Baby Bag

რატომ უნდა დავლიოთ ყოველდღიურად ლიმონიანი წყალი? - გიორგი ღოღობერიძის პასუხი

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ლიმონიანი წყლის მიღების დადებით შედეგებზე ისაუბრა:

„რატომ უნდა დავლიოთ ყოველდღიურად ლიმონიანი წყალი? ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ მე შევეცდები, რომ 5 ძალიან საკვანძო მიზეზი გითხრათ საამისოდ.

ლიმონიანი წყლის ყოველდღიურად დალევა თქვენს ორგანიზმს C ვიტამინზე მოთხოვნის 70%-ს შეუვსებს. C ვიტამინი ჩვენს ორგანიზმს სჭირდება ძალიან მნიშვნელოვანი ცილის - კოლაგენის სინთეზში. თუ კოლაგენი არ წარმოიქმნება, ეს გამოვლინდება ძალიან ბევრი დარღვევით, მათ შორის, ღრძილებიდან სისხლდენით, კანის ნაადრევი დაბერებით.

ასაკოვან ადამიანებს კუჭში უქვეითდებათ მარილმჟავას რაოდენობა, მათ უგროვდებათ აირები და აწუხებთ შებერილობა. ლიმონიან წყალში არის მნიშვნელოვანი კომპონენტი - ლიმონმჟავა. ლიმონმჟავა ჩვენ გვეხმარება საკვების უკეთ მონელებაში.

ზაფხულში ჩვენი სხეული ყოველდღიურად კარგავს დაახლოებით 2-3 ლიტრ წყალს. თუ გამოშრებით, ეს განსაკუთრებით მძიმედ აისახება თქვენს თირკმლებზე. თუ ჩვენს თირკმლებში წყალი საკმარისი რაოდენობით ვერ იქნება და თირკმლებში ლიმონმჟავის რაოდენობა არ იქნება 320 მილიგრამის ტოლი დღე-ღამეში, ეს გამოიწვევს კენჭების ფორმირებას. კენჭების დაახლოებით 2/3 სწორედ ამ პრობლემით არის გამოწვეული.

ლიმონიან წყალში ძალიან ბევრი კალიუმიც არის. კალიუმი ჩვენს ორგანიზმს განსაკუთრებით სჭირდება ნერვული ქსოვილისა და კუნთოვანი ქსოვილის აქტიურობისთვის.

ლიმონიან წყალში არის ანტიოქსიდანტების დიდი რაოდენობა. ეს ჩვენს ორგანიზმს იცავს დაბერებისგან.

ლიმონიანი წყლის მიღებას ბევრი სარგებელი შეიძლება ჰქონდეს. ამით შეკრულობის პრევენციაც შეიძლება,“- მოცემულ საკითხზე გიორგი ღოღობერიძემ „მთავარი არხის“ გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“ ისაუბრა.

წყარო:​ „მთავარი დიაგნოზი“

შეიძლება დაინტერესდეთ

გასაბერი საცურაო ჟილეტით ცურვა ბავშვისთვის უსაფრთხო არ არის

გასაბერი საცურაო ჟილეტით ცურვა ბავშვისთვის უსაფრთხო არ არის

თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მშობლებს შვილების უსაფრთხოებაზე ზრუნვა გაუმარტივდათ. მიუხედავად ამისა, ბავშვი სრულად დაცული არასდროს არის. ყველაზე სანდო პროდუქტებიც კი, რომელთა შეძენა მარტივად შეგვიძლია, შესაძლოა, არც ისე უსაფრთხო აღმოჩნდეს, როგორც ველოდით.

ტრაგიკულად დაღუპული პატარა ჯუდა ბრაუნის დედა მშობლებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ბავშვი ცურვის დროს დაიღუპა. ჯუდას წყალში ყოფნის დროს დედა ყოველთვის მშვიდად იყო, რადგან მის შვილს გასაბერი საცურაო ჟილეტი ეკეთა, რომელიც მშობლის წარმოდგენაში წყალში ბავშვის უსაფრთხოების გარანტს წარმოადგენდა. კრისტი ბრაუნი მშობლებს ურჩევს, მცდარი წარმოდგენები არ შეიქმნან და არ ჩათვალონ, რომ ბავშვი წყალში უსაფრთხოდ არის, როდესაც მას საცურაო ჟილეტი უკეთია.

კრისტი ბრაუნმა სპეციალური პროექტი შექმნა, რომელიც მშობლებს ცურვის დროს უსაფრთხოების წესების დაცვას ასწავლის და ბავშვების დაცულობის მაღალი ხარისხის შექმნაზეა ორიენტირებული. წყალში ყოველწლიურად არაერთი ბავშვი იღუპება, რაც გაუფრთხილებლობით და უსაფრთხოების წესების არცოდნით არის გამოწვეული.

კრისტი ბრაუნმა შვილისთვის გასაბერი საცურაო ჟილეტი შეიძინა. აუზზე წასვლისას ის პატარა ჯუდას ჟილეტის ღვედს საგულდაგულოდ უკრავდა. კრისტი ბრაუნი დარწმუნებული იყო, რომ ვიდრე ბავშვი ცურვას არ ისწავლიდა, ის ჟილეტის დახმარებით წყალში უსაფრთხოდ ყოფნას შეძლებდა.

საცურაო ჟილეტის გამოყენების დროს პატარა ჯუდას მცდარი განცდა გაუჩნდა, რომ მას ცურვა შეეძლო. პიკნიკზე ყოფნის დროს ის მშობლებს გაეპარა და რამდენიმე წუთით გაუჩინარდა. ბავშვი წყალში დამხრჩვალი იპოვეს. შვილის გარდაცვალების შემდეგ კრისტიმ აღმოაჩინა, რომ საცურაო ჟილეტის მოხმარების დროს ბავშვები წყალში ვერტიკალურად დგომას სწავლობენ, აღნიშნული პოზა ჩაძირვის საფრთხეს ზრდის. კრისტის მიერ დაარსებულ საქველმოქმედო ორგანიზაციაში ბავშვებს ზურგზე ცურვას და წყალში შესვენებას ასწავლიან.

საცურაო გასაბერი ჟილეტები ბავშვს წყალთან ადაპტაციაში ეხმარება, მაგრამ ის პატარებს უსაფრთხოების მცდარ განცდასაც უქმნის. კვლევებით დგინდება, რომ ბავშვების უმრავლესობა, რომელიც წყალში იხრჩობა, საცურაო ჟილეტებს აქტიურად იყენებს. ცურვის დროს უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა უმნიშვნელოვანესია. საცურაო ჟილეტები გარკვეულ ვითარებაში ბავშვის სიცოცხლეს იცავს, მაგრამ მას გვერდითი ეფექტებიც აქვს, რომელთა შესახებ მშობლებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ. მშობლები უნდა დარწმუნდნენ, რომ ბავშვი უსაფრთხოდ არის, რათა შემდგომ მოულოდნელი ტრაგედიის წინაშე არ აღმოჩნდნენ.

მომზადებულია ​moms.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად