Baby Bag

„ყველაზე ნაკლებად სასურველია, რომ ბავშვმა ზღვის წყალი ჩაყლაპოს... ეს ერთ-ერთი ყველაზე არასასურველი რამ არის, რაც მან შეიძლება მიიღოს,“ - გიორგი ღოღობერიძე

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ზაფხულში ბავშვებში გახშირებული ფაღარათის პრობლემაზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაცია მისცა:

„მალფუჭებადი პროდუქტები ძალიან ბევრი გვაქვს. რადგან ტემპერატურა უკვე იმატებს, პროდუქტები, რომლებიც დამზადებულია მაიონეზით, მალე ფუჭდება. მათი გამოყენება უნდა მოხდეს პირველ რამდენიმე საათში, ეგრევე უნდა შეიჭამოს. იმას არ სჭირდება, მოდი, მაცივარში შევინახავ.

ყველაზე ნაკლებად სასურველია, რომ ბავშვმა ზღვის წყალი ჩაყლაპოს, იქიდან გამომდინარე, რომ მასში უფრო ბევრია ბაქტერიების რაოდენობა, უფრო ბევრია სოკოების რაოდენობა, მძიმე მეტალების რაოდენობა. ეს ერთ-ერთი ყველაზე არასასურველი რაღაც არის, რაც ბავშვმა შეიძლება მიიღოს მთელი ცხოვრების განმავლობაში. ერთი და ორი ჩაყლაპვა პრობლემა არ არის, მაგრამ თუ ამას ყოველდღიური ხასიათი აქვს, რა თქმა უნდა, ეს ბავშვის ინტოქსიკაციას იწვევს, მათ შორის, ტყვიითაც და ეს საბოლოო ჯამში მასზე აისახება ძალიან მძიმედ.

ონკოლოგიაში ხშირად მოგვმართავენ, რომ ბავშვს წითელი წინწკლები აქვს კანზე და არის თუ არა ეს ონკოლოგიურად სახიფათო. არა, არ არის. ეს დროებითი მოვლენაა. ჩვენი სხეული რეაგირებს ულტრაიისფერი სხივების მომატებულ ინტენსივობაზე და კანის პიგმენტაცია იცვლება და ეს თვითალაგებადია. მზისგან დამცავების გამოყენება აუცილებლად უნდა იყოს პრიორიტეტი.

თუ ბავშვს ფაღარათი აქვს, მაქსიმალურად მოვერიდოთ რძის პროდუქტებს და მარტივ ნახშირწყლებს. ბავშვების შემთხვევაში მარტივი ნახშირწყლების მიღება, ხილის წვენების მიცემა, შეიძლება იყოს ფაღარათის გახანგრძლივების მიზეზი. მართალია, სითხეს იღებს, მაგრამ ასევე იღებს მარტივ ნახშირწყლებს, რაც ფაღარათს ახანგრძლივებს. ვირუსული ფაღარათის დროს ჩვენს ნაწლავებში ზიანდება ამომფენი უჯრედები. ამ ამომფენ უჯრედებზე არის ფერმენტი, რომელსაც ჰქვია ლაქტაზა. რადგან ეს ფერმენტი ჩვენ 2-3 კვირის განმავლობაში აღარ გვაქვს, ძალიან გვიჭირს რძის პროდუქტების მიღება. როგორც კი ჩვენ რძის ნაწარმს მივიღებთ, ფაღარათი უკვე რძის ნაწარმზე გვივითარდება. ამიტომ მაქსიმალურად მოვერიდოთ რძის ნაწარმი. ფაღარათის შემთხვევაში არ დავპანიკდეთ. ჩვენ არ გვჭირდება ანტიბიოტიკები და მედიკამენტები. ბევრი სითხე მივცეთ ბავშვს. გამოვიყენოთ სპეციალური ხსნარები, რომლებიც აფთიაქში ურეცეპტოდ იყიდება. როგორც კი ფაღარათი გახდება უკონტროლო, გახდება სისხლიანი, ლორწოვანი, ტემპერატურა იქნება 38 გრადუსზე მეტი, ღებინება იქნება დღეში 3 და უფრო მეტი, ამ შემთხვევაში მივმართოთ ექიმს,“- მოცემულ საკითხზე გიორგი ღოღობერიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა მშვიდობისა საქართველო“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია,“ - ბავშვთა ქირურგი ლევან ხარაშვილი

ბავშვთა ქირურგმა ლევან ხარაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვებს ფეხშიშველი სიარულის შესაძლებლობა მისცენ:

„თუ ბავშვი სიარულს სწავლობს, ფეხზე დგება, დაყრდნობა იცის და ცდილობს, რომ იაროს, სჯობს, რომ ფეხზე საერთოდ არ ეცვას. ასე ის უკეთესად შეიგრძნობს იმ ზედაპირს, რომელზეც დგას. კონტაქტი მის სხეულსა და ზედაპირს შორის გაცილებით უკეთესად ყალიბდება. ის უკეთესად გრძნობს, რომელი ზედაპირია მყარი, რომელი რბილი, სად შეიძლება ენდოს, სად შეიძლება ფეხი დაუცურდეს. თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია. არ არის აუცილებელი ორთოპედიული ფეხსაცმელების და სუპინატორების დამზადება.

ამდენი წელია ბავშვების ექიმი ვარ და ყოველი პაციენტის ჩემს კაბინეტში შემოყვანა იწყება ამაზე საუბრით, რომ გახადეთ ბავშვს, სცხელა. ძალიან დაეჭვებული სახით მიყურებენ ხოლმე, გახდიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი ჩემი კაბინეტიდან გავლენ, აუცილებლად ჩააცმევენ. რომელიღაც ოჯახის წევრი, ძირითადად ბებიები, ჭკვიან ექიმად არ მომიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ რა ვქნა?! მე უნდა ვიბრძოლო ბავშვებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ლევან ხარაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“ 

წაიკითხეთ სრულად