Baby Bag

რომელია ბავშვის ჩონჩხის სწორად ჩამოყალიბებისთვის საუკეთესო სპორტი? - ორთოპედ-ტრავმატოლოგის ნინო ჭოლოკავას რეკომენდაციები

ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგმა ნინო ჭოლოკავამ ბავშვის ჩონჩხის სწორად ჩამოყალიბებისთვის მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს ორ ფაქტორს. ერთი არის სწორი კვება. მეორე, რაზეც მე ძალიან მინდა ყურადღება გავამახვილო და ხაზი გავუსვა, არის მოძრაობა. ძვალ-სახსროვანი სისტემის ჩამოყალიბება არ ხერხდება ნორმალურად საკადრისი, კანონზომიერი და ზომიერი მოძრაობის გარეშე. ეს მოძრაობა უნდა იყოს ძალიან ნორმირებული. ბევრ მშობელს ეშლება და თვლის, რომ რაც უფრო მეტად დატვირთავს ბავშვს, ეს მით უფრო კარგ შედეგს მოიტანს, არა! მოძრაობა უნდა იყოს ნორმირებული: არც მეტი, არც ნაკლები.

ძალიან ბევრ მშობელს აქვს კითხვა, რომელი სპორტით დაკავდეს ბავშვი, რომ მისი ჩონჩხი სწორად ჩამოყალიბდეს. აქაც შემიძლია მშობელს ვუთხრა, რომ ყველაზე კარგი სპორტი არის თამაში. ამიტომ მაქსიმალური კომფორტი შეუქმენით თქვენს შვილებს, რომ რაც შეიძლება მეტი ითამაშონ. რაც უფრო პატარაა ბავშვი, ეს მით უფრო მნიშვნელოვანია. არ არსებობს იდეალური სპორტი. ნებისმიერი სპორტი არის რუტინული მოძრაობები, რომელიც იმ სპორტისთვის არის დამახასიათებელი. თუ გინდათ, რომ ბავშვი დაკავებული იყოს რაიმე სპორტით, ეცადეთ, ცვალოთ წრეები: ტანვარჯიში, მერე ფეხბურთი, შემდეგ კალათბურთი, რომ ჩონჩხის ჩამოყალიბება მოხდეს სწორად. გახსოვდეთ, რომ ძვალ-სახსროვანი სისტემა არის ჩარჩო, რომელიც გაჩვენებთ, თქვენი შვილი რამდენად სწორად იზრდება და რამდენად კარგად იზრდება,- მოცემულ საკითხზე ნინო ჭოლოკავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„მედიკამენტები არავითარ შემთხვევაში არ უნდა გქონდეთ ღიად მაგიდაზე დატოვებული იმ სივრცეში, სადაც სადილი მზადდება,“ - მარი მალაზონია

„მედიკამენტები არავითარ შემთხვევაში არ უნდა გქონდეთ ღიად მაგიდაზე დატოვებული იმ სივრცეში, სადაც სადილი მზადდება,“ - მარი მალაზონია

ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ მედიკამენტების სწორად შენახვის წესების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ წამლების ღიად, მაგიდაზე შენახვა შეცდომაა:

„რატომ არ შეიძლება, რომ ღიად, მაგიდაზე გვეწყოს აბები, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ? მე მესმის, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ეს მოსახერხებელია, მაგალითად, თუ გვავიწყდება წამლის გამოღება იმ კარადიდან, სადაც უნდა ინახებოდეს ეს წამლები. ამისთვის შეიძლება პატარა კონტეინერი გქონდეთ, ან პატარა ჭურჭელი, რომელშიც იქნება მინიშნებები. შესაძლოა, ​გქონდეთ ფურცელში გადახვეული, წინასწარ გამზადებული, მოჭრილი დოზები, როგორც კერძს გადავანაწილებდით, ასე ულუფებად გადანაწილებული.“

მარი მალაზონიას თქმით, როდესაც მედიკამენტებს სამზარეულოს მაგიდაზე ვტოვებთ, მისი შენახვის პირობებს ვერ ვიცავთ:

„მედიკამენტები არავითარ შემთხვევაში არ უნდა გქონდეთ ღიად მაგიდაზე დატოვებული იმ სივრცეში, სადაც სადილი მზადდება, სადაც ჩაიდანს ვადუღებთ. თუ თქვენს სამკურნალო საშუალებას არ აქვს საგანგებო მითითება: „შეინახეთ აუცილებლად მაცივარში,“ ​ყველა დანარჩენ შემთხვევაში მედიკამენტს აქვს მითითება, რომ შეინახოთ ბნელ და გრილ ადგილას, ტენიანობის გარეშე. ეს ის პირობებია, რომელსაც სამზარეულოში მაგიდაზე დადების შემთხვევაში ვერ დავიცავთ.“

„თვითონ მედიკამენტის ვარგისიანობას შეექმნება საფრთხე. როდესაც ვარგისიანობა ეჭვქვეშ დგება, შ​ეიძლება აღმოჩნდეს ადამიანისთვის საფრთხის შემცველი. ყოველთვის დავიცვათ წამლის მოხმარების წესებთან ერთად მისი შენახვის წესები,“ - აღნიშნულ საკითხე მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად