Baby Bag

რომელია ბავშვის ჩონჩხის სწორად ჩამოყალიბებისთვის საუკეთესო სპორტი? - ორთოპედ-ტრავმატოლოგის ნინო ჭოლოკავას რეკომენდაციები

ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგმა ნინო ჭოლოკავამ ბავშვის ჩონჩხის სწორად ჩამოყალიბებისთვის მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს ორ ფაქტორს. ერთი არის სწორი კვება. მეორე, რაზეც მე ძალიან მინდა ყურადღება გავამახვილო და ხაზი გავუსვა, არის მოძრაობა. ძვალ-სახსროვანი სისტემის ჩამოყალიბება არ ხერხდება ნორმალურად საკადრისი, კანონზომიერი და ზომიერი მოძრაობის გარეშე. ეს მოძრაობა უნდა იყოს ძალიან ნორმირებული. ბევრ მშობელს ეშლება და თვლის, რომ რაც უფრო მეტად დატვირთავს ბავშვს, ეს მით უფრო კარგ შედეგს მოიტანს, არა! მოძრაობა უნდა იყოს ნორმირებული: არც მეტი, არც ნაკლები.

ძალიან ბევრ მშობელს აქვს კითხვა, რომელი სპორტით დაკავდეს ბავშვი, რომ მისი ჩონჩხი სწორად ჩამოყალიბდეს. აქაც შემიძლია მშობელს ვუთხრა, რომ ყველაზე კარგი სპორტი არის თამაში. ამიტომ მაქსიმალური კომფორტი შეუქმენით თქვენს შვილებს, რომ რაც შეიძლება მეტი ითამაშონ. რაც უფრო პატარაა ბავშვი, ეს მით უფრო მნიშვნელოვანია. არ არსებობს იდეალური სპორტი. ნებისმიერი სპორტი არის რუტინული მოძრაობები, რომელიც იმ სპორტისთვის არის დამახასიათებელი. თუ გინდათ, რომ ბავშვი დაკავებული იყოს რაიმე სპორტით, ეცადეთ, ცვალოთ წრეები: ტანვარჯიში, მერე ფეხბურთი, შემდეგ კალათბურთი, რომ ჩონჩხის ჩამოყალიბება მოხდეს სწორად. გახსოვდეთ, რომ ძვალ-სახსროვანი სისტემა არის ჩარჩო, რომელიც გაჩვენებთ, თქვენი შვილი რამდენად სწორად იზრდება და რამდენად კარგად იზრდება,- მოცემულ საკითხზე ნინო ჭოლოკავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„მკაცრად უნდა გავაჟღეროთ, რომ ვაქცინა არ არის ექსპერიმენტული,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

„მკაცრად უნდა გავაჟღეროთ, რომ ვაქცინა არ არის ექსპერიმენტული,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ კოვიდ-19-თან ბრძოლაში ვაქცინების მაღალი ეფექტიანობის შესახებ ისაუბრა და მსოფლიო პრაქტიკიდან მიღებული მონაცემები გაგვაცნო:

„მსოფლიო პრაქტიკა ასეთია, რომ 95 %-ზე მეტი აცრილი ადამიანი არც ჰოსპიტალში ხვდება და არც ლეტალობის შემთხვევები არ არის. ეს არის რეალობა, რამდენიც უნდა ვისაუბროთ ჩვენ ​ვაქცინა არის ავტორიზებული, პრეკვალიფიცირებული თუ ა.შ. მკაცრად უნდა გავაჟღეროთ, რომ ვაქცინა არ არის ექსპერიმენტული.“

თემურ მიქელაძის თქმით, ექსპერიმენტული ვაქცინები მხოლოდ ცხოველებზე კეთდება:

„ექსპერიმენტული ვაქცინა ადამიანებზე არ კეთდება. ექსპერიმენტული ვაქცინა კეთდება ცხოველებზე. ​ჩვენ გვაქვს მსოფლიოს მკაცრი მარეგულირებლების მიერ ავტორიზებული ვაქცინა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, ევროპის წამლის სააგენტო, ამერიკის FDA საკმაოდ მკაცრი მარეგულირებლებია.“

„ბავშვებს რაც შეეხება, ​კონკრეტულად ერთი ადამიანი არ ინფიცირდება. ირგვლივ ინფიცირებული უნდა იყოს ან მომვლელი, ან უნდა იყოს ინფიცირებულ სხვა ბავშვთან კონტაქტი. ამით ვახდენთ დიფერენცირებას, ბავშვს რა ტიპის ვირუსი აქვს. ახლა გავრცელებულია სეზონური ინფექციებიც, რომლებიც აბსოლუტურად მსგავსია კორონავირუსული ინფექციების. ისევე როგორც ნებისმიერი სხვა, რინოვირუსული იქნება თუ ადენოვირუსული ინფექციები, საკმაოდ ძნელი სადიფერენციოა. ჩემთან მოსული პაციენტების 15-20 %-ს კორონავირუსული ინფექცია აქვს,“ - აღნიშნულ საკითხებზე თემურ მიქელაძემ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემაში „შენი დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„შენი დილა“

წაიკითხეთ სრულად