Baby Bag

„შეიძლება ბავშვის კიდურები შეხებით სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით გრილი მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას სცივა,“- პედიატრი მეგი ფარქოსაძე

პედიატრმა მეგი ფარქოსაძემ ჩვილის მოვლის წესებზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„დღევანდელი ტენდენციებით ნამდვილად აღარ არის მიზანშეწონილი ჩვილის მჭიდროდ შეკვრა. პირიქით, ხელების საშუალებით ჩვილი შეიცნობს სამყაროს, თავისი ხელების შეხებით, პირში ჩადებით. ფეხების ერთმანეთთან მჭიდრო პოზიციაში ყოფნა არავითარ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული, რადგან ხელს უწყობს ჩვილ ბავშვთა ასაკში დისპლაზიის ჩამოყალიბებას. რაც უფრო განზიდულ პოზიციაში იქნება ქვედა კიდურები, მით უფრო თავიდან აგვარიდებს ამ გავრცელებულ პრობლემას.

სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით შეიძლება ბავშვის კიდურები შეხებით გრილი მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენს ბავშვს სცივა. ყელში ან კისერზე ხელი უნდა მოკიდოთ და მისი სხეულის ჭეშმარიტ ტემპერატურას ასე განსაზღვრავთ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვთან გქონდეთ მუდმივი კონტაქტი, ჩაეხუტოთ, ხელში გყავდეთ აყვანილი, ესაუბროთ ნებისმიერ თემაზე. ხელში აყვანით ბავშვი არ გაფუჭდება ნამდვილად. ბავშვი თავის პატარა სამყაროში იყო და უზარმაზარ სამყაროში აღმოჩნდა. შეიძლება მან მარტო იგრძნოს თავი, ჰქონდეს შიში ამასთან დაკავშირებით. თქვენი ჩახუტება, როგორც დედის, ასევე მამის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს შეხება მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ბუნებრივ იმუნიტეტს უზიარებენ მშობლები ამ შეხებით ჩვილს. შესაბამისად მისი იმუნური სისტემა უფრო ძლიერდება,“- მოცემულ საკითხზე მეგი ფარქოსაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.

წყარო: ​„ექიმები“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

8 კრიტიკული ეტაპი ბავშვის ცხოვრებაში, რომლის შესახებ ყველა მშობელმა უნდა იცოდეს

8 კრიტიკული ეტაპი ბავშვის ცხოვრებაში, რომლის შესახებ ყველა მშობელმა უნდა იცოდეს

მშობელმა აუცილებლად უნდა იცოდეს, თუ რა ასაკში რა სახის ქცევას უნდა ელოდეს შვილისგან. ეს მშობლის ცხოვრებას მნიშვნელოვნად ამარტივებს. ჩვენს სტატიაში ბავშვის ცხოვრების კრიტიკულ ეტაპებს გაგაცნობთ, რომელთა შესახებ ცოდნა შვილთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ.

1. დაბადებიდან 3 თვემდე ასაკი

ამ ეტაპზე ბავშვს საკუთარი საჭიროებების გამოხატვა მხოლოდ ტირილით შეუძლია. ტირილის ხასიათი მშობელს მიახვედრებს ბავშვს შია, წყურია, ეძინება თუ ტკივილი აწუხებს. ზოგჯერ ბავშვი ტირილს უმიზეზოდ იწყებს. ასეთ დროს მას მშობლის სითბო და მოფერება ესაჭიროება. ახალშობილებს უსაფრთხოების განცდა სჭირდებათ. ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ მათზე ზრუნავენ. ახალშობილები თქვენი ხმის დახმარებით ემოციას გრძნობენ. მათ აუცილებლად თბილად უნდა ესაუბროთ. ბავშვს ხშირად უმღერეთ, პლედში გაახვიეთ და ხელით ატარეთ. ნუ გააკეთებთ მკვეთრ მოძრაობებს, როდესაც ბავშვი გიჭირავთ. ეს მას დააფრთხობს.

2. 4-დან 6 თვემდე ასაკი

ბავშვმა, შესაძლოა, გაიცინოს, იტიროს, იღუღუნოს იმის პასუხად, რასაც თქვენ მას ან თოჯინას ეუბნებით. მშობლებმა ბავშვის გაცინება უნდა სცადონ, რაც მარტივად გამოუვათ, თუ სასაცილო სახეს მიიღებენ. ამ ასაკიდან ბავშვები ადამიანების სახეს იმახსოვრებენ. ისინი კარგად ცნობენ დედას და მამას. გირჩევთ, თქვენს შვილს ახლობლები ამ ასაკიდან წარუდგინოთ.

3. 7-დან 12 თვემდე ასაკი

ამ ასაკიდან ბავშვებს დედისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება უჩნდებათ. ისინი დედას ეჯაჭვებიან და უცხო ადამიანებთან ურთიერთობა აშინებთ. მშობლები სახლიდან თუ გადიან, ბავშვები ტირიან. ბავშვი ტირილს და ჭარბ ემოციებს რომ აარიდოთ, თამაშის დროს ის ზოგჯერ რამდენიმე წუთით მარტო დატოვეთ (ცხადია, ბავშვი უსაფრთხო ადგილას უნდა თამაშობდეს და თქვენც ჩუმად უნდა ადევნოთ თვალყური), შემდეგ კი დაბრუნდით. პატარა დარწმუნდება, რომ დედა ყოველთვის მალე ბრუნდება, როდესაც მიდის.

4. 1-დან 2 წლამდე ასაკი

ამ ასაკში ბავშვს აქტიური სოციალური ინტერაქცია და ბუნებაში დროის გატარება ესაჭიროება. როდესაც 1-2 წლის ბავშვები თანატოლებთან თამაშობენ, მათთან სრულფასოვანი კავშირის დამყარებას ვერ ახერხებენ და არც სათამაშოების გაზიარება შეუძლიათ. ამ ასაკში ბავშვი ისტერიკების მოწყობას იწყებს, რის გამოც დისციპლინას დიდი ყურადღება უნდა დაუთმოთ. ბავშვს სწორად მოქცევა ყვირილისა და ცემის გარეშე უნდა ასწავლოთ.

5. 3 წლის ასაკი

ამ ასაკიდან ბავშვი სხვებთან თამაშს იწყებს. ის მეგობრებს სათამაშოებს უზიარებს. ბავშვის დადებითი ქცევა ხშირად უნდა წაახალისოთ. ბავშვი ისტერიკების მოწყობას ნელ-ნელა წყვეტს. მას ამ ასაკში შიშები ეუფლება. პატარას სიბნელე ან რომელიმე მონსტრი აშინებს. მას მშობლისგან თანაგრძნობა ესაჭიროება. ეცადეთ, ბავშვის დამოუკიდებლობა წაახალისოთ და ყოველთვის შეაქოთ ის, როდესაც რაიმეს საკუთარი ძალებით აკეთებს.

6. 4-დან 5 წლამდე ასაკი

ამ ასაკში ბავშვები წესებს იცავენ, მაგრამ ცუდისა და კარგის ერთმანეთისგან გარჩევა ჯერ კიდევ არ შეუძლიათ. მათი ცნობისმოყვარეობა ნელ-ნელა მატულობს. ბავშვები ცდილობენ დამოუკიდებლები იყვნენ, რაც მშობელმა უნდა წაახალისოს. ოთხი წლის ასაკში ბავშვს ხასიათი ხშირად ეცვლება, ის მეგობრებს ეჩხუბება, გარბის, ჭირვეულობს. ხუთი წლის ასაკიდან ბავშვი მშობელს უფრო უახლოვდება, მშვიდდება და სხვების გაბედნიერებას ცდილობს. ამ ასაკიდან ბავშვს საკუთარ გრძნობებზე ღიად საუბარი უნდა ასწავლოთ. როდესაც ბავშვი მიუღებელ ქცევას ავლენს, მშობელმა ის მისაღები ფორმით უნდა დასაჯოს, მაგ. რამდენიმე წუთით სკამზე დასვას.

7. 6-დან 12 წლამდე ასაკი

ამ ასაკში ბავშვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მეგობრობაა. შესაძლოა, მას რომანტიკული გრძნობებიც გაუჩნდეს თანატოლების მიმართ. ამ ასაკისთვის დამახასიათებელია ეჭვიანობის გრძნობის გამძაფრება. ბავშვებს ძალიან მოსწონთ სხვადასხვა ჯგუფში გაერთიანება, მეგობრებში აღიარების მოპოვება. მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე მშობელმა შვილთან ძალიან დიდი დრო გაატაროს. ამ ასაკში ბავშვს სხვების გრძნობებისა და განცდების პატივისცემა უნდა ასწავლოთ.

8. 13-დან 18 წლამდე ასაკი

თინეიჯერები საკუთარ თავს ყოველთვის სხვებს ადარებენ. მათთვის აღიარება ძალიან მნიშვნელოვანია. მშობელმა თინეიჯერ შვილს სტრესთან გამკლავება უნდა ასწავლოს და მასთან გულახდილად ისაუბროს. თინეიჯერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომანტიკული ურთიერთობები. თინეიჯერებს ძალიან უყვართ თავისუფლება. მნიშვნელოვანია, რომ თინეიჯერ შვილს თქვენთან საკუთარ სატკივარსა და სურვილებზე ღიად საუბარი შეეძლოს.

მომზადებულია ​brightside.me - ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად