Baby Bag

„სწორი კვება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლივიტამინების მიღება,“ - მეან-გინეკოლოგი მამუკა ნემსაძე

მეან-გინეკოლოგმა მამუკა ნემსაძემ ორსულებში პოლივიტამინების პოპულარობის შესახებ ისაუბრა და განმარტა, არის თუ არა საჭირო მათი მიღება:

„აუცილებელია განვსაზღვროთ, რას ემსახურება მულტივიტამინები და ზოგადად ვიტამინები. ეს არის ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებები, რომელიც მეტაბოლიზმს აძლიერებს. ორსულის მიერ მიღებული საკვები იშლება ამინომჟავებად. ეს ამინომჟავები უნდა გადავიდეს ნაყოფთან და ნაყოფის ორგანიზმში უნდა აშენდეს ახალი ცილები. ორსულის მიერ მიღებული ხორცის ნაჭერიც იშლება და ის ხელახლა აეწყობა ბავშვის ორგანიზმში. პოლივიტამინები ემსახურება ამ ცილის სწორად ჩალაგებას. უნდა იყოს საშენი მასალა, აგურები, რომელსაც ხელოსანი კარგად დაალაგებს თავის ადგილას.

თუ ორსულმა არ მიიღო სრულფასოვანი კვება, თუ არ მიიღო ცილა, ნახშირწყლები, ცხიმები, რომლებიც საჭიროა მისთვის, ვიტამინები რას ჩაალაგებს?! ვიტამინების ათვისება საკვებში არსებული შემცველობით გაცილებით უკეთესად ხდება. ცხოველური საკვები შეიცავს ყველა, ოცივე ამინომჟავას. მცენარეული შეიცავს მხოლოდ -10-ს. დარჩენილი 10 ამინომჟავა მხოლოდ ცხოველური საკვებით შეგვიძლია მივიღოთ. სწორი კვება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლივიტამინების მიღება.

არის სეზონები, როდესაც ვიტამინების ბუნებრივი შემცველობა საკვებში შემცირებულია. ეს არის გაზაფხულის პერიოდი, თებერვალი, მარტი, აპრილი. მხოლოდ ამ თვეებში ვუყურებ მე ტოლერანტულად საკვებთან ერთად პოლივიტამინების მიღებას. მთავარია ორსულს გავუწიოთ რეკომენდაცია, რომ მიიღოს ჯანსაღი საკვები საკმარისი რაოდენობით და ორგანიზმი თვითონ მოახერხებს ყველაფრის თავის ადგილზე დასმას, ამინომჟავის, ნახშირწყლის სწორად მიწოდებას ბავშვთან. ბავშვის ზრდაც სწორად განხორციელდება დამატებული პოლივიტამინების გარეშე,“- მოცემულ საკითხზე მამუკა ნემსაძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „ფორტუნა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„დიახაც, ქალი ძალიან ძლიერია... ბავშვის დაბადებაც კი ღმერთმა ქალს არგუნა,“- დეკანოზი შალვა კეკელია

„დიახაც, ქალი ძალიან ძლიერია... ბავშვის დაბადებაც კი ღმერთმა ქალს არგუნა,“- დეკანოზი შალვა კეკელია

დეკანოზმა შალვა კეკელიამ ქალის განსაკუთრებული ძალისა და სამყაროში მისი უმნიშვნელოვანესი როლის შესახებ ისაუბრა:

„დიახაც, ქალი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია. ქალი ძალიან ძლიერია იმიტომ, რომ თუნდაც ბავშვის დაბადებაც კი ღმერთმა ქალს არგუნა. ამხელა ტკივილების გადატანა, ცხრა თვე ბავშვი მუცლით ატარო, შენს წიაღში იყოს შვილი, ეს ქალს ანდო ღმერთმა. ქალს ჩააბარა ღმერთმა შვილზე მზრუნველობა. ცხრა თვე ქალი პატრონობს, ქალი უვლის მას. მასზეა დამოკიდებული, როგორი დაიბადება ეს შვილი. კაცობრიობა როგორი იქნება ქალზეა თავიდან ბოლომდე დამოკიდებული. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ქალის დამოკიდებულება სამყაროსთან.“

​კაცი, რომელიც ქალზე ხელს აღმართავს, კაცი არ არის. როგორ შეიძლება კაცად ითვლებოდეს ის, ვინც ქალზე ხელს აღმართავს, ვინც ქალზე ძალადობს?! ის კაცად ვერ ჩაითვლება ვერასდროს. არ შეიძლება ის პიროვნება იყოს. ამას ვერ დავიჯერებ ვერასდროს, რომ ადამიანად იწოდებოდეს კაცი, რომელიც ქალს აგინებს, კაცი, რომელიც ქალზე ხელს სწევს, რომელიც ქალს უხეშად ექცევა. ეს კაცი როგორ შეიძლება იყოს?! ეს არის ადამიანის არანორმალურობა და უმძიმესი მდგომარეობა. არ შეიძლება ადამიანადაც კი იწოდებოდეს ასეთი ადამიანი, ვინც ქალს ასე უხეშად ექცევა,“ - აღნიშნა მამა შალვა კეკელიამ.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად