Baby Bag

რა ასაკიდან უნდა დაიწყოს მშობელმა ბავშვის სიმაღლეზე ზრუნვა? - ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა

ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ ბავშვის სიმაღლეში ზრდაზე ზრუნვის გზებზე ისაუბრა და ის სადიაგნოსტიკო კვლევები დაასახელა, რომელიც სიმაღლეში ზრდის ჩამორჩენის პრობლემის იდენტიფიცირებაში დაგვეხმარება:

„ბავშვი როგორც კი დაიბადება, უმეტესობა ვიწყებთ D ვიტამინის მიცემას, პერიოდულად ვაძლევთ ვიტამინებს. ეს უკვე პროფილაქტიკაა მომავლისთვის ბავშვის ზრდა-განვითარებასთან მიმართებაში. მშობლისთვის ცოტა რთულია ბავშვის ზრდა-განვითარების შეფასება. თუ შევამჩნევთ, რომ თანატოლებთან მიმართებაში ბავშვი ცოტა ჩამორჩება ზრდა-განვითარებაში, ან თუ ვხედავთ, რომ ბავშვმა წელიწადში 4 სანტიმეტრზე მეტი არ მოიმატა, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე ყურადღება უნდა მივაქციოთ და შევაფასოთ მდგომარეობა.

თუ ვხედავთ, რომ ბავშვმა უკვე მიაღწია 13-14 წლის ასაკს და არ უახლოვდება გენეტიკურად მიცემულ სიმაღლეს, რა თქმა უნდა, ყურადღება უნდა მიექცეს.

ყველაზე კარგი სადიაგნოსტიკო ტესტი არის მტევნის რენტგენოლოგიური კვლევა. მტევნის მიდამოში ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ძვალი, რომელიც სხვადასხვა ასაკში ვითარდება. თუ ჩვენ ამ კვლევაზე გვაქვს ზრდის ჩამორჩენა საპასპორტო ასაკთან მიმართებაში ერთ წელზე მეტი ასეთ შემთხვევაში უნდა ინახოს ორგანიზმში ზრდის ჰორმონის მაჩვენებელი. ზრდის ჰორმონის ტესტი არ არის ადვილი გასაკეთებელი. ეს არის 2-საათიანი ტესტი. ბავშვი ტესტირების დროს უნდა იყოს სტაციონარში,“- მოცემულ საკითხზე შოთა ჯანჯღავამ „მთავარი არხის“ გადაცემაში „შენი დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„შენი დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ყველაზე დიდი რისკი, სადაც შეიძლება თრომბი ჩამოყალიბდეს, ეს არის ქვედა კიდურები, პროცესი იქ იწყება,“ - ეპიდემიოლოგი ეკატერინე ქარქაშაძე

„ყველაზე დიდი რისკი, სადაც შეიძლება თრომბი ჩამოყალიბდეს, ეს არის ქვედა კიდურები, პროცესი იქ იწყება,“ -  ეპიდემიოლოგი ეკატერინე ქარქაშაძე

ეპიდემიოლოგი ეკატერინე ქარქაშაძე სახლში მყოფ ადამიანებს, რომლებიც ​კოვიდ-19-ის დამარცხებას ცდილობენ, საინტერესო რჩევებს აძლევს. მისი თქმით საზოგადოებაში პანიკა მატულობს, რაც უნდა გადავლახოთ:

„პანიკა იმატებს, განსაკუთრებით მას მერე, რაც ადამიანებმა გაიგეს, რომ ამ დაავადებას თრომბოემბოლიის რისკი ახასიათებს. თრომბოემბოლიის რისკი სხვა ვირუსულ ინფექციებსაც ახასიათებს. ღორის გრიპის აფეთქების დროსაც იქნა ნანახი თრომბოემბოლიის დონის მატება. ამაზე ნუ დავპანიკდებით. მართალია, ეს ძალიან საშიში გართულებაა, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ ყველაში იყოს, პირიქით, მცირე ნაწილში ვითარდება. ჩვენ გადავიტანეთ ღორის გრიპის ეპიდემია და ამ პანდემიის გადალახვაც მოგვიწევს. სახლში დარჩენილი ადამიანი ხშირად იბნევა, ვარდება პანიკაში. უმეტეს შემთხვევაში დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად. ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს, მაგრამ მაინც დამშვიდებისთვის კარგია. სახლში ყოფნისას ხშირად გავანიავოთ ოთახი, რომ ჟანგბადი მივაწოდოთ ფილტვებს. სითხე უნდა მივიღოთ დიდი რაოდენობით, ​განსაკუთრებით კარგი იქნება ლიმონიანი ჩაი. თრომბოემბოლიის რისკის შესამცირებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოძრაობა. შეიძლება, ბევრს გაუკვირდეს, როგორ უნდა იმოძრაოს ბინის პირობებში. მთავარი არის ფეხების მოძრაობა, ფეხები უნდა ამოძრაოს ადამიანმა, ბუქნები გააკეთოს. ყველაზე დიდი რისკი, სადაც შეიძლება თრომბი ჩამოყალიბდეს, ეს არის ქვედა კიდურები, პროცესი იქიდან იწყება.“

ეკატერინე ქარქაშაძე აღნიშნავს, რომ თრომბის განვითარებას წინმსწრები სიმპტომატიკა ყოველთვის არ აქვს, თუმცა ის წამიერად არ ვითარდება:

„შეიძლება თრომბი ისე განვითარდეს, რომ ჩვენ არაფერი ვიცოდეთ. ორგანიზმში ის, რა თქმა უნდა, არ ვითარდება წამებში. ეს პროცესი მიდის, იწყება კასკადი, ​წარმოიქმნება თრომბი, განსაკუთრებით ხშირად ქვედა კიდურის ვენებში, შემდეგ იშლება, ისევ წარმოიქმნება. დაშლილი თრომბის ნაწილები თუ გაიჭედა მნიშვნელოვან სასიცოცხლო ორგანოში, იქ ხდება პრობლემა. პოპულარულ ენაზე რომ ვთქვათ, ორგანო ჩერდება. ეს იწვევს იმ მძიმე შედეგს. ზოგჯერ შეიძლება ამის გამოვლენა საერთოდ არ იყოს. თუ ქვედა კიდურებშია თრომბის პრობლემა, შეიძლება მოხდეს კიდურის შესიება. სისხლის შედედებას დაბუჟებაც ახასიათებს, მაგრამ დაბუჟება სხვა მიზეზითაც შეიძლება იყოს. თუ ადამიანს ოდნავ ხელი დაუბუჟდა, ნუ იფიქრებთ, რომ ეს აუცილებლად თრომბოემბოლიის რისკია. ეს ძალიან იშვიათად ხდება. უსიმპტომო პაციენტებში თრომბოემბოლია ძალიან იშვიათია. თრომბოემბოლია ძირითადად ვითარდება კოვიდ-19-ის მძიმე ფორმების დროს. როდესაც ეს ხდება მთელი კასკადი ვითარდება, რასაც თან ახლავს სიმპტომები, არის ცხელება. ძალიან იშვიათია, რომ უსიმპტომო პაციენტში ეს პროცესი მიდიოდეს.“

„იდეალური იქნებოდა, რომ ყველას ჰქონდეს ტესტირების შესაძლებლობა. თუ ეს ვერ ხერხდება, ნუ დავპანიკდებით. სიცხე არ ნიშნავს, რომ კოვიდ-19 მძიმედ მიმდინარეობს. ყელის ტკივილიც ვირუსით გამოწვეული პატარა ცვლილება და რესპირატორული დარღვევაა. ხშირად ეს ვირუსული ინფექცია მხოლოდ ამით შემოიფარგლება. თუ პაციენტს აქვს მხოლოდ სიცხე, ხველა, თავის ტკივილი, ყნოსვის დაკარგვა, ეს არ ნიშნავს, რომ რამე ცუდი ხდება. ეს ჩვეულებრივი მახასიათებელია დაავადების. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? ყველაზე მნიშვნელოვანია სუნთქვა. ​თუ არის ქოშინი, ტკივილი მკერდის არეში, ხედავთ, რომ ტუჩებმა ან კანმა ფერი შეიცვალა, ეს არის სიგნალი, რომ სასწრაფოდ დაუკავშირდეთ ექიმს. ზოგჯერ არის პანიკის ფონზე სუნთქვის უკმარისობა. მაინც უნდა ჩავაყენოთ ამ დროს ოჯახის ექიმი საქმის კურსში,“ - აცხადებს ეკატერინე ქარქაშაძე.

წყარო: ​ახალი დღე

წაიკითხეთ სრულად