Baby Bag

რატომ უნდა დავლიოთ ყოველდღიურად ლიმონიანი წყალი? - გიორგი ღოღობერიძის პასუხი

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ლიმონიანი წყლის მიღების დადებით შედეგებზე ისაუბრა:

„რატომ უნდა დავლიოთ ყოველდღიურად ლიმონიანი წყალი? ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ მე შევეცდები, რომ 5 ძალიან საკვანძო მიზეზი გითხრათ საამისოდ.

ლიმონიანი წყლის ყოველდღიურად დალევა თქვენს ორგანიზმს C ვიტამინზე მოთხოვნის 70%-ს შეუვსებს. C ვიტამინი ჩვენს ორგანიზმს სჭირდება ძალიან მნიშვნელოვანი ცილის - კოლაგენის სინთეზში. თუ კოლაგენი არ წარმოიქმნება, ეს გამოვლინდება ძალიან ბევრი დარღვევით, მათ შორის, ღრძილებიდან სისხლდენით, კანის ნაადრევი დაბერებით.

ასაკოვან ადამიანებს კუჭში უქვეითდებათ მარილმჟავას რაოდენობა, მათ უგროვდებათ აირები და აწუხებთ შებერილობა. ლიმონიან წყალში არის მნიშვნელოვანი კომპონენტი - ლიმონმჟავა. ლიმონმჟავა ჩვენ გვეხმარება საკვების უკეთ მონელებაში.

ზაფხულში ჩვენი სხეული ყოველდღიურად კარგავს დაახლოებით 2-3 ლიტრ წყალს. თუ გამოშრებით, ეს განსაკუთრებით მძიმედ აისახება თქვენს თირკმლებზე. თუ ჩვენს თირკმლებში წყალი საკმარისი რაოდენობით ვერ იქნება და თირკმლებში ლიმონმჟავის რაოდენობა არ იქნება 320 მილიგრამის ტოლი დღე-ღამეში, ეს გამოიწვევს კენჭების ფორმირებას. კენჭების დაახლოებით 2/3 სწორედ ამ პრობლემით არის გამოწვეული.

ლიმონიან წყალში ძალიან ბევრი კალიუმიც არის. კალიუმი ჩვენს ორგანიზმს განსაკუთრებით სჭირდება ნერვული ქსოვილისა და კუნთოვანი ქსოვილის აქტიურობისთვის.

ლიმონიან წყალში არის ანტიოქსიდანტების დიდი რაოდენობა. ეს ჩვენს ორგანიზმს იცავს დაბერებისგან.

ლიმონიანი წყლის მიღებას ბევრი სარგებელი შეიძლება ჰქონდეს. ამით შეკრულობის პრევენციაც შეიძლება,“- მოცემულ საკითხზე გიორგი ღოღობერიძემ „მთავარი არხის“ გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“ ისაუბრა.

წყარო:​ „მთავარი დიაგნოზი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ადამიანს საშუალება უნდა ჰქონდეს საკუთარ ოჯახში ყოფნის. დრო არ აქვს მშობელს, რომ საკუთარ შვილს ესაუბროს" - დეკანოზი შალვა კეკელია

„ადამიანს საშუალება უნდა ჰქონდეს საკუთარ ოჯახში ყოფნის. დრო არ აქვს მშობელს, რომ საკუთარ შვილს ესაუბროს" - დეკანოზი შალვა კეკელია

დეკანოზმა შალვა კეკელიამ მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობის დეფიციტის პრობლემაზე ისაუბრა. მისი თქმით, ყველამ ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმ პრობლემების აღმოსაფხვრელად, რომელიც მშობლისა და შვილის ურთიერთობას უშლის ხელს:

„ბავშვებთან უნდა ვისაუბროთ, უნდა გავიგოთ მათი პრობლემები. მე სასულიერო პირი ვარ. ძალიან ხშირად ვისმენთ ადამიანებისგან ისეთ რამეს, რასაც საკუთარ მშობელს ვერ ეუბნებიან. რატომ? იმიტომ, რომ ​დრო არ აქვს მშობელს, რომ საკუთარ შვილს ესაუბროს, რომ კონტაქტი შედგეს შვილსა და მშობელს შორის. ძირითად პრობლემას მე ვხედავ ოჯახში. დღეს ფინანსური სიდუხჭირის გამო ბევრ მშობელს აქვს ქვეყანა დატოვებული. ის ქვეყნის გარეთ ცხოვრობს და იქიდან აგზავნის სარჩოს. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ამისთვის, რომ ადამიანს არ მოუწიოს აქედან წასვლა. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი, რაც ხელს უშლის მშობლისა და შვილის ურთიერთობას, გამოვასწოროთ.“

დეკანოზმა აღნიშნა, რომ მშობლები დილიდან დაღამებამდე მუშაობენ, რის გამოც შვილებთან ურთიერთობას ვერ ახერხებენ:

„ადამიანს საშუალება უნდა ჰქონდეს საკუთარ ოჯახში ყოფნის. თუნდაც აქ რომ მუშაობენ, დილით რომ გადიან სამსახურში, ღამის 11-12 საათამდე სახლში ვერ მიდიან. მათ საკუთარ შვილთან შეხება არ აქვთ. რა მნიშვნელობა აქვს უცხოეთში იქნება თუ საქართველოში?! მას მაინც არ აქვს შეხება საკუთარ შვილთან. ​ძალიან ბევრი რამაა დასალაგებელი იმისთვის, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს.“

მამა შალვა კეკელიას თქმით, დღეს თავისუფლების მნიშვნელობა ადამიანების ნაწილს არასწორად აქვს გაგებული:

„ალბათ, გაიხსენებთ, რამოდემინე წლის წინ ტელევიზიებში ზოგიერთი ადამიანის გამოსვლას, რომ მშობელი არ უნდა ჩაერიოს შვილის ურთიერთობაში. თავისუფლება დღეს ადამიანს გააგებინეს სხვანაირად. ბავშვი თავის უფლებებზე კითხვას რომ სვამს, ეს ძალიან კარგია. ​ჩვენ შვილებს რაღაცას ზოგჯერ ვუკრძალავთ. აკრძალვა არ ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენი შვილები არ გვიყვარს. რაღაცას ვავალდებულებთ შვილებს, რაღაცას ვაიძულებთ ზოგჯერ. თუნდაც მე ჩემს შვილს ვაიძულებ, რომ დღეს წაიკითხოს. ეს იძულება მოდის სიყვარულიდან. ყველაფერში თავისუფლების მინიჭება ნამდვილად არ შეიძლება.“

„ერთხელ ჩემი ქადაქება დაიდო, ამოჭრეს ჩემი ქადაგება. მე ვლაპარაკობ იქ, რომ 14-15 წლის ბავშვებს მარტო უშვებენ ღამე. ისინი მთელი ღამე დაბადების დღეს ერთად აღნიშნავენ. ეს ძალიან ცუდია, არ შეიძლება-მეთქი, ვამბობ. ​13-14 წლის ბავშვები მარტო, მეთვალყურეობის გარეშე ერთად გაუშვა დაბადების დღეზე და ყურადღება არ მიაქციო, ეს არ შეიძლება. ძალიან ბევრი ცუდი შედეგი მოჰყვება ამას. ბავშვს არ შეუძლია საკუთარი თავი აკონტროლოს. ამას ძალიან ბევრი კარგი და ცუდი გამოხმაურება მოჰყვა. ყველას გამოგვივლია ჩვენ ეს ასაკი. 14-15 წლის ასაკში შენზე მაგარი ქვეყანაზე არავინ გგონია. შენ გგონია, რომ უკვე მართავ საკუთარ თავს. მეც ამ ასაკში ძალიან ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული. ეს ძალიან რთული პერიოდია, როდესაც შენ იმკვიდრებ საზოგადოებაში ადგილს. ამ დროს საით გადაიხრები და რომელ მხარეს წახვალ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას,“ - აღნიშნულ საკითხებზე დეკანოზმა „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​TV  „პალიტრანიუსი"

წაიკითხეთ სრულად