Baby Bag

რატომ უნდა დავლიოთ ყოველდღიურად ლიმონიანი წყალი? - გიორგი ღოღობერიძის პასუხი

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ლიმონიანი წყლის მიღების დადებით შედეგებზე ისაუბრა:

„რატომ უნდა დავლიოთ ყოველდღიურად ლიმონიანი წყალი? ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ მე შევეცდები, რომ 5 ძალიან საკვანძო მიზეზი გითხრათ საამისოდ.

ლიმონიანი წყლის ყოველდღიურად დალევა თქვენს ორგანიზმს C ვიტამინზე მოთხოვნის 70%-ს შეუვსებს. C ვიტამინი ჩვენს ორგანიზმს სჭირდება ძალიან მნიშვნელოვანი ცილის - კოლაგენის სინთეზში. თუ კოლაგენი არ წარმოიქმნება, ეს გამოვლინდება ძალიან ბევრი დარღვევით, მათ შორის, ღრძილებიდან სისხლდენით, კანის ნაადრევი დაბერებით.

ასაკოვან ადამიანებს კუჭში უქვეითდებათ მარილმჟავას რაოდენობა, მათ უგროვდებათ აირები და აწუხებთ შებერილობა. ლიმონიან წყალში არის მნიშვნელოვანი კომპონენტი - ლიმონმჟავა. ლიმონმჟავა ჩვენ გვეხმარება საკვების უკეთ მონელებაში.

ზაფხულში ჩვენი სხეული ყოველდღიურად კარგავს დაახლოებით 2-3 ლიტრ წყალს. თუ გამოშრებით, ეს განსაკუთრებით მძიმედ აისახება თქვენს თირკმლებზე. თუ ჩვენს თირკმლებში წყალი საკმარისი რაოდენობით ვერ იქნება და თირკმლებში ლიმონმჟავის რაოდენობა არ იქნება 320 მილიგრამის ტოლი დღე-ღამეში, ეს გამოიწვევს კენჭების ფორმირებას. კენჭების დაახლოებით 2/3 სწორედ ამ პრობლემით არის გამოწვეული.

ლიმონიან წყალში ძალიან ბევრი კალიუმიც არის. კალიუმი ჩვენს ორგანიზმს განსაკუთრებით სჭირდება ნერვული ქსოვილისა და კუნთოვანი ქსოვილის აქტიურობისთვის.

ლიმონიან წყალში არის ანტიოქსიდანტების დიდი რაოდენობა. ეს ჩვენს ორგანიზმს იცავს დაბერებისგან.

ლიმონიანი წყლის მიღებას ბევრი სარგებელი შეიძლება ჰქონდეს. ამით შეკრულობის პრევენციაც შეიძლება,“- მოცემულ საკითხზე გიორგი ღოღობერიძემ „მთავარი არხის“ გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“ ისაუბრა.

წყარო:​ „მთავარი დიაგნოზი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც ფეხები არის ცოტა მოღუნული, ნუ ღელავთ, ჯანმრთელ ბავშვებს ეს ორ წლამდე თავისით გაუსწორდებათ,“ - ნინო ჭოლოკავა

„როდესაც ფეხები არის ცოტა მოღუნული, ნუ ღელავთ, ჯანმრთელ ბავშვებს ეს ორ წლამდე თავისით გაუსწორდებათ,“ - ნინო ჭოლოკავა

ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგმა ნინო ჭოლოკავამ ბავშვის ძვლის სტრუქტურული თავისებურებების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვების ძვლები უფრო ელასტიური და პლასტიურია:

„ბავშვის ძვლის სტრუქტურა აბსოლუტურად განსხვავდება დიდების ძვლისგან, არის პლასტიური და ელასტიური. ეს ყველაფერი ეხმარება მას ადვილად გადაიტანოს ის ტრავმები, რომლებიც ჩვენთვის უკვე ძალიან საზიანო და ტრაგიკული იქნებოდა. ბავშვებისთვის ეს არის მარტივი ყოველგვარი შემდგომი ზიანის გარეშე. გარდა იმისა, რომ ბავშვებს ახასიათებთ მოტეხილობის შედარებით მსუბუქი ფორმები, მათ აქვთ რემოდელირების უნარი. ეს მდგომარეობს იმაში, რომ მოტეხილობა, რომელიც შეხორცდა არასწორი კუთხით, დიდი ალბათობით გასწორდება და ​ზრდასრულ ასაკში მივიღებთ სრულყოფილ ჩონჩხს.“

ნინო ჭოლოკავას თქმით, მშობლები პატარების სიარულის მანერის გამო ხშირად ღელავენ, რაც, როგორც წესი, გადაჭარბებულია:

​მშობლები ძალიან ნერვიულობენ სიარულის მანერაზე. იმისთვის, რომ ბავშვი დაიბადოს, მას თავისებური ჩონჩხი აქვს, რომელიც შემდგომ განიცდის რემოდელირებას. თუ ავიღებთ ბარძაყის თავს, ნორმალურ ადამიანს წინ შებრუნება აქვს 11 გრადუსი. როდესაც ბავშვი იბადება, მას აქვს 35 გრადუსი. მას უწევს ფეხების ცოტა შიგნით შეტანა, რომ კარგად იაროს. ყოველთვის ვეუბნები მშობლებს: „ნუ ღელავთ, თქვენი შვილი, რომელიც არის ერთი წლის და დადის ისე, როგორც თქვენ არ მოგწონთ, არ ნიშნავს, რომ ის ივლის ასე. დააცადეთ, ცოტა მოთმინება და ყველაფერი კარგად იქნება.“

„შემდეგი მომენტი, რაზეც მშობლები ღელავენ, ეს არის, როდესაც ფეხები არის ცოტა მოღუნული. უფრო ხშირად ბავშვები იბადებიას „ო“- ს მაგვარი ფეხებით. ამაზეც ვეუბნები მშობლებს, ნუ ღელავთ! ჯანმრთელ ბავშვებს ​ეს ორ წლამდე თავისით გაუსწორდებათ. დაახლოებით ექვს წლამდე ის სწორია, პუბერტატში იქსისებრი ხდება, შემდეგ ისევ სწორდება. ეს არის ის ფაზები, რომლებსაც ჯანმრთელი ბავშვი, როგორც წესი, გაივლის,“ - აღნიშნულ საკითხე ნინო ჭოლოკავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად