Baby Bag

რა ასაკიდან უნდა დაიწყოს მშობელმა ბავშვის სიმაღლეზე ზრუნვა? - ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა

ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ ბავშვის სიმაღლეში ზრდაზე ზრუნვის გზებზე ისაუბრა და ის სადიაგნოსტიკო კვლევები დაასახელა, რომელიც სიმაღლეში ზრდის ჩამორჩენის პრობლემის იდენტიფიცირებაში დაგვეხმარება:

„ბავშვი როგორც კი დაიბადება, უმეტესობა ვიწყებთ D ვიტამინის მიცემას, პერიოდულად ვაძლევთ ვიტამინებს. ეს უკვე პროფილაქტიკაა მომავლისთვის ბავშვის ზრდა-განვითარებასთან მიმართებაში. მშობლისთვის ცოტა რთულია ბავშვის ზრდა-განვითარების შეფასება. თუ შევამჩნევთ, რომ თანატოლებთან მიმართებაში ბავშვი ცოტა ჩამორჩება ზრდა-განვითარებაში, ან თუ ვხედავთ, რომ ბავშვმა წელიწადში 4 სანტიმეტრზე მეტი არ მოიმატა, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე ყურადღება უნდა მივაქციოთ და შევაფასოთ მდგომარეობა.

თუ ვხედავთ, რომ ბავშვმა უკვე მიაღწია 13-14 წლის ასაკს და არ უახლოვდება გენეტიკურად მიცემულ სიმაღლეს, რა თქმა უნდა, ყურადღება უნდა მიექცეს.

ყველაზე კარგი სადიაგნოსტიკო ტესტი არის მტევნის რენტგენოლოგიური კვლევა. მტევნის მიდამოში ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ძვალი, რომელიც სხვადასხვა ასაკში ვითარდება. თუ ჩვენ ამ კვლევაზე გვაქვს ზრდის ჩამორჩენა საპასპორტო ასაკთან მიმართებაში ერთ წელზე მეტი ასეთ შემთხვევაში უნდა ინახოს ორგანიზმში ზრდის ჰორმონის მაჩვენებელი. ზრდის ჰორმონის ტესტი არ არის ადვილი გასაკეთებელი. ეს არის 2-საათიანი ტესტი. ბავშვი ტესტირების დროს უნდა იყოს სტაციონარში,“- მოცემულ საკითხზე შოთა ჯანჯღავამ „მთავარი არხის“ გადაცემაში „შენი დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„შენი დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„შვილიც კი არ უნდა გიყვარდეს შენს მეუღლეზე მეტად, არც მშობელი, არც არავინ,“ - დეკანოზი შალვა კეკელია

„შვილიც კი არ უნდა გიყვარდეს შენს მეუღლეზე მეტად, არც მშობელი, არც არავინ,“ - დეკანოზი შალვა კეკელია

დეკანოზმა შალვა კეკელიამ მეუღლეებს შორის სიყვარულის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ადამიანს მეუღლეზე მეტად არავინ უნდა უყვარდეს:

„თქვენ ერთმანეთზე მეტად არავინ არ უნდა გიყვარდეთ. შვილიც კი არ უნდა გიყვარდეს შენს მეუღლეზე მეტად, არც მშობელი, არც არავინ. განა ეს იმას ნიშნავს, რომ მშობელი არ გიყვარს ან შვილი, პირიქით, ცოლ-ქმრული სიყვარულის შემდეგ​ უფრო მეტად გიყვარს შენი მშობელი, შენი შვილი. შენი სიყვარული ღმერთით იწყება. საზომი სიყვარულისა არის ღმერთი. ადამიანი უნდა გიყვარდეს ღმერთიდან. როდესაც ადამიანი ღმერთიდან გიყვარს, ის სხვანაირად გიყვარს.“

დეკანოზმა ეგოისტური სიყვარულის სისუსტეებს გაუსვა ხაზი და სწორი სიყვარულის აუცილებლობაზე ისაუბრა:

„მშობლებს ემართებათ ხოლმე შვილების მიმართ ეგოიზმი. როდესაც შენ გიყვარს შენი შვილი შენი შვილისთვის, როდესაც შენი მეუღლე გიყვარს შენი მეუღლისთვის, მაშინ შენ მარტივად შეგიძლია ეს ყველაფერი დათმო, რომ მისთვის იცხოვრო. ადამიანი რომ გარდაიცვლება, თუ დაკვირვებიხართ, როგორ ტირიან ადამიანები, „აწი მე რაღა მეშველება?!“ - ყველა ამას ამბობს. შენ როგორ ხარო, კი არავინ კითხულობს. ჩვენ რა გვეშველება, ჩვენ როგორ ვიქნებით შენ გარეშე, შენ რომ აღარ მეყოლები, მე რა ვქნაო, ამას ამბობენ. ​თავისთვის სჭირდებოდა ადამიანს მეუღლე, მამა, დედაც, ძმაც. მე კი არ მინდოდა, რომ მისთვის გამეღო თავი. ამიტომაც, მე რაღა მეშველებაო, ვამბობთ ყველაფერში.“

დეკანოზ შალვა კეკელიას თქმით, არავის აქვს უფლება ცოლ-ქმარს შორის ჩადგეს და ოჯახის დანგრევას შეუწყოს ხელი:

„ცოლ-ქმრობაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისწავლოთ ერთმანეთის სიყვარული. ​ცოლ-ქმარი ერთი ხორცი ხდება, ერთი სული ხდება. ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ განაშორებს. ვაი იმ ადამიანს, ვინც ცოლ-ქმრობას შორის ჩადგება. შეიძლება ეს დედაც იყოს. შეიძლება იყოს დედა, რომელიც საკუთარ შვილს ვერ შეელია, ვერ დაუთმო რძალს. შემდეგ სულ კონფლიქტია ამის გამო. მან ეგოისტურად საკუთარი თავისთვის შეიყვარა შვილი, ვერ თმობს, ვერ ელევა, არ შეუძლია, რომ ის იყოს ბედნიერი, ის იყოს გახარებული. ამის შეგრძნება მას არ აქვს.“

„ადამიანებმა სწორი სიყვარული უნდა ისწავლონ. როდესაც სწორ სიყვარულს სწავლობ, მერე ყველაფერი სხვანაირია შენთვის. ​შენ არ შეგიძლია სხვა ადამიანები ლანძღო. პატრიარქი არის მაგალითი სწორი სიყვარულისა. ერთ მაგალითს თუ მაინც მეტყვით, როდესაც პატრიარქმა რომელიმე ადამიანი გაარჩია. ვინც ლანძღავს, იმათ წინააღმდეგაც კი არასდროს არაფერს ამბობს. მე მითქვამს ასეთი რამ ადამიანზე. რამდენი შემთხვევაა, რომ შვილი ბინას წააგებს, გაყიდის, მაგრამ დედას ის მაინც უყვარს. ისევ მის გვერდით არის. ამიტომაც არის მთავარი სიყვარული დედობრივი სიყვარული, მიუხედავად იმისა, რომ ცოლ-ქმრობა უპირატესია,“ - აღნიშნულ თემებზე დეკანოზმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო:​ „განთიადი“

წაიკითხეთ სრულად