Baby Bag

„შეიძლება ბავშვის კიდურები შეხებით სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით გრილი მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას სცივა,“- პედიატრი მეგი ფარქოსაძე

პედიატრმა მეგი ფარქოსაძემ ჩვილის მოვლის წესებზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„დღევანდელი ტენდენციებით ნამდვილად აღარ არის მიზანშეწონილი ჩვილის მჭიდროდ შეკვრა. პირიქით, ხელების საშუალებით ჩვილი შეიცნობს სამყაროს, თავისი ხელების შეხებით, პირში ჩადებით. ფეხების ერთმანეთთან მჭიდრო პოზიციაში ყოფნა არავითარ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული, რადგან ხელს უწყობს ჩვილ ბავშვთა ასაკში დისპლაზიის ჩამოყალიბებას. რაც უფრო განზიდულ პოზიციაში იქნება ქვედა კიდურები, მით უფრო თავიდან აგვარიდებს ამ გავრცელებულ პრობლემას.

სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით შეიძლება ბავშვის კიდურები შეხებით გრილი მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენს ბავშვს სცივა. ყელში ან კისერზე ხელი უნდა მოკიდოთ და მისი სხეულის ჭეშმარიტ ტემპერატურას ასე განსაზღვრავთ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვთან გქონდეთ მუდმივი კონტაქტი, ჩაეხუტოთ, ხელში გყავდეთ აყვანილი, ესაუბროთ ნებისმიერ თემაზე. ხელში აყვანით ბავშვი არ გაფუჭდება ნამდვილად. ბავშვი თავის პატარა სამყაროში იყო და უზარმაზარ სამყაროში აღმოჩნდა. შეიძლება მან მარტო იგრძნოს თავი, ჰქონდეს შიში ამასთან დაკავშირებით. თქვენი ჩახუტება, როგორც დედის, ასევე მამის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს შეხება მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ბუნებრივ იმუნიტეტს უზიარებენ მშობლები ამ შეხებით ჩვილს. შესაბამისად მისი იმუნური სისტემა უფრო ძლიერდება,“- მოცემულ საკითხზე მეგი ფარქოსაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.

წყარო: ​„ექიმები“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ მოდიხართ კლინიკაში, გვენდეთ. არავის არ გვინდა, რომ ჩვენი ავადმყოფი დამძიმდეს,“ - ლია გოლიაძე

„თუ მოდიხართ კლინიკაში, გვენდეთ. არავის არ გვინდა, რომ ჩვენი ავადმყოფი დამძიმდეს,“ - ლია გოლიაძე

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლია გოლიაძემ კლიკებში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კოვიდ-19-ის პანდემიის კუთხით მდგომარეობის დამძიმების მოლოდინი არსებობს:

„ყოველდღიურად სულ უფრო მძიმე ნაკადი შემოდის პაციენტების. მუდმივად არის მოთხოვნა ინტენსიურის ადგილების, რეანიმაციული ადგილების. რისი მიწოდებაც ჩვენ პრაქტიკულად არ შეგვიძლია. ჩვენი კლინიკა ფიქრობს ინტენსიურის პალატების დამატებას. აპარატურა შევიძინეთ, რომელიც ზეგიდან კიდევ უფრო მეტი გვექნება. ​ჩვენი შეხედულებით მდგომარეობა თანდათან მძიმდება და ველოდებით კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობას.

ლია გოლიაძის თქმით, საავადმყოფოში შესული პაციენტების ნაკადი უფრო მძიმეა, ვიდრე შარშან იყო:

„სამწუხაროდ, შემოსული ნაკადი გაცილებით მძიმეა, ვიდრე იყო შარშან ამ დროს, ვიდრე იყო აგვისტოში. რაოდენობას თქვენ თვითონაც ხედავთ. 6000 შემთხვევა ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან ბევრი. ინტენსიურში ამჟამად წერს ერთი აცრილი პაციენტი, დანარჩენი 22 არის აუცრელი.“

„ორი წელია ექთნები და ექიმები არიან გაუსაძლის რეჟიმში. ეს მორალურად მძიმე შრომაა. გგონია, რომ ავადმყოფი კარგად არის, გადარჩენილი გყავს და უცებ თრომბოემბოლიაა, ვერაფერს ვერ აკეთებ. ავადმყოფს უნდა ყოველწუთიერი მიხედვა. ზოგი გეურჩება, ზოგი ჟანგბადს არ იკეთებს. ყველაზე ცუდი ამ დაავადებაში არის ის, რომ ​სანამ უკიდურესად არ მძიმდება პაციენტის მდგომარეობა, თვითონ ჰგონია, რომ კარგად არის. არიან ვიღაცები, ვინც ამბობს, რომ ჟანგბადით ფილტვებს ვუხეთქავთ თურმე პაციენტებს. თუ მოდიხართ კლინიკაში, გვენდეთ. არავის არ გვინდა, რომ ჩვენი ავადმყოფი დამძიმდეს. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ პაციენტებს,“ - აღნიშნულ საკითხზე ლია გოლიაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „სხვა შუადღე“


წაიკითხეთ სრულად