Baby Bag

„თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია,“ - ბავშვთა ქირურგი ლევან ხარაშვილი

ბავშვთა ქირურგმა ლევან ხარაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვებს ფეხშიშველი სიარულის შესაძლებლობა მისცენ:

„თუ ბავშვი სიარულს სწავლობს, ფეხზე დგება, დაყრდნობა იცის და ცდილობს, რომ იაროს, სჯობს, რომ ფეხზე საერთოდ არ ეცვას. ასე ის უკეთესად შეიგრძნობს იმ ზედაპირს, რომელზეც დგას. კონტაქტი მის სხეულსა და ზედაპირს შორის გაცილებით უკეთესად ყალიბდება. ის უკეთესად გრძნობს, რომელი ზედაპირია მყარი, რომელი რბილი, სად შეიძლება ენდოს, სად შეიძლება ფეხი დაუცურდეს. თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია. არ არის აუცილებელი ორთოპედიული ფეხსაცმელების და სუპინატორების დამზადება.

ამდენი წელია ბავშვების ექიმი ვარ და ყოველი პაციენტის ჩემს კაბინეტში შემოყვანა იწყება ამაზე საუბრით, რომ გახადეთ ბავშვს, სცხელა. ძალიან დაეჭვებული სახით მიყურებენ ხოლმე, გახდიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი ჩემი კაბინეტიდან გავლენ, აუცილებლად ჩააცმევენ. რომელიღაც ოჯახის წევრი, ძირითადად ბებიები, ჭკვიან ექიმად არ მომიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ რა ვქნა?! მე უნდა ვიბრძოლო ბავშვებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ლევან ხარაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩავუდოთ ბავშვს ნაყინიანი კოვზი პირში და ათამდე დავთვალოთ,“- ევგენი კომაროვსკი ნაყინის მეშვეობით იმუნიტეტის გაძლიერების საინტერესო მეთოდის შესახებ

„ჩავუდოთ ბავშვს ნაყინიანი კოვზი პირში და ათამდე დავთვალოთ,“- ევგენი კომაროვსკი ნაყინის მეშვეობით იმუნიტეტის გაძლიერების საინტერესო მეთოდის შესახებ

ცნობილმა პედიატრმა ევგენი კომაროვსკიმ ნაყინის დახმარებით ადგილობრივი იმუნიტეტის გაძლიერების საინტერესო მეთოდზე ისაუბრა:

„ნაყინი რეგულარულად უნდა მიირთვათ. პირის ღრუს ადგილობრივი იმუნიტეტის გასაძლიერებლად ძალიან სასარგებლოა ნუშურა ჯირკვლებზე სიცივის რეგულარული ზემოქმედება. ნაყინი არა თვეში ერთხელ, არამედ რეგულარულად უნდა მიიღოთ. მეთოდოლოგია შემდეგია: წავიდეთ, შევიძინოთ ერთი კილოგრამი თეთრი ნაყინი და დავიწყოთ მკურნალობა. ჩავუდოთ ბავშვს ნაყინიანი კოვზი პირში და ათამდე დავთვალოთ. ამის შემდეგ ბავშვს შეუძლია ნაყინი გადაყლაპოს. დღეში სამჯერ ერთი ჩაის კოვზი ნაყინი საკმარისია.“

პედიატრმა მშობლებს მოუწოდა ნაყინის დაბალი ტემპერატურის არ შეეშინდეთ. მეორე დღეს მშობლებს შეუძლიათ ბავშვს უკვე ორი კოვზი ნაყინი შესთავაზონ დღეში ერთხელ.

ევგენი კომაროვსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აქტიური და მოძრავი ბავშვისთვის ნაყინის კალორიების წყაროდ გამოყენება ნებადართულია. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი სახლში ზის, დღის უმეტეს ნაწილს უძრავ მდგომარეობაში ატარებს და ჭარბი წონა აწუხებს, მასთან მსგავსი ტიპის ტკბილეულის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

წყარო: ​vm.ru

წაიკითხეთ სრულად