Baby Bag

„ეს სამი რამ აუცილებლად სჭირდება ყველა ორსულს,“ - მეან-გინეკოლოგი ზაზა სინაურიძე

მეან-გინეკოლოგმა ზაზა სინაურიძემ ოჯახის დაგეგმვისა და ორსულობის მართვის საკითხებზე ისაუბრა და წყვილებს ურჩია ორსულობის დაგეგმვას მეტი ყურადღება დაუთმონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის დაგეგმვა. ჩვენთან 85% არის სპონტანური ორსულობა. სანამ დაფეხმძიმდება ქალბატონი, მან თუ ჩაიტარა აუცილებელი კვლევები, ინფექციური ფონის გამოკვლევა, ნაყოფიც ჯანსაღი იქნება. თუ ქალისა და კაცის ორგანიზმის შემოწმება არ მოხდა დაფეხმძიმებამდე, ხშირ შემთხვევაში მიდვივართ არასასიამოვნო შედეგებამდე. შეწყვეტილი ორსულობების 80% ინფექციური პათოლოგიის ბრალია, რომელიც თავისუფლად შეიძლება ნამკურნალები იქნას ორსულობამდე.

ძალიან მნიშვნელოვანია წყვილმა დაიწყოს მიღება ე.წ. ფოლიატების, ფოლიუმის მჟავის. ორგანიზმი ამ პროვიტამინისგან ამზადებს B ჯგუფის ვიტამინებს, რომელიც აუცილებელია ნერვული ღეროს დეფექტის პროფილაქტიკისთვის და გონებრივი განვითარებისთვის. ქრომოსომულ აბერაციებზე რომ გადავიდეთ, ამას ზედაპირულად უყურებენ. ეს არ არის მემკვიდრეობითი დაავადებები. ბევრი ისეთი აბერაცია არსებობს, რომლის კორექციაც ორსულობაში შეიძლება, მაგალითად, მარტივი კვებით. ფიზიოლოგიური ორსულობების 85% არის გადასარევი. ფიზიოლოგიურ ორსულობას საერთოდ არაფერი არ სჭირდება. ჩვენ გვჭირდება სულ სამი რამ: ჯანსაღი ცხოვრების წესი, სწორი კვება და ფიზიკური აქტიურობა. ეს სამი რაღაც აუცილებლად სჭირდება ყველა ორსულს. მინდა მივმართო ყველა ორსულს, რომელსაც აქვს ფიზიოლოგიური ორსულობა გართულებების გარეშე, არანაირი წამალი არ მიიღონ. ეს არის არასაჭირო ჩარევა ახალგაზრდა, ჯანმრთელი გოგოს ორგანიზმში.

ძალიან მნიშვნელოვანია, რა გარემოში ვითარდება ნაყოფი და რა გარემოში ევლინება სამყაროს. 8 კვირის შემდეგ ნაყოფს შეუძლია განასხვაოს დედისა და ოჯახის წევრის ხმა. აუცილებლად ყოველ საღამოს უნდა ესაუბროთ პატარას. მას აბსოლუტურად ესმის ყველაფერი და აბსოლუტურად აღიქვამს. ის ხმა, რომელიც მას ესმის ყოველდღიურად, მისთვის არის დამამშვიდებელი. ძალიან მნიშვნელოვანია მუსიკა. ბოლო კვლევებია, რომ ბავშვებს მოსწონთ ვივალდი, არ მოსწონთ ბეთჰოვენი, ცალსახად არ მოსწონთ როკ-მუსიკა. აუცილებელია, რომ ის ავარიდოთ ყველანაირ სტრესს. ყველაზე მნიშვნელოვანია თვითონ ქალის განწყობა, ოჯახში რა განწყობაა,“- მოცემულ საკითხზე ზაზა სინაურიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „რა დროს ძილია“ ისაუბრა.

წყარო:​ „რა დროს ძილია“


შეიძლება დაინტერესდეთ

საქართველოში ინფიცირებული ბავშვების საერთო რაოდენობიდან სტაციონარული მკურნალობა 7 708 ბავშვს დასჭირდა - NCDС-ის ანგარიში

საქართველოში ინფიცირებული ბავშვების საერთო რაოდენობიდან სტაციონარული მკურნალობა 7 708 ბავშვს დასჭირდა - NCDС-ის ანგარიში

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოში 2021 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, 0-დან 18 წლამდე ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა 90 680 ბავშვი იყო, რაც ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობის 14,8%-ია.

2020 წელს ათი თვის განმავლობაში კოვიდ 19-ით დაინფიცირდა 23 470 ბავშვი, 2021 წელს 9 თვის მანძილზე კი 67 210 ბავშვი.

ინფიცირებული ბავშვების 51,3% მდედრობითი სქესის იყო, ხოლო 48,7% - მამრობითი.

18 წლამდე ასაკში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა 2020 წლის ოქტომბერ-დეკემბერში და 2021 წლის ივლისი-სექტემბრის თვეებში.

ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან სტაციონარული მკურნალობა ჩაუტარდა 7 708 ბავშვს, რაც ინფიცირებული ბავშვების საერთო რაოდენობის 8,5%-ია, მათ შორის ლეტალური გამოსავალი დაფიქსირდა 8 შემთხვევაში. ჰოსპიტალური ლეტალობა - 0,1%-ია.

წყარო: ​ncdc.ge

წაიკითხეთ სრულად