Baby Bag

„შეიძლება ბავშვის კიდურები შეხებით სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით გრილი მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას სცივა,“- პედიატრი მეგი ფარქოსაძე

პედიატრმა მეგი ფარქოსაძემ ჩვილის მოვლის წესებზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„დღევანდელი ტენდენციებით ნამდვილად აღარ არის მიზანშეწონილი ჩვილის მჭიდროდ შეკვრა. პირიქით, ხელების საშუალებით ჩვილი შეიცნობს სამყაროს, თავისი ხელების შეხებით, პირში ჩადებით. ფეხების ერთმანეთთან მჭიდრო პოზიციაში ყოფნა არავითარ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული, რადგან ხელს უწყობს ჩვილ ბავშვთა ასაკში დისპლაზიის ჩამოყალიბებას. რაც უფრო განზიდულ პოზიციაში იქნება ქვედა კიდურები, მით უფრო თავიდან აგვარიდებს ამ გავრცელებულ პრობლემას.

სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით შეიძლება ბავშვის კიდურები შეხებით გრილი მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენს ბავშვს სცივა. ყელში ან კისერზე ხელი უნდა მოკიდოთ და მისი სხეულის ჭეშმარიტ ტემპერატურას ასე განსაზღვრავთ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვთან გქონდეთ მუდმივი კონტაქტი, ჩაეხუტოთ, ხელში გყავდეთ აყვანილი, ესაუბროთ ნებისმიერ თემაზე. ხელში აყვანით ბავშვი არ გაფუჭდება ნამდვილად. ბავშვი თავის პატარა სამყაროში იყო და უზარმაზარ სამყაროში აღმოჩნდა. შეიძლება მან მარტო იგრძნოს თავი, ჰქონდეს შიში ამასთან დაკავშირებით. თქვენი ჩახუტება, როგორც დედის, ასევე მამის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს შეხება მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ბუნებრივ იმუნიტეტს უზიარებენ მშობლები ამ შეხებით ჩვილს. შესაბამისად მისი იმუნური სისტემა უფრო ძლიერდება,“- მოცემულ საკითხზე მეგი ფარქოსაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.

წყარო: ​„ექიმები“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„დელტა შტამის შემთხვევაში ასაკს მნიშვნელობა არ აქვს,“ - ლევან რატიანი კოვიდ-19-ის ინდური შტამის შესახებ საუბრობს

„დელტა შტამის შემთხვევაში ასაკს მნიშვნელობა არ აქვს,“ - ლევან რატიანი კოვიდ-19-ის ინდური შტამის შესახებ საუბრობს

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა საქართველოში დელტა შტამის გავრცელებისა და იმ თავისებურებების შესახებ ისაუბრა, რომელიც ახალ შტამს კოვიდ-19-ის სხვა შტამებისგან განასხვავებს:

„ჩვენს ქვეყანაშიც მოხდა ამ სახეობის იდენტიფიცირება. ერთადერთი განმასხვავებელი სხვა შტამებისგან არის ის, რომ ახლა ახალგაზრდა ასაკშიც ინფიცირდებიან ადამიანები, უვლინდებათ სიმპტომატიკა. უფრო მეტად გამოხატულია ჰექტიური ცხელება. ვირუსს ჰქონდა ცხელების ეპიზოდები, ეს იყო მეხუთე, მეშვიდე დღეს, მაგრამ ​დელტა შტამის შემთხვევაში, ინფიცირების პირველივე დღესვე, შესაძლოა, გამოვლინდეს ტემპერატურის მატება. ტემპერატურა უფრო მეტად არის 38 და უფრო მაღალი.“

ლევან რატიანის თქმით, დელტა შტამს ბევრად მაღალი გადამდებლობა აქვს, ვიდრე სხვა შტამებს:

„ცხელება თავისთავად იწვევს ორგანიზმში გაუწყლოვებას. ამ შემთხვევაში ადამიანმა, რა ასაკისაც უნდა იყოს, აუცილებლად უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს ან განხორციელდეს ჰოსპიტალიზაცია.​ გადამდებლობა ამ შტამს უფრო მეტი აქვს, ვიდრე წინა შტამებს. ამ შტამის შემთხვევაში ისიც ვთქვით, რომ ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. რაც შეეხება სიმპტომატიკას, არ განსხვავდება წინა შტამებისგან.“

„თუ ასე გაგრძელდა, ეს სახიფათო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. წესები ყველამ უნდა დავიცვათ, რომ რამენაირად მოხდეს ვირუსის შეკავება. ვიქნებით თუ არა ვაქცინირებული, ის რეკომენდაციები უნდა დავიცვათ, რაც მოწოდებულია. ​

მსოფლიო ჯანდაცვის ორ​განიზაცია პანდემიის ლიკვიდაციას 2024 წელს ვარაუდობს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ინფექცია კიდევ სამი წელი იქნება ასეთ ბობოქარ სიტუაციაში,“ - აღნიშნულ საკითხებზე ლევან რატიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად