Baby Bag

„სწორი კვება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლივიტამინების მიღება,“ - მეან-გინეკოლოგი მამუკა ნემსაძე

მეან-გინეკოლოგმა მამუკა ნემსაძემ ორსულებში პოლივიტამინების პოპულარობის შესახებ ისაუბრა და განმარტა, არის თუ არა საჭირო მათი მიღება:

„აუცილებელია განვსაზღვროთ, რას ემსახურება მულტივიტამინები და ზოგადად ვიტამინები. ეს არის ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებები, რომელიც მეტაბოლიზმს აძლიერებს. ორსულის მიერ მიღებული საკვები იშლება ამინომჟავებად. ეს ამინომჟავები უნდა გადავიდეს ნაყოფთან და ნაყოფის ორგანიზმში უნდა აშენდეს ახალი ცილები. ორსულის მიერ მიღებული ხორცის ნაჭერიც იშლება და ის ხელახლა აეწყობა ბავშვის ორგანიზმში. პოლივიტამინები ემსახურება ამ ცილის სწორად ჩალაგებას. უნდა იყოს საშენი მასალა, აგურები, რომელსაც ხელოსანი კარგად დაალაგებს თავის ადგილას.

თუ ორსულმა არ მიიღო სრულფასოვანი კვება, თუ არ მიიღო ცილა, ნახშირწყლები, ცხიმები, რომლებიც საჭიროა მისთვის, ვიტამინები რას ჩაალაგებს?! ვიტამინების ათვისება საკვებში არსებული შემცველობით გაცილებით უკეთესად ხდება. ცხოველური საკვები შეიცავს ყველა, ოცივე ამინომჟავას. მცენარეული შეიცავს მხოლოდ -10-ს. დარჩენილი 10 ამინომჟავა მხოლოდ ცხოველური საკვებით შეგვიძლია მივიღოთ. სწორი კვება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლივიტამინების მიღება.

არის სეზონები, როდესაც ვიტამინების ბუნებრივი შემცველობა საკვებში შემცირებულია. ეს არის გაზაფხულის პერიოდი, თებერვალი, მარტი, აპრილი. მხოლოდ ამ თვეებში ვუყურებ მე ტოლერანტულად საკვებთან ერთად პოლივიტამინების მიღებას. მთავარია ორსულს გავუწიოთ რეკომენდაცია, რომ მიიღოს ჯანსაღი საკვები საკმარისი რაოდენობით და ორგანიზმი თვითონ მოახერხებს ყველაფრის თავის ადგილზე დასმას, ამინომჟავის, ნახშირწყლის სწორად მიწოდებას ბავშვთან. ბავშვის ზრდაც სწორად განხორციელდება დამატებული პოლივიტამინების გარეშე,“- მოცემულ საკითხზე მამუკა ნემსაძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „ფორტუნა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„დელტა“ შტამი ორსულებში მეტი აგრესიულობით ხასიათდება

„დელტა“ შტამი ორსულებში მეტი აგრესიულობით ხასიათდება

„ორსულებში „დელტა“ შტამი ნამდვილად უფრო მეტი რისკის მატარებელია, ვიდრე სხვა პირებში. ამდენად, ორსულებში, პირველ რიგში, უაღრესად მნიშვნელოვანია პრევენცია, მათ შორის აცრა. „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა შესაძლებელია და მიმდინარეობს,'' - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ორსულებისთვის სპეციალიზებული კონსულტაციის გაწევისთვის 15 22-ს მეან-გინეკოლოგების სერვისი მიმდინარე დღეებში დაემატება:

„რაც შეეხება სამედიცინო სერვისის მიწოდების ნაწილს, ორსულებისთვის სპეციალიზებული კონსულტაციის გაწევისითვის 15 22-ს მიმდინარე დღეებში დაემატება კიდევ მეან გინეკოლოგების სერვისი, მათი ტრენინგი ამ კვირაში განხორციელდა. ისინი ოჯახის ექიმებთან ერთად გასცემენ დამატებით რეკომენდაციებს ორსულებისთვის. საუბარია მსუბუქ შემთხვევებზე, იმ ორსულებზე, ვინც იმყოფება ბინაზე. როგორც მოგეხსენებათ, ბინაზე მყოფი პირებისთვის ჩვენ ისედაც ვახორციელებთ ლაბორატორიული გამოკვლევების ნაკრებს. ამ პროგრამაში ჩაერთვება მეორე, მესამე დონის პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებები, ამბულატორიული სპეციალიზებული სერვისისთვის, რათა ორსული, რომელიც საჭიროებს მეთვალყურეობას კოვიდინფექციის გამო, მივიდეს არა სტანდარტულ საავადმყოფოში, არამედ სპეციალიზებულ კლინიკაში და იქ მიიღოს ასევე სპეციალისტის კონსულტაცია. ეს კომპონენტიც მოკლე ხანში ამოქმედდება. 

ასევე, მობილიზებულია ჰოსპიტალური საწოლები ორსულებისთვის. საუნივერსიტეტო კლინიკაშიცაა, დამატებითი საწოლების მობილიზება მოხდა ბოლო პერიოდში. თუკი ამის საჭიროება არსებობს, არ უნდა დაველოდოთ მდგომარეობის დამძიმებას და ორსული უნდა იყოს სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. ამ კუთხით რაიმე დეფიციტი არ არის და ორსულს თუ სჭირდება რაიმე ჰოსპიტალური მართვა, ის ჰოსპიტალში მოხვდება. 

დაახლოებით 120-მდე საწოლია თბილისში მობილიზებული, 50-მდე ქუთაისში. სხვა რეგიონებშიც არის იმის შესაძლებლობა, რომ ორსულს ჰოსპიტალური მეთვალყურეობა ჩაუტარდეს. თუ ეს არის დაბალი ვადის ორსულობაა, მას შეუძლია ჰოსპიტალური მართვა ჩაიტაროს ნებისმიერ კლინიკაში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.


წაიკითხეთ სრულად