Baby Bag

„თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია,“ - ბავშვთა ქირურგი ლევან ხარაშვილი

ბავშვთა ქირურგმა ლევან ხარაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვებს ფეხშიშველი სიარულის შესაძლებლობა მისცენ:

„თუ ბავშვი სიარულს სწავლობს, ფეხზე დგება, დაყრდნობა იცის და ცდილობს, რომ იაროს, სჯობს, რომ ფეხზე საერთოდ არ ეცვას. ასე ის უკეთესად შეიგრძნობს იმ ზედაპირს, რომელზეც დგას. კონტაქტი მის სხეულსა და ზედაპირს შორის გაცილებით უკეთესად ყალიბდება. ის უკეთესად გრძნობს, რომელი ზედაპირია მყარი, რომელი რბილი, სად შეიძლება ენდოს, სად შეიძლება ფეხი დაუცურდეს. თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია. არ არის აუცილებელი ორთოპედიული ფეხსაცმელების და სუპინატორების დამზადება.

ამდენი წელია ბავშვების ექიმი ვარ და ყოველი პაციენტის ჩემს კაბინეტში შემოყვანა იწყება ამაზე საუბრით, რომ გახადეთ ბავშვს, სცხელა. ძალიან დაეჭვებული სახით მიყურებენ ხოლმე, გახდიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი ჩემი კაბინეტიდან გავლენ, აუცილებლად ჩააცმევენ. რომელიღაც ოჯახის წევრი, ძირითადად ბებიები, ჭკვიან ექიმად არ მომიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ რა ვქნა?! მე უნდა ვიბრძოლო ბავშვებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ლევან ხარაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის ოცნებების ასრულება, ეს უნდა იყოს ციკლური ხასიათის,“- ზურა მხეიძის რჩევები წყვილებს

„უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის ოცნებების ასრულება, ეს უნდა იყოს ციკლური ხასიათის,“- ზურა მხეიძის რჩევები წყვილებს

ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ ოჯახურ ურთიერთობებში წყვილს შორის რუტინისა და მოწყენილობის გადასალახად დადებითი და ძლიერი ემოციების არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ წყვილმა წელიწადში ერთხელ მაინც უნდა განიცადოს განსაკუთრებით ძლიერი, პოზიტიური ემოცია, რათა ურთიერთობამ სტაბილურობა შეინარჩუნოს:

„ჩვენ რუტინაში ვიხლართებით. ამიტომ ურთიერთობებმა რომ შეინარჩუნოს ის ნაწილი, რომ გადაგალახინოთ რუტინის ემოცია. უნდა ვეცადოთ, რომ წელიწადში ერთხელ გავაკეთოთ ერთმანეთისთვის რამე ისეთი, რომელიც იმდენად ჭარბ პოზიტიურ ემოციებს იძლევა, რომ მერე ერთი ან ორი წელი თანაცხოვრებისას გარკვეული ტიპის რუტინა გადაგატანინოთ. ამაზე უნდა იფიქროს ორივე მხარემ. მე რაღაც უნდა გავაკეთო, რაც მეორეს ძალიან აღაფრთოვანებს. ეს უნდა იყოს ციკლური ხასიათის. ჩვენ ურთიერთობების შეფასების დროს ვიხსენებთ ხოლმე რა გვქონდა ერთმანეთთან, რუტინას არავინ არ იხსენებს. მე მოვდიოდი სახლში და ისიც მოდიოდა სახლში, ეს არ არის გახსენების მომენტი.

ადამიანს, შენს პარტნიორს თუ კარგად იცნობ, იცი რაზე როგორ რეაგირებს, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის ოცნებების ასრულება, ისეთი რაღაცების გაკეთება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მეორე ადამიანისთვის. შეიძლება თქვენთვის სულ არ არის ეს მნიშვნელოვანი. ასეთი ტიპის ემოცია, რომელიც ზემოდან გადაფარებულია რუტინული ტიპის ურთიერთობებზე, იძლევა საკვებს, რომ ურთიერთობები სტაბილური იყოს,“- აღნიშნა ზურა მხეიძემ.

წყარო: ​ტრენერთა ასოციაცია • Trainers' Association

წაიკითხეთ სრულად