Baby Bag

რომელია ბავშვის ჩონჩხის სწორად ჩამოყალიბებისთვის საუკეთესო სპორტი? - ორთოპედ-ტრავმატოლოგის ნინო ჭოლოკავას რეკომენდაციები

ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგმა ნინო ჭოლოკავამ ბავშვის ჩონჩხის სწორად ჩამოყალიბებისთვის მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს ორ ფაქტორს. ერთი არის სწორი კვება. მეორე, რაზეც მე ძალიან მინდა ყურადღება გავამახვილო და ხაზი გავუსვა, არის მოძრაობა. ძვალ-სახსროვანი სისტემის ჩამოყალიბება არ ხერხდება ნორმალურად საკადრისი, კანონზომიერი და ზომიერი მოძრაობის გარეშე. ეს მოძრაობა უნდა იყოს ძალიან ნორმირებული. ბევრ მშობელს ეშლება და თვლის, რომ რაც უფრო მეტად დატვირთავს ბავშვს, ეს მით უფრო კარგ შედეგს მოიტანს, არა! მოძრაობა უნდა იყოს ნორმირებული: არც მეტი, არც ნაკლები.

ძალიან ბევრ მშობელს აქვს კითხვა, რომელი სპორტით დაკავდეს ბავშვი, რომ მისი ჩონჩხი სწორად ჩამოყალიბდეს. აქაც შემიძლია მშობელს ვუთხრა, რომ ყველაზე კარგი სპორტი არის თამაში. ამიტომ მაქსიმალური კომფორტი შეუქმენით თქვენს შვილებს, რომ რაც შეიძლება მეტი ითამაშონ. რაც უფრო პატარაა ბავშვი, ეს მით უფრო მნიშვნელოვანია. არ არსებობს იდეალური სპორტი. ნებისმიერი სპორტი არის რუტინული მოძრაობები, რომელიც იმ სპორტისთვის არის დამახასიათებელი. თუ გინდათ, რომ ბავშვი დაკავებული იყოს რაიმე სპორტით, ეცადეთ, ცვალოთ წრეები: ტანვარჯიში, მერე ფეხბურთი, შემდეგ კალათბურთი, რომ ჩონჩხის ჩამოყალიბება მოხდეს სწორად. გახსოვდეთ, რომ ძვალ-სახსროვანი სისტემა არის ჩარჩო, რომელიც გაჩვენებთ, თქვენი შვილი რამდენად სწორად იზრდება და რამდენად კარგად იზრდება,- მოცემულ საკითხზე ნინო ჭოლოკავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„​მშობლები ხშირად მეკითხებიან, უნდა შეაღვიძონ თუ არა ბავშვები პამპერსის გამოსაცვლელად...“

„​მშობლები ხშირად მეკითხებიან, უნდა შეაღვიძონ თუ არა ბავშვები პამპერსის გამოსაცვლელად...“

უნდა შევაღვიძოთ თუ არა ბავშვები პამპერსის გამოსაცვლელად ღამით მაშინ, როცა ისინი ხანგრძლივი ძილის ფაზაში არიან?

აღნიშნულ კითხვაზე პასუხი პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა თავის ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა. იხილეთ პედიატრის პასუხი სიტყვა-სიტყვით:

„მშობლები ხშირად მეკითხებიან, უნდა შეაღვიძონ თუ არა ბავშვები პამპერსის გამოსაცვლელად ხანგრძლივი ძილის ფაზაში (ღამით)? სამ თვემდე ასაკის ბავშვებში არ არის ჩამოყალიბებული ძილის ცირკადული რითმი (დღის და ღამის გარჩევა). შეგიძლიათ, საჭიროების შემთხვევაში, გამოუცვალოთ პამპერსი კვების წინ (მაინც ხშირად ითხოვენ კვებას) რაც უფრო იზრდება ბავშვი ხანგრძლივდება უწყვეტი ძილის ფაზა. ამ პერიოდიდან არ არის რეკომენდირებული ძილის, როგორც ფიზიოლოგიური აქტის დარღვევა პამპერსის გამოსაცვლელად, თუ რა თქმა უნდა არ არის ამის აუცილებლობა. თუ არ ხდება გამოჟონვა, მშვიდად ძინავს, არ შეიცავს განავლოვან მასებს, არ ხდება კანის სწრაფი გაღიზიანება-გამოწვა, ამ შემთხვევაში ნუ დაურღვევთ ისეთ ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას როგორიც ძილია! დედის და შვილის მშვიდი ძილის აუცილებლობა, ნამდვილად ანგრევს მითს იმის შესახებ, რომ თითქოს 8-10 საათის განმავლობაში, შეუცვლელი პამპერსით ძილი მავნებელია...მერწმუნეთ, რომ თუ პატარას ძილის პრობლემები აქვს,  დედას კი ქრონიკული გადაღლის სინდრომი (უძილობით და ბავშვის მოვლასთან დაკავშირებული პრობლემებით გამოწვეული) ყოველ 4-6 საათში ბავშვის გაღვიძება(როცა მას მშვიდად ძინავს) პამპერსის გამოსაცვლელად პრიორიტეტების სიაში ბოლო ადგილს იკავებს. ყველა შეღვიძების შემთხვევაში ირღვევა უწყვეტი ძილის ცირკადული რითმი, რაც უარყოფითად მოქმედებს ბავშვის მენტალური და ემოციური სფეროს ჩამოყალიბებაზე, იმუნური სისტემის განვითარებაზე, სხვადასხვა ქრონიკული დაავადების განვითარების ხელშემწყობი ფაქტორი ხდება. გაღვიძების შემთხვევაში ბავშვი შეიძლება აღიგზნოს, დაიწყოს ჭირვეულობა, ტირილი ან პირიქით მიიღოს გამოწვევა თამაშსა და გართობაზე, რასაც მოყვება ჩაძინების პროცესის გაძნელება(აი, ძილის თავში ავარდნას რომ ეძახიან ხალხში). გაითვალისწინეთ, რომ როცა ბავშვი კომფორტულად გრძნობს თავს, მშვიდად იძინებს! დისკომფორტის შემთხვევაში ის ჩართავს „სიგნალიზაციას", რომელიც არავის არ დაგინდობთ. ასე, რომ იძინეთ მშვიდად სანამ ბატონს ძინავს და მასაც მიეცით მშვიდი ძილის საშუალება, ნუ შეაწუხებთ ჰიპერაპეკით.“
წაიკითხეთ სრულად