Baby Bag

რა ასაკიდან უნდა დაიწყოს მშობელმა ბავშვის სიმაღლეზე ზრუნვა? - ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა

ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ ბავშვის სიმაღლეში ზრდაზე ზრუნვის გზებზე ისაუბრა და ის სადიაგნოსტიკო კვლევები დაასახელა, რომელიც სიმაღლეში ზრდის ჩამორჩენის პრობლემის იდენტიფიცირებაში დაგვეხმარება:

„ბავშვი როგორც კი დაიბადება, უმეტესობა ვიწყებთ D ვიტამინის მიცემას, პერიოდულად ვაძლევთ ვიტამინებს. ეს უკვე პროფილაქტიკაა მომავლისთვის ბავშვის ზრდა-განვითარებასთან მიმართებაში. მშობლისთვის ცოტა რთულია ბავშვის ზრდა-განვითარების შეფასება. თუ შევამჩნევთ, რომ თანატოლებთან მიმართებაში ბავშვი ცოტა ჩამორჩება ზრდა-განვითარებაში, ან თუ ვხედავთ, რომ ბავშვმა წელიწადში 4 სანტიმეტრზე მეტი არ მოიმატა, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე ყურადღება უნდა მივაქციოთ და შევაფასოთ მდგომარეობა.

თუ ვხედავთ, რომ ბავშვმა უკვე მიაღწია 13-14 წლის ასაკს და არ უახლოვდება გენეტიკურად მიცემულ სიმაღლეს, რა თქმა უნდა, ყურადღება უნდა მიექცეს.

ყველაზე კარგი სადიაგნოსტიკო ტესტი არის მტევნის რენტგენოლოგიური კვლევა. მტევნის მიდამოში ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ძვალი, რომელიც სხვადასხვა ასაკში ვითარდება. თუ ჩვენ ამ კვლევაზე გვაქვს ზრდის ჩამორჩენა საპასპორტო ასაკთან მიმართებაში ერთ წელზე მეტი ასეთ შემთხვევაში უნდა ინახოს ორგანიზმში ზრდის ჰორმონის მაჩვენებელი. ზრდის ჰორმონის ტესტი არ არის ადვილი გასაკეთებელი. ეს არის 2-საათიანი ტესტი. ბავშვი ტესტირების დროს უნდა იყოს სტაციონარში,“- მოცემულ საკითხზე შოთა ჯანჯღავამ „მთავარი არხის“ გადაცემაში „შენი დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„შენი დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

​„ნიუ ჰოსპიტალსში“ არსებული დენსიტომეტრით ბარძაყის ყელის მოტეხილობის რისკი წინასწარ შეიძლება დადგინდეს

​„ნიუ ჰოსპიტალსში“ არსებული დენსიტომეტრით ბარძაყის ყელის მოტეხილობის რისკი წინასწარ შეიძლება დადგინდეს
დენსიტომეტრია რადიოლოგიური კვლევაა, რომლის საშუალებით შესაძლებელია ძვლის დაავადებების გართულებების წლებით ადრე დიაგნოსტირება და შესაბამისად, პრევენციული ზომების მიღება. კერძოდ, ეს კვლევა გამოიყენება არა მხოლოდ ძვლის მიმდინარე დაავადებების დიაგნოსტირებისთვის, არამედ, ოსტეოპოროზის ადრეული დიაგნოსტირებისვის.
​MomsEdu.ge „ნიუ ჰოსპიტალსის“ რადიოლოგს, ნინო ღამბაშიძეს ეწვია და ამ თემის ირგვლივ საინტერესო ინფორმაცია მოამზადა.
ნინო ღამბაშიძე: „დენსიტომეტრია ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად აღიარებული ორმაგენერგეტიკული რენტგენოაბსორბციომეტრია, რომელიც იძლევა ზუსტ დასკვნას ძვლის მინერალის სიმკვრივისა შესახებ“.
- რა არის ოსტეოპოროზი და როდის ვლინდება?
ნინო ღამბაშიძე: „ოსტეოპოროზი ძვლოვანი სისტემის დაავადებაა, რომლის დროსაც აღინიშნება ძვლის მასის შემცირება და სიმყიფის გაზრდა, შესაბამისად, მოტეხილობის რისკიც მაღალია. აღსანიშნავია, რომ ოსტეოპოროზისთვის არ არის დამახასიათებელი კონკრეტული კლინიკური ნიშანი, ის შეიძლება წლების განმავლობაში ჩივილების გარეშე მიმდინარეობდეს და მოტეხილეობის შემდეგ გამოვლინდეს, თუმცა შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე, ყველაზე ხშირი სიმპტომი, როგორებიცაა: წელის და ზურგის ტკივილი, სიმაღლეში კლება 2 ან მეტი სანტიმეტრით, სხეულის დეფორმაციები და ტანდეგობის დარღვევა (გულმკერედის კიფოზი, კუზი), სახსრების ტკივილი“.
- როდის არის მიზანშეწონილი დენსიტომეტრიული კვლევის ჩატარება?
ნინო ღამბაშიძე: „კვლევის ჩატარება რეკომენდებულია იმ პაციენტთათვის, რომლებიც მიეკუთვნებიან ოსტეოპოროზის განვითარების რისკ-ჯგუფებს. რისკ-ჯგუფებში შედიან: პოსტმენოპაუზური ასაკის ქალბატონები; მამაკაცები, რომლებშიც დაბალია ტესტოსტერონის დონე; პაციენტები, რომლებსაც აქვთ ოსტეოპოროზული მოტეხილობის ოჯახური ისტორია ან თვითონ მოტეხილობები ანამნეზში; პაციენტები, რომლებსაც აქვთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები: მალაბსორბცია, ცელიაკია, ნაწლავის ანთებითი დაავადებები, პანკრეასის დაავადებები, ასევე, ენდოკრინული სისტემის დაავადებები - შაქრიანი დიაბეტი, თირეოტოქსიკოზი, პირველადი ჰიპერპარათირეოიდიზმი; რევმატოიდული დაავადებები: რევმატოიდული ართრიტი, სისტემური წითელი მგლურა;
ისეთი მედიკამენტების ხანგრძლივად მიღება, როგორებიცაა: პრედნიზოლონი, დექსამეტაზონი, ანტიკოაგულანტები (ჰეპარინი), თიროიდული ჰორმონები ასევე იწვევენ ოსტეოპოროზის განვითარებას;
კვებითი დარღვევები: კალციუმის, D ვიტამინისა და ცილის შემცველი საკვების არასაკმარისი მოხმარება;
ნიკოტინის, ალკოჰოლისა და ყავის ჭარბი მოხმარება;
ნაკლები ფიზიკური აქტივობა“.
- რა ასაკობრივი ჯგუფისთვის არის რეკომენდებული დენსიტომეტრიული კვლევა?
ნინო ღამბაშიძე: „50 წელს ზემოთ პაციენტებში უფრო მაღალია ოსტეოპოროზის განვითარების რისკი. ჯანმოს მონაცემებით, მსოფლიოში 50 წლის ზემოთ ყოველი მე-3 ქალი და ყოველი მე-5 მამაკაცი დაავადებულია ოსტეოპოროზით, თუმცა, ყველა ასაკში შეიძლება გამოიხატოს, თუ პაციენტი მიეკუთვნება ოსტეოპოროზის განვითარების რისკ-ჯგუფებს“.
- როგორ მიმდინარეობს დენსიტომეტრიული კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“?
ნინო ღამბაშიძე: „კვლევა ეფუძნება რენტგენის სხივების გამოყენებას, თუმცა გამოსხივების ხარისხი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე სტანდარტული რენტგენული კვლევის დროს, ამიტომ ეს მეთოდი პრაქტიკულად უსაფრთხოდ, მცირეინვაზიურად მიიჩნევა. კვლევა არ მოითხოვს წინასწარ მომზადებას და კვლევის ჩატარების უკუჩვენება მხოლოდ ორსულობაა.

„ნიუ ჰოსპიტალსში“ გვაქვს Osteosy-ის ულტრათანამედროვე Excellus დენსიტომეტრი, რომლის საშუალებითაც ხდება ძვლის სიმკვრივის დადგენა წელის მალების პირდაპირ და გვერდით პოზიციაში, მენჯ-ბარძაყის და წინამხრის არეში, ამასთანავე Frax კალკულატორის საშუალებით ხდება ბარძაყის ყელის მოტეხილობის 10-წლიანი რისკის დადგენა“.

ესაუბრა მარიამ ჩოაქური

R.​

წაიკითხეთ სრულად