Baby Bag

რომელია ბავშვის ჩონჩხის სწორად ჩამოყალიბებისთვის საუკეთესო სპორტი? - ორთოპედ-ტრავმატოლოგის ნინო ჭოლოკავას რეკომენდაციები

ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგმა ნინო ჭოლოკავამ ბავშვის ჩონჩხის სწორად ჩამოყალიბებისთვის მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს ორ ფაქტორს. ერთი არის სწორი კვება. მეორე, რაზეც მე ძალიან მინდა ყურადღება გავამახვილო და ხაზი გავუსვა, არის მოძრაობა. ძვალ-სახსროვანი სისტემის ჩამოყალიბება არ ხერხდება ნორმალურად საკადრისი, კანონზომიერი და ზომიერი მოძრაობის გარეშე. ეს მოძრაობა უნდა იყოს ძალიან ნორმირებული. ბევრ მშობელს ეშლება და თვლის, რომ რაც უფრო მეტად დატვირთავს ბავშვს, ეს მით უფრო კარგ შედეგს მოიტანს, არა! მოძრაობა უნდა იყოს ნორმირებული: არც მეტი, არც ნაკლები.

ძალიან ბევრ მშობელს აქვს კითხვა, რომელი სპორტით დაკავდეს ბავშვი, რომ მისი ჩონჩხი სწორად ჩამოყალიბდეს. აქაც შემიძლია მშობელს ვუთხრა, რომ ყველაზე კარგი სპორტი არის თამაში. ამიტომ მაქსიმალური კომფორტი შეუქმენით თქვენს შვილებს, რომ რაც შეიძლება მეტი ითამაშონ. რაც უფრო პატარაა ბავშვი, ეს მით უფრო მნიშვნელოვანია. არ არსებობს იდეალური სპორტი. ნებისმიერი სპორტი არის რუტინული მოძრაობები, რომელიც იმ სპორტისთვის არის დამახასიათებელი. თუ გინდათ, რომ ბავშვი დაკავებული იყოს რაიმე სპორტით, ეცადეთ, ცვალოთ წრეები: ტანვარჯიში, მერე ფეხბურთი, შემდეგ კალათბურთი, რომ ჩონჩხის ჩამოყალიბება მოხდეს სწორად. გახსოვდეთ, რომ ძვალ-სახსროვანი სისტემა არის ჩარჩო, რომელიც გაჩვენებთ, თქვენი შვილი რამდენად სწორად იზრდება და რამდენად კარგად იზრდება,- მოცემულ საკითხზე ნინო ჭოლოკავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„დიდი რისკი გვაქვს, რომ განვითარდეს ტოქსიურობა, ორგანიზმის მოწამვლა D ვიტამინით,“ - ზაზა თელია ჰიპერვიტამინოზის საფრთხეებზე

„დიდი რისკი გვაქვს, რომ განვითარდეს ტოქსიურობა, ორგანიზმის მოწამვლა D ვიტამინით,“ - ზაზა თელია ჰიპერვიტამინოზის საფრთხეებზე

დერმატო-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ ჰიპერვიტამინოზის საფრთხეებზე ისაუბრა და D ვიტამინის დანამატების გამოყენებისას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოგვიწოდა:

„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ როგორც ჰიპოვიტამინოზი, ისევე ჰიპერვიტამინოზი არის სერიოზული საფრთხე. ამ თემაზე არავინ არ საუბრობს. ვიტამინების მოჭარბება ორგანიზმში არის ასევე პრობლემა. როდესაც დანამატის სახით იღებენ ადამიანები ვიტამინებს, დიდი რისკია, რომ მოხდეს ჰიპერვიტამინოზი. D ვიტამინის რეკომენდებული ნორმა 600-დან 800 ერთეულამდეა. ​თქვენ რომ გადახედოთ, რა რაოდენობის D ვიტამინი ინიშნება, ეს საგანგაშოა.

ზაზა თელიას თქმით, D ვიტამინის ზედმეტი დოზებით მიღება ტოქსიურობის განვითარების რისკებს ზრდის:

„4000-5000 ერთეულის მიღება დღის განმავლობაში, როდესაც რეკომენდებულია 600-800 ერთეული, წარმოიდგინეთ რამხელა სხვაობაა. რიცხვები განსხვავებულია ასაკის მიხედვით, ასევე განსხვავებაა ორსულებთან და ბავშვებთან. ჩვენ დიდი რისკი გვაქვს, რომ განვითარდეს ტოქსიურობა. ტოქსიურობა ნიშნავს, როდესაც D ვიტამინით მოწამვლა ხდება ორგანიზმის. შესაძლებელია, რისკი იყოს ჰიპერკალცემიის,​ ორგანიზმში კალციუმის მოჭარბების. ეს რატომ არის საგანგაშო? ჩვენ ვიცით, რომ D ვიტამინი ეხმარება ორგანიზმს, რომ შეითვისოს კალციუმი და შექმნას ე.წ. რეზერვი. როდესაც კალციუმის რეზერვი შევსებულია და ჩვენ დამატებით ვიღებთ D ვიტამინს, ხდება წებოს სახით კალციუმის ჩალაგება, ამან შესაძლოა განაპირობოს სისხლძარღვებსა და რბილ ქსოვილში კალციუმის ჩალაგება. თირკმელში კენჭების გაჩენის რისკი იმატებს.“

„წარმოდგენილია უზარმაზარი კვლევა. ამ კვლევაში 443 000 ადამიანზე მეტი მონაწილეობდა. შესწავლილი იყო D ვიტამინის როლი კოვიდ-19-ის დროს. კვლევამ ვერ ანახა ვერანაირი სარგებელი. არსებობს D ვიტამინის გენეტიკურად დეტერმინირებული დაბალი მაჩვენებლი. ამ შემთხვევაში ადამიანი, რაც უნდა დანამატის სახით D ვიტამინი მიიღოს, ვერ აიყვანს ორგანიზმში D ვიტამინს მაღლა. გენეტიკურად დეტერმინირებული ​ვიტამინ D-ს ნაკლებობა ვისაც ჰქონდა, ამ ადამიანებში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი იყო ბევრად დაბალი, ვიდრე იმ ადამიანებში, ვისაც ეს მაჩვენებლი დაბალი არ ჰქონდა,“ - აღნიშნულ საკითხებზე ზაზა თელიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად