Baby Bag

„საბავშვო ბაღში მოსიარულე ბავშვისთვის ცივ სეზონზე დასაშვები ავადმყოფობათა სიხშირე არის 10-12-ჯერ ავადობა,“ - პედიატრი ცოტნე ბესელია

პედიატრმა ცოტნე ბესელიამ ბავშვებში ხშირი ავადობის საკითხზე ისაუბრა და განმარტა, რომელ ასაკში არ არის საყურადღებო ცივ სეზონზე ბავშვების ხშირი ავადობა:

„განვმარტოთ, რას ნიშნავს ხშირად მოავადე ბავშვი. საბავშვო ბაღში მოსიარულე ბავშვი, მით უმეტეს, თუ არის პირველი წელი, როდესაც ის შედის ბაღში, ამ დროს ცივ სეზონზე ისინი ხშირად ავადობენ. ცივ სეზონზე დასაშვები ავადმყოფობათა სიხშირე არის 10-12-ჯერ ავადობა. ეს არის ასაკზე დამოკიდებული და ასევე იმაზე, რა კოლექტივშია ბავშვი. საბავშვო ბაღში ეს დასაშვებია. როდესაც ბავშვი არის სასკოლო ასაკში, მაშინ ეს იქნება უფრო ყურადსაღები. სასკოლო ასაკში 8-ჯერ, 10-ჯერ, 12-ჯერ ავადობა წელიწადში უკვე სხვა რაღაცაზე მიანიშნებს ექიმს და მშობელს. ნუ შეეშინდებათ მშობლებს. ბავშვი, რომელიც საბავშვო ბაღში დადის, იმან ხშირად უნდა იავადმყოფოს.

ნურც იმის შეეშინდებათ მშობლებს, რომ ხშირად ამბობენ: „რაც ცივი სეზონი დადგა, ოქტომბრიდან მაისამდე ბავშვი სულ ახველებს. ხომ არ შეიძლება სულ ახველებდეს? რაშია საქმე?“ პოსტ-ინფექციურ პერიოდში, როდესაც ბავშვი გადის ბაღში, ახალი მიკრობი მოქმედებს და მწვავდება ჩივილები. ამიტომ არის ეს გადაბმული, მშობლისთვის ერთი შეხედვით გაუთავებელი ჩივილები. მშობელს უნდა, რომ ეს ხველა ერთ რაღაცასთან დააკავშიროს. ასე არ არის. ეს არის მორიგი მწვავე რესპირაციული დაავადება, მორიგი პოსტ-ინფექციური პერიოდებით. ნუ შეეშინდება ამის მშობელს,“- მოცემულ საკითხზე ცოტნე ბესელიამ „რადიო ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„რადიო ფორტუნა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

​რა ფსიქოლოგიური ზიანი შეიძლება მიაყენოს ბავშვს ადრეულ ასაკში წონაზე ყურადღების გამახვილებამ?

​რა ფსიქოლოგიური ზიანი შეიძლება მიაყენოს ბავშვს ადრეულ ასაკში წონაზე ყურადღების გამახვილებამ?

რა ფსიქოლოგიური ზიანი შეიძლება მიაყენოს ბავშვს ადრეულ ასაკში წონაზე ყურადღების გამახვილებამ? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი, ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი, მარი ჯოხარიძე.

- ხშირად, როდესაც ბავშვს ჭარბი წონა აქვს ან პირიქით, ძალიან გამხდარია, მშობლები წონაზე უმახვილებენ ყურადღებას. რა ფსიქოლოგიური ზიანი შეიძლება მიაყენოს ბავშვს ადრეულ ასაკში?

მშობლები შვილებს ხშირად აკრიტიკებენ იმ მოტივით, რომ მათთვის საუკეთესო სურთ, უმახვილებენ ყურადღებას იმაზე, რაც მათი აზრით შესაცვლელი, გამოსასწორებელია. ერთი შეხედვით ,,უწყინარ შენიშვნას” ძალიან დიდი ზოგავლენის მოხდენა შეუძლია ბავშვი ქცევაზე და მომავალში, ზრდასრულობისას, მის თვითშეფასებაზე. დააკვირდით ბავშვებს, როცა რამეს წარმატებით აკეთებენ, ყოველთვის მშობლის რეაქციას აკვირდებიან. ყველაზე მეტად მათგან უხარიათ შექება და ყველაზე მეტად მათ კრიტიკას განიციდან.

- შესაძლოა თუ არა, ადრეულ ასაკში, წონასთან დაკავშირებით მშობლის მიერ არასწორად გაკეთებულმა კომენტარმა, თინეიჯერობის ან მოზრდილ ასაკში კვებითი ქცევის დარღვევა გამოიწვიოს?

რაც შეეხება კვებით აშლილობას, ბულემია, ანორექსია, უკონტროლო კვება (binge eating disorder), მათი გამომწვევი მიზეზი კომპლექსურია. ძირითათად თინეიჯერობისას ვლინდება ან მოგვიანებით, თუმცა, ადრეულ ასაკში სწორად მიწოდებული ინფორმაცია, საკუთარი თავის მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბება მომავალში ბევრ მსგავს პრობლემას აგავარიდებს თავიდან.

- როგორ უნდა მივაწოდოთ ბავშვს ინფორმაცია ისე, რომ არ დავაზიანოთ მისი ფსიქიკა?

  • წონაზე საუბრისას წაახალისეთ თქვენი შვილი რომ გაგიზიაროთ თავისი აზრები, გრძნობები სხეულის შესახებ;
  • აუხსენით რომ ადამიანების სხვადასხვა ფორმის და ზომის არიან და ეს განსხვავება ნორმალურია, თქვენ კი ძალიან გიყვართ და გეყვარებათ, როგორი წონა და ფორმაც არ უნდა ქონდეს მის სხეულს;
  • არ გააკეთოთ უარყოფითი კომენტარები არც თქვენი შვილის, არც საკუთარი და არც სხვა ადამიანის წონაზე;
  • აუხსენით ბავშვს რომ თუ მის წონაზე საუბრობთ ეს ხდება იმიტომ, რომ გინდათ ჯანმრთელი გაიზარდოს და არა იმიტომ, რომ გინდათ სხვანაირად გამოიყურებოდეს;
  • ესაუბრეთ იმაზე თუ რა საოცარი რამეების გაკეთება შეუძლია სხეულს განურჩევლად ფორმებისა და ზომებისა.

გააკეთეთ აქცენტი იმაზე თუ რა შეუძლია გააკეთოს ბავშვმა საკუთარი ჯანმრთელობისთვის, ისაუბრეთ ჯანსაღი კვების და ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობაზე.

არასდროს უთხრათ ბავშვს რომ რამის ჩაცმა ან კეთება არ შეიძლება წონის გამო.

თუ მშობელი თავადაც ცდილობს წონის მომატება ან დაკლებას უნდა აუხსნას ბავშვს, რომ ამას აკეთებს ჯანმრთელობის, ენერგიის გაუმჯობესებისთვის და მოერიდოს საუბარს დიეტაზე და იმაზე თუ როგორ გამოიყურება.

არ გააკრიტიკოთ ბავშვი მისი კვებითი ჩვევების გამო. ,,ძალიან ბევრს ჭამ“, ან ,,საერთოდ არაფერს ჭამ“, განსაკუთრებით სხვა ადამიანების წინაშე. ამის ნაცვლად ეცადეთ, რომ მისცეთ მაგალითი და ერთად შეიძინოთ ახალი სასარგებლო კვებითი ჩვევები. შეგიძლიათ ერთად მოიძიოთ ინფორმაცია იმ საკვებზე და ფიზიკურ აქტივობებზე, რაც თავს უფრო ჯანმრთელად და აქტიურად გაგრძნობინებთ.

თუ ბავშვთან რომელიმე თემაზე საუბრის დაწყება გიჭირთ, ამის გამო თავი არ აარიდოთ. თუ მშობელი რომელიმე თემას თავს არიდებს, შეიძლება ბავშვმა ჩათვალოს რომ რამე სამარცხვინო და უხერხულია ამაში. მოიძიეთ ინფორმაცია, მომეზადეთ ამ თემისთვის, თუ საჭირო გახდა ჰკითხეთ სპეციალისტს. ბავშვები ინფორმაციას მაინც მიიღებენ, რისთვისაც მიღების უამრავი წყარო არსებობს, თუმცა ყველა მათგანი არაა უსაფრთხო. უმჯობესია მისთვის მგრძნობიარე საკითხებზე უსაფრთხო, სანდო გარემოში მიიღოს სწორი ინფორმაცია იმ ადამიანებისგან, ვისაც მასზე დიდი გავლენა აქვს.

ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად