Baby Bag

„კენჭების არსებობა ნაღვლის ბუშტის კიბოს განვითარების წინაპირობაა“ - ინტერვიუ მალხაზ მიზანდართან

„კენჭების არსებობა ნაღვლის ბუშტის კიბოს განვითარების წინაპირობაა“ - ინტერვიუ მალხაზ მიზანდართან

ნაღვლის ბუშტში კენჭები შესაძლოა, უსიმპტომოც იყოს, თუმცა შემთხვევათა უმრავლესობაში ამ პრობლემას ერთვის ქრონიკული ან მწვავე ანთებითი ცვლილებებიც, რაც აისახება მუცლის შებერილობით, გულძმარვით, ღებინებით. შესაძლოა პაციენტს დაეწყოს მწვავე, შეტევითი ტკივილი, რომელიც მარჯვენა ფერდქვეშა არეში იწყება და ზურგსა და მარჯვენა ბეჭისკენ ვრცელდება. ამას წინ უძღვის ხოლმე ცხიმიანი ან ცხარე საკვების მიღება, ფიზიკური ან ფსიქო-ემოციური გადაღლა.

თუკი ამ დროს მოხდა კენჭის გამომტან სადინარში გადასვლა და მისი „გაჭედვა“, ვითარდება სიყვითლე, რასაც ერთვება ხოლმე ტემპერატურის მომატებაც.

ნაღველკენჭოვანი დაავადება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და საყურადღებო დაავადებაა, მასთან ბრძოლა კი სხვადასხვა მეთოდით ხდება, რომელთაგან ინოვაციურ პროცედურას გამოვარჩევთ - სანაღვლე სადინარში კენჭების დაშლა ლაზერით.

თემის ირგვლივ ​MOMSEDU.GE-ს რესპონდენტი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, „ნიუ ჰოსპიტალსის“ დიაგნოსტიკური და ​ინტერვენციული რადიოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელი ​მალხაზ მიზანდარია.

რა იწვევს ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნას?

მალხაზ მიზანდარი: „ბუშტი რეზერვუარია, მასში არა მხოლოდ დაგროვება, არამედ ნაღვლის კონცენტრაცია ხდება, რომელიც შემდგომ თორმეტგოჯაში უნდა გადაისროლოს. როდესაც პასაჟი დარღვეულია, ანუ რაიმე მიზეზის გამო ნაღველი ვერ გამოედინება დაუბრკოლებლად, ეს ხელს უწყობს ჯერ „ნალექის“, ხოლო შემდგომ კენჭების გაჩენას.

ვის შეიძლება აწუხებდეს კენჭები ნაღვლის ბუშტში?

მალხაზ მიზანდარი: „დაავადება შეიძლება ყველას დაემართოს, თუმცა მაღალი რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან ის ადამიანები, რომელთაც აღენიშნებათ ქრონიკული ქოლეცისტიტი, ღვიძლის ანთებითი დაავადებები, სხვადასხვა სახის ნივთიერებათა ცვლის მოშლა ან პანკრეასის პრობლემები. დაავადება უფრო ხშირია ქალებში, რადგან ამას ხელს უწყობს ორსულების დროს არსებული ნაღვლის პასაჟის დარღვევა. ასევე მეტად გვხვდება ეს პრობლემა ჭარბწონიან და შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში“.

რა რისკებს შეიცავს ნაღვლის ბუშტში არსებული კენჭები ადამიანისთვის?

მალხაზ მიზანდარი: ,,უპირველეს ყოვლისა - ესაა მწვავე კენჭოვანი ქოლეცისტიტის განვითარება, რაც შეიძლება ბუშტის მთლიანობის დარღვევით (პერფორაცია) და პერიტონიტით გართულდეს. გამომტან სადინარში კენჭების გადასვლისას შესაძლოა განვითარდეს პანკრეატიტი, რომლის მძიმე ფორმები რთული სამართავია და სამწუხაროდ, სიკვდილითაც შესაძლოა დასრულდეს. საშიშია ის მდგომარეობაც, როდესაც დიდი ხნის განმავლობაში არსებული კენჭები პაციენტს არ აწუხებს - დადგენილია, რომ წლების განმავლობაში კენჭების არსებობა ნაღვლის ბუშტის კიბოს განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა და ეს უკანასკნელი კი ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი სიმსივნეა“.

როგორ ხდება კენჭების დაშლა ან ევაკუაცია არაქირურგიული გზით?

მალხაზ მიზანდარი: ,,არსებობს მედიკამენტოზური მკურნალობა, რომელსაც შეუძლია დაშალოს გარკვეული ტიპის კონკრემენტები, მაგრამ როგორც კი შეწყვეტენ მკურნალობას, კენჭი როგორც წესი ისევ ჩნდება. სადინარის კენჭების შემთხვევაში მიმართავენ ხოლმე ენდოსკოპიურ გზას - ჩავლენ თორმეტგოჯაში, ჩაჭრიან დვრილს, რომელში იხსნება ნაღვლის საერთო სადინარი და შედეგად შესაძლებელი ხდება 10მმ-მდე ზომის კენჭის ჩამოგდება (მიდგომა „ქვემოდან“). შედარებით დიდი ზომის კენჭების (1.5 -2 სმ-მდე) გადაყვანა თორმეტგოჯა ნაწლავში შესაძლებელია ამ სადინარის წინასწარ ჩატარებული კანგავლითი დრენირების (სანაღვლე გზებში სპეციალური მილის ჩაყენების) შემდეგ ბალონური ტექნიკის გამოყენებით - რაც ინტერვენციული რადიოლოგიის სფეროს მიეკუთვნება. როდესაც დიდ კენჭზეა საუბარი, 20მმ-ზე ზემოთ, მაშინაც შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს უკანასკნელი, ოღონდ დავამატოთ კენჭის დაშლა - ლითოტრიფსია.''

როგორია ინტერვენციული რადიოლოგიის ინოვაციური პროცედურა და რა არის მისი უპირატესობა?

მალხაზ მიზანდარი: „ბალონით ასისტირებული პროცედურის საშუალებით „ნიუ ჰოსპიტალსში“ 23 მმ ზომის კენჭი გადაგვიყვანია თორმეტგოჯა ნაწლავში, თუმცა 2 სმ-ზე მეტი ზომის დროს ეს ტექნიკურად რთულია და ტრავმული სანაღვლე გზებისათვის. ამგვარი სიტუაციებისთვის გვაქვს სიახლე - შევდივართ წვრილი ენდოსკოპით კანგავლით უშუალოდ სადინარში, ვახდენთ კენჭის ვიზუალიზაციას და ენდოსკოპის კონტროლითვე უშუალოდ კენჭთან მიგვყავს ლითოტრიპტორი - ლაზერი, რომელიც შლის კენჭებს. ამას ვახდენთ ვიზუალური კონტროლით და შემდეგ ადვილად გადაგყავს ფრაგმენტები ნაწლავში.''

რა არის ის ძირითადი უპირატესობები, რასაც უზრუნველყოფს პაციენტისათვის ინტერვენციული რადიოლოგიის ტექნოლოგიათა გამოყენება?

მალხაზ მიზანდარი: ,,ინტერვენციული რადიოლოგია საშუალებას გვაძლევს გამოსახვის მეთოდთა კომპლექსური კონტროლით (ულტრაბგერა, რენტგენოსკოპია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია) დავინახოთ (ულტრაბგერის და რენტგენოსკოპიის შემთხვევაში - რეალურ დროში) არა მხოლოდ ჩვენი ზემოქმედების „სამიზნე“ ორგანო ან უბანი, არამედ გამოვსახოთ სისხლძარღვებიც. ულტრაბგერითი კონტროლისას ვუყურებთ როგორ მიემართება ნემსი და უახლოვდება სამიზნეს, შეგვყავს საჭირო მოწყობილობები, რომლის საშუალებითაც ვაკონტროლებთ მოქმედებას. შეგვიძლია შევიყვანოთ კათეტერი, რომლის საშუალებითაც ხდება ანთებითი შიგთავსი ევაკუაცია, მიიღწევა გაუმჯობესება და საჭიროების შემთხვევაში, ქირურგი მშვიდად უტარებს ოპერაციას მომზადებულ პაციენტს. ეს ძალიან დიდი დახმარებაა პაციენტისა და ქირურგისთვის.

ზოგადად ინტერვენციული რადიოლოგიის პროცედურებთან დაკავშირებული რისკები და ტკივილი მინიმალურია; ამგვარი მკურნალობა მიეკუთვნება ე.წ. „მცირე-ინვაზიურ“ ჩარევებს - შეგვიძლია ჩავუტაროთ ორსულებს, ხანდაზმულებს, გულის პრობლემებისა და სხვა რისკჯგუფის მქონე პაციენტებს. კონკრეტულად დღეს ჩვენს მიერ განხილული ინოვაციური პროცედურა მეტად ეფექტურია და რეალურად რაიმე სახის რეაბილიტაციასაც არ საჭიროებს.“

მედიცინის მთავარი მიზანი პაციენტის კარგად ყოფნაა. თანამედროვე მედიცინის განვითარების უმთავრესი ტენდენცია კი ამ მთავარი მიზნის მიღწევისათვის ჩასატარებელი ჩარევების ინვაზიურობის მინიმალიზაციაში მდგომარეობს (რაც შეიძლება ნაკლები ინვაზია, ანუ დამაზიანებელი ჩარევა). სწორედ ამას პასუხობს სრულად ინტერვენციული რადიოლოგია, რომლის მთავარ კერას „ნიუ ჰოსპიტალსი“ წარმოადგენს.

R.

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ ვეთანხმები გავრცელებულ აჟიოტაჟს, რომ გამოჩნდა უფრო საშიში შტამი,“ - თენგიზ ცერცვაძე

„არ ვეთანხმები გავრცელებულ აჟიოტაჟს, რომ გამოჩნდა უფრო საშიში შტამი,“ - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში დღის თემა" ახალი „ომიკრონის“ შტამის გავრცელების გამო ატეხილი აჟიოტაჟის შესახებ ისაუბრა და არნიშნა, რომ ჯერ არავის დაუმტკიცებია, არის თუ არა ახალი შტამი ვირუსის არსებულ ვარიანტებთან შედარებით მეტად სახიფათო:

„არ ვეთანხმები გავრცელებულ აჟიოტაჟს, რომ გამოჩნდა უფრო საშიში შტამი. ეს ჯერ არავის დაუმტკიცებია. ჩვენ არ ვიცით, ეს შტამი რაიმე მაჩვენებლებით იქნება თუ არა უფრო მძიმე და საშიში, ვიდრე თუნდაც „დელტა“ შტამი.“

თენგიზ ცერცვაძის თქმით, წინასწარი მონაცემებით, ომიკრონი უფრო სწრაფად ვრცელდება:

„წინასწარი მონაცემებით, დიახ, „ომიკრონი“ , სავარაუდოდ, ვრცელდება უფრო სწრაფად, ვიდრე „დელტა“. მეორე, ​სავარაუდოდ, ის არ იწვევს უფრო მძიმე დაავადებას და მეტ სიკვდილობას, ვიდრე „დელტა“ შტამი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია

მესამე, აქ ყველაზე მეტი გაურკვევლობაა ჯერჯერობით. ამ საკითხზე ზუსტი პასუხი არ არსებობს. ვარაუდობენ, რომ ვაქცინები მთლიანად ან ნაწილობრივ მაინც დაიცავს ამ შტამისგანაც. თუმცა ვაქცინების მწარმოებელმა კომპანიებმა გააკეთეს განცხადება, რომ ისინი ამ საკითხს სწავლობენ და უკვე შეუდგნენ მუშაობას ვაქცინების მოდიფიკაციაზე. თუ აღმოჩნდება, რომ მუტაციები ზუსტად იმ უბნებშია, რომელიც ვაქცინის სამიზნე იყო და ვაქცინა ეფექტიანად ვერ დაიცავს, მაშინ ისინი პირობას დებენ რომ 6 კვირაში, მაქსიმუმ 100 დღეში დადებენ ახალ ვაქცინას, რომელიც მორგებული იქნება ამ მოდიფიკაციაზე,“ - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

წყარო:​ „დღის თემა"

წაიკითხეთ სრულად