Baby Bag

რატომ უნდა დავლიოთ ყოველდღიურად ლიმონიანი წყალი? - გიორგი ღოღობერიძის პასუხი

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ლიმონიანი წყლის მიღების დადებით შედეგებზე ისაუბრა:

„რატომ უნდა დავლიოთ ყოველდღიურად ლიმონიანი წყალი? ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ მე შევეცდები, რომ 5 ძალიან საკვანძო მიზეზი გითხრათ საამისოდ.

ლიმონიანი წყლის ყოველდღიურად დალევა თქვენს ორგანიზმს C ვიტამინზე მოთხოვნის 70%-ს შეუვსებს. C ვიტამინი ჩვენს ორგანიზმს სჭირდება ძალიან მნიშვნელოვანი ცილის - კოლაგენის სინთეზში. თუ კოლაგენი არ წარმოიქმნება, ეს გამოვლინდება ძალიან ბევრი დარღვევით, მათ შორის, ღრძილებიდან სისხლდენით, კანის ნაადრევი დაბერებით.

ასაკოვან ადამიანებს კუჭში უქვეითდებათ მარილმჟავას რაოდენობა, მათ უგროვდებათ აირები და აწუხებთ შებერილობა. ლიმონიან წყალში არის მნიშვნელოვანი კომპონენტი - ლიმონმჟავა. ლიმონმჟავა ჩვენ გვეხმარება საკვების უკეთ მონელებაში.

ზაფხულში ჩვენი სხეული ყოველდღიურად კარგავს დაახლოებით 2-3 ლიტრ წყალს. თუ გამოშრებით, ეს განსაკუთრებით მძიმედ აისახება თქვენს თირკმლებზე. თუ ჩვენს თირკმლებში წყალი საკმარისი რაოდენობით ვერ იქნება და თირკმლებში ლიმონმჟავის რაოდენობა არ იქნება 320 მილიგრამის ტოლი დღე-ღამეში, ეს გამოიწვევს კენჭების ფორმირებას. კენჭების დაახლოებით 2/3 სწორედ ამ პრობლემით არის გამოწვეული.

ლიმონიან წყალში ძალიან ბევრი კალიუმიც არის. კალიუმი ჩვენს ორგანიზმს განსაკუთრებით სჭირდება ნერვული ქსოვილისა და კუნთოვანი ქსოვილის აქტიურობისთვის.

ლიმონიან წყალში არის ანტიოქსიდანტების დიდი რაოდენობა. ეს ჩვენს ორგანიზმს იცავს დაბერებისგან.

ლიმონიანი წყლის მიღებას ბევრი სარგებელი შეიძლება ჰქონდეს. ამით შეკრულობის პრევენციაც შეიძლება,“- მოცემულ საკითხზე გიორგი ღოღობერიძემ „მთავარი არხის“ გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“ ისაუბრა.

წყარო:​ „მთავარი დიაგნოზი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„აუცილებელია არტერიული წნევის მონიტორინგი, უნდა დავთვალოთ სუნთქვის სიხშირეც,“ - პულომონოლი კახა ვაჭარაძე

„აუცილებელია არტერიული წნევის მონიტორინგი,  უნდა დავთვალოთ სუნთქვის სიხშირეც,“ - პულომონოლი კახა ვაჭარაძე

​​პულმონოლოგი კახა ვაჭარაძე სიმშვიდისკენ მოუწოდებს იმ ადამიანებს, რომლებიც სახლის პირობებში მკურნალობენ და კოვიდ-19-ს ებრძვიან. მისი თქმით, პანიკური შიშის გამო პაციენტები ხშირად უჩივიან პულსის აჩქარებას და სუნთქვის სიხშირის მატებას:

„უპირველეს ყოვლისა უნდა მივეჩვიოთ, რომ დავმშვიდდეთ. პაციენტი უნდა დავამშვიდოთ. როდესაც სტრესული ვითარებაა, პულსი და სუნთქვის სიხშირე იმატებს. ამან, შესაძლოა, შეცდომაში შეგვიყვანოს. დღეს ​არის სპეციალური მოწყობილობა პულსოქსიმეტრი, რომელიც გვიჩვენებს პერიფერიულ სისხლში ჟანგბადის შემცველობას. ეს არის უტყუარი მაჩვენებელი. რასაკვირველია, ტემპერატურის კონტროლი უნდა იყოს, აუცილებელია არტერიული წნევის მონიტორინგი. აქვე უნდა დავთვალოთ სუნთქვის სიხშირე. პაციენტებმა უკვე ისწავლეს თავისი თავის მონიტორინგი. სატურაციის განსაზღვრის აპლიკაცია მობილურ ტელეფონებსაც აქვთ. აპლიკაცია აბსოლუტური სიზუსტით არ გამოირჩევა, მაგრამ მაჩვენებლები დაახლოებულია რეალობასთან.“

სუნთქვის სიხშირის მომატების შემთხვევაში, კახა ვაჭარაძე ინფიცირებულებს ურჩევს მკურნალ ექიმს დროულად მიმართონ:

„სუნთქვის უკმარისობასთან დაკავშირებით მაინც გავამახვილებ ყურადღებას, რომ როდესაც პაციენტი იგრძნობს ამ სიმპტომებს, აუცილებლად დაუკავშირდეს ექიმს. სუნთქვის სიხშირის მომატება, ქოშინი, ტკივილი გულ-მკერდის არეში სწორედ ეს სიმპტომებია. როდესაც პაციენტები ვერ უკავშირდებიან ექიმს, ​მათ მეტ-ნაკლებად იციან საკუთარი თავის მართვა, ეს არის ბრონქოლიტიური საშუალებების, დამამშვიდებლების გამოყენება. თუ გამოხატულია კანისა და ლორწოვანის ლურჯ ფერში გადასვლა, ტუჩის გარშემო ჩნდება სილურჯე, ეს უკვე კრიტიკული მაჩვენებელია. ამ შემთხვევაში ბინაზე მკურნალობის გაგრძელება დაუშვებელია.“

„საყურადღებოა საერთო სისუსტე, მივარდნილობა, გონების დაბინდვა, თავბრუსხვევა. ასეთ დროს პაციენტი რთულად გამოდის კონტაქტზე. ყველაზე ხშირად მაინც ვლინდება სუნთქვის უკმარისობა. სუნთქვის უკმარისობა იწვევს იმ პანიკურ შიშს, რის გამოც ვიმკით იმ გართულებებს რომელიც გვაქვს, ეს არის მაღალი მიმართვიანობის მაჩვენებლები სტაციონარებში. ხშირად ჰოსპიტალიზაცია არ არის საჭირო და პაციენტი დაჟინებით ითხოვს სტაციონარში გადაყვანას. ის იკავებს იმ პაციენტის ადგილს, რომელიც რეალურად საჭიროებს იმ პაციენტის ადგილს, რომელსაც რეალურად ესაჭიროება ინტენსიური თერაპია,“ - აღნიშნული საკითხების შესახებ ​კახა ვაჭარაძე საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე“ საუბრობს.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად