Baby Bag

„თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია,“ - ბავშვთა ქირურგი ლევან ხარაშვილი

ბავშვთა ქირურგმა ლევან ხარაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვებს ფეხშიშველი სიარულის შესაძლებლობა მისცენ:

„თუ ბავშვი სიარულს სწავლობს, ფეხზე დგება, დაყრდნობა იცის და ცდილობს, რომ იაროს, სჯობს, რომ ფეხზე საერთოდ არ ეცვას. ასე ის უკეთესად შეიგრძნობს იმ ზედაპირს, რომელზეც დგას. კონტაქტი მის სხეულსა და ზედაპირს შორის გაცილებით უკეთესად ყალიბდება. ის უკეთესად გრძნობს, რომელი ზედაპირია მყარი, რომელი რბილი, სად შეიძლება ენდოს, სად შეიძლება ფეხი დაუცურდეს. თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია. არ არის აუცილებელი ორთოპედიული ფეხსაცმელების და სუპინატორების დამზადება.

ამდენი წელია ბავშვების ექიმი ვარ და ყოველი პაციენტის ჩემს კაბინეტში შემოყვანა იწყება ამაზე საუბრით, რომ გახადეთ ბავშვს, სცხელა. ძალიან დაეჭვებული სახით მიყურებენ ხოლმე, გახდიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი ჩემი კაბინეტიდან გავლენ, აუცილებლად ჩააცმევენ. რომელიღაც ოჯახის წევრი, ძირითადად ბებიები, ჭკვიან ექიმად არ მომიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ რა ვქნა?! მე უნდა ვიბრძოლო ბავშვებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ლევან ხარაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვებისთვის შაქრის მოხმარება როგორც სადღესასწაულო დღეებში, ასევე ზოგადად არ არის რეკომენდებული,“ - ენდოკრინოლოგი თამარ ჩადუნელი

„ბავშვებისთვის შაქრის მოხმარება როგორც სადღესასწაულო დღეებში, ასევე ზოგადად არ არის რეკომენდებული,“ - ენდოკრინოლოგი თამარ ჩადუნელი

ენდოკრინოლოგმა თამარ ჩადუნელმა სადღესასწაულო დღეებში მშობლებს ბავშვებში ტკბილეულის მიღების შეზღუდვისკენ მოუწოდა:

„ბავშვებისთვის შაქრის მოხმარება როგორც სადღესასწაულო დღეებში, ასევე ზოგადად არ არის რეკომენდებული. საერთოდ არ არის რეკომენდებული, რომ ბავშვს ჩაი დავალევინოთ შაქრით და მივცეთ დიდი რაოდენობით ტკბილეული. ყოველთვის ვცდილობთ, რომ ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ პატარა ასაკიდან. მინიმალურად უნდა გამოვიყენოთ შაქრის შემცველი პროდუქტი.“

თამარ ჩადუნელის თქმით, ლაქტაციის დროს მონოდიეტების დაწყება არ შეიძლება:

„ლაქტაციის დროს მონოდიეტა და მკაცრი დიეტა თვითნებურად არაფრით არ შეიძლება. დედებს ვურჩევდი, რა თქმა უნდა, სწორ კვებას. ს​წორი კვება გულისხმობს დღეში 3-4-ჯერ კვებას. დღე დავიწყოთ საუზმით. საუზმეზე შეიძლება იყოს შედარებით მაღალკალორიული პროდუქტი, პური, ბურღულეული, ხილი. დღის მეორე ნახევარში წვნიანი, ხორცის პროდუქტები, სალათი, რძის პროდუქტები. ყველი უფრო დღის პირველ ნახევარში, რადგან შედარებით კალორიულია.“

„თვლიან, რომ ხილი კვება არ არის. საღამოს ორი ცალი მანდარინი, ვაშლი, თუ ადამიანს არ ჩავეკითხებით, თვლის, რომ არაფერი უჭამია. ნებისმიერი ხილი, თუნდაც ეს იყოს ტყემალი და ალუჩა, შეიცავს შაქარს. ხილი უნდა მივიღოთ დღის პირველ ნახევარში,“ - აღნიშნულ საკითხზე თამარ ჩადუნელმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა ფორმულაზე“

წაიკითხეთ სრულად