი ჰყავდეს:

​მეორე მოთხოვნილება არის იდეალიზაციის. ადამიანს სჭირდება იდეალური ვიღაც, დედა ან მამა. „მამაჩემი ყველაზე ღონიერია, ახლა მოვა, ყველას გადაგყრით აქედან,“ - ბავშვი რომ ამბობს. როგორც ზრდასრულისთვის უსაფრთხოების გარანტი ღმერთია, ბავშვისთვის მარტო მშობელია ეს გარანტორი. მთელი უსაფრთხოება, როგორც ბავშვობაში, ასევე მომავალში დგას ბავშვობის გამოცდილებაზე. მე იდეალიზაცია მჭირდება. თუ ეს ვერ დამიკმაყოფილეს მშობლებმა, ადამიანზე ჩაციკვლა მემართება, ან ვეღარ ვიტან ადამიანს, ყველა ავტორიტეტი მძულს. დააკვირდით, ვინ ილანძღება, ვინც არის ბავშვობაში ძალიან ტრავმირებული. ეს ტრავმირებული ხალხია, რომლებიც ბავშვობაში თვითონ დასტრესილები არიან და ასე გამოხატავენ. ვისაც პატივისცემა არ აქვს, მას თვითონ არ სცეს პატივი არასდროს და არ იცის, რატომ უნდა სცეს ვინმეს პატივი.“

„მესამე არის, რომ ბავშვობიდან გვინდა ვგავდეთ სხვას. ძალიან გაშინებს, თუ არ ჰგავხარ. თუ ეს არ დაკმაყოფილდა, მერე რაღაცას იმატებს ადამიანი გარეგნობაში, რომ კომპენსაცია გაუკეთოს ამას,“ - აღნიშნულ საკითხზე მარინა კაჭარავამ „აზროვნების აკადემიაში“ ისაუბრა.

წყარო: ​„აზროვნების აკადემია“

წაიკითხეთ სრულად