Baby Bag

„მნიშვნელოვანია, რომ პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის დიაგნოსტირება მოზარდობის ასაკში მოხდეს, რათა ავირიდოთ შორეული გართულებები,“- მეან-გინეკოლოგი მადლენა ხვიჩია

მეან-გინეკოლოგმა მადლენა ხვიჩიამ პოლიცისტური საკვერცხის სინდრომისთვის დამახასიათებელი ნიშნები დაასახელა:

„პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის სიხშირე 5-დან 25%-მდეა. ეს ყველაფერი მოზარდობის ასაკიდან იღებს დასაბამს. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ ასაკში მოხდეს მისი დიაგნოსტირება, რათა ავირიდოთ ის გართულებები შორეული, რაც ახასიათებს პოლიცისტური საკვერცხის სინდრომს.

კლინიკური პრაქტიკიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში საკმაოდ ხშირია ამ პრობლემით მომართვიანობა. პირველი ნიშანი, რითაც ხშირად მოგვმართავენ, არის არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, არის მენსტრუათაშორისი ინტერვალის გახანგრძლივება 38 და მეტი დღის ინტერვალით. ასეთ პაციენტებს ასევე აღენიშნებათ ჭარბი სისხლიანი გამონადენი, მენსტრუალური დღეების გახანგრძლივება. მოზარდების შემთხვევაში ვსაუბრობთ 7 დღე და მეტი, ხოლო რეპროდუქციული ასაკის ქალბატონებში 8 დღე და მეტი შეიძლება იყოს.

მნიშვნელოვანი ნიშანია ანდროგენების სიჭარბით გამოწვეული აკნე, ჭარბთმიანობა, უხეში, გრძელი, შავი თმების არსებობა სხეულის იმ ნაწილზე, სადაც ქალბატონებისთვის არ არის დამახასიათებელი, სახეზე, სარძევე ჯირკვლების დვრილების გარშემო და მუცლის წინა ხაზზე. ასევე არის საკვერცხის სტრუქტურული ცვლილებები, ხდება კაფსულის გასქელება, მასში მრავლდება სითხური ჩანართები, რის გამოც მას ეძახდნენ პოლიცისტურ საკვერცხეს. საკვერცხის მოცულობა გაზრდილია. უნდა აღინიშნოს ჭარბი წონა, რომელიც პოლიცისტური საკვერცხის შემთხვევაში მოზარდების დაახლოებით 50%-ში აღინიშნება.

მოზარდობის პერიოდი გოგონებისთვის ძალიან მგრძნობიარეა. ეს კლინიკური ნიშნები: ჭარბთმიანობა, ჭარბი წონა, აკნე, ემოციური თვალსაზრისით მათთვის დამთრგუნველია და შეიძლება თვითშეფასება დაბლა დაწიოს. მომავალში ეს სერიოზულ ფსიქოლოგიურ პრობლემებთან, დეპრესიასთან არის დაკავშირებული,“- მოცემულ საკითხზე მადლენა ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ევროპულ ენებში სიმ-ბარათს ჰქვია „ქარდ,“ ეს ქართული სიტყვაა,“ - ლინგვისტი მერაბ ჩუხუა

„ევროპულ ენებში სიმ-ბარათს ჰქვია „ქარდ,“ ეს ქართული სიტყვაა,“ - ლინგვისტი მერაბ ჩუხუა

ლინგვისტმა მერაბ ჩუხუამ ქართული ენის შესაძლებლობებსა და ბუნებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ჩვენი ენის შესაძლებლობები სათანადოდ არ გამოიყენება:

„რამდენი ტერმინი შექმნილა და ორი დღე არ უცოცხლია, დაბადებით იყო მკვდარი. თუ გავითვალისწინებთ ქარული ენის ბუნებას და შესაძლებლობებს, ის არის ბევრად მეტი, ვიდრე ჩვენ გვგონია. ქართულს აქვს ისეთი სიტყვათსაწარმოებელი შესაძლებლობები, რომლებსაც დღეს სძინავთ. თქვენ ოდესმე გიფიქრიათ, „ქალამანი“ საიდან მოვიდა?! იქ „მანს“ გამოჰყოფთ? ღმერთმანში" ხომ გამოჰყოფთ „მანს?“ „ქალა“ არის ტყავი და ქალამანი არის ტყავისგან გაკეთებული ფეხსაცმელი. რომელი ერთი შემთხვევა ვიცით ბოლო დროს, რომ ვინმემ გამოიყენოს „მან?“ ამ დროს ის არის ძალიან ინტენსიური, ზმნაშიც გვაქვს: ტორტმანი, ყოყმანი, ჭოჭმანი.“

„შესაძლებლობაა, რომელიც არის, როგორც ოქროს ფონდი. ​ჩვენი რაც არის და შესაძლებლობები რაც აქვს ჩვენს ენას, მაქსიმალურად უნდა იყოს ამოქმედებული. ვინც ქმნის საგანს, ანუ კულტურას, სახელსაც ის აძლევს. ჩვენი ძველი კულტურა არის მოფენილი ჩვენივე შექმნილი სიტყვებით. თქვენ დღეს სიმ-ბარათის გარეშე წარმოგიდგენიათ ცხოვრება? ვერა! რა ჰქვია მას ევროპულ ენაზე? „ქარდ,“ „ქაღტე,“ „კარტა.“ ეს ქართული სიტყვაა. ძველ ქართულში „ქარტაი“ არის ნაწერი ტექსტი, რომელიც ბერძნულში გადავიდა „ქარტოსის“ სახით, მოედო მთელს ევროპას და უკან დაგიბრუნდა „კარტით.“ მე არ ვაჭარბებ. ეს არის დიდი ისტორია, რომელსაც ენა წერს,“ - აღნიშნულ საკითხზე მერაბ ჩუხუამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად