Baby Bag

„სწორი კვება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლივიტამინების მიღება,“ - მეან-გინეკოლოგი მამუკა ნემსაძე

მეან-გინეკოლოგმა მამუკა ნემსაძემ ორსულებში პოლივიტამინების პოპულარობის შესახებ ისაუბრა და განმარტა, არის თუ არა საჭირო მათი მიღება:

„აუცილებელია განვსაზღვროთ, რას ემსახურება მულტივიტამინები და ზოგადად ვიტამინები. ეს არის ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებები, რომელიც მეტაბოლიზმს აძლიერებს. ორსულის მიერ მიღებული საკვები იშლება ამინომჟავებად. ეს ამინომჟავები უნდა გადავიდეს ნაყოფთან და ნაყოფის ორგანიზმში უნდა აშენდეს ახალი ცილები. ორსულის მიერ მიღებული ხორცის ნაჭერიც იშლება და ის ხელახლა აეწყობა ბავშვის ორგანიზმში. პოლივიტამინები ემსახურება ამ ცილის სწორად ჩალაგებას. უნდა იყოს საშენი მასალა, აგურები, რომელსაც ხელოსანი კარგად დაალაგებს თავის ადგილას.

თუ ორსულმა არ მიიღო სრულფასოვანი კვება, თუ არ მიიღო ცილა, ნახშირწყლები, ცხიმები, რომლებიც საჭიროა მისთვის, ვიტამინები რას ჩაალაგებს?! ვიტამინების ათვისება საკვებში არსებული შემცველობით გაცილებით უკეთესად ხდება. ცხოველური საკვები შეიცავს ყველა, ოცივე ამინომჟავას. მცენარეული შეიცავს მხოლოდ -10-ს. დარჩენილი 10 ამინომჟავა მხოლოდ ცხოველური საკვებით შეგვიძლია მივიღოთ. სწორი კვება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლივიტამინების მიღება.

არის სეზონები, როდესაც ვიტამინების ბუნებრივი შემცველობა საკვებში შემცირებულია. ეს არის გაზაფხულის პერიოდი, თებერვალი, მარტი, აპრილი. მხოლოდ ამ თვეებში ვუყურებ მე ტოლერანტულად საკვებთან ერთად პოლივიტამინების მიღებას. მთავარია ორსულს გავუწიოთ რეკომენდაცია, რომ მიიღოს ჯანსაღი საკვები საკმარისი რაოდენობით და ორგანიზმი თვითონ მოახერხებს ყველაფრის თავის ადგილზე დასმას, ამინომჟავის, ნახშირწყლის სწორად მიწოდებას ბავშვთან. ბავშვის ზრდაც სწორად განხორციელდება დამატებული პოლივიტამინების გარეშე,“- მოცემულ საკითხზე მამუკა ნემსაძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „ფორტუნა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„სუფრასთან რომ მიგაქვს ბანანი, ის აუცილებლად გარეცხილი უნდა იყოს,“ - კვების ექსპერტი ლია ბერიკაშვილი

„სუფრასთან რომ მიგაქვს ბანანი, ის აუცილებლად გარეცხილი უნდა იყოს,“ - კვების ექსპერტი ლია ბერიკაშვილი

კვების ექსპერტმა ლია ბერიკაშვილმა საკვები პროდუქტების შენახვისას ჰიგიენის წესების ზედმიწევნად დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან კვერცხისა და ხილის შენახვისა და სერვირების წესები გაგვაცნო:

​კვერცხი, რა თქმა უნდა, მაცივარში უნდა იყოს. ისიც ვიცით, კვერცხს რომ გავრეცხავთ, კარგად თუ არ გავაშრეთ, ის მაცივარში გაფუჭდება. კვერცხის ჩასადები ყოველი შელაგების დროს გავრეცხოთ. გამოყენების წინ კვერცხი აუცილებლად უნდა გაირეცხოს და ხელებიც უნდა დაიბანოთ. რაც შეეხება კონტეინერს, რაშიც ჩალაგებულია კვერცხი, ყოველი ახალი პარტიის შელაგების დროს აუცილებლად გავრეცხოთ ძმრიანი, სოდიანი საწმენდით. არაფრით არ შეიძლება, რომ კვერცხის ჩასადებში შემდგომ შევინახოთ ლიმონი.“

ლია ბერიკაშვილის თქმით, სუფრაზე ხილის ერთად დალაგებისას თითოეული პროდუქტი საგულდაგულოდ უნდა გავრეცხოთ:

„თუ დააკვირდებით, ხშირ შემთხვევაში ​ბანანი, ფორთოხალი, ვაშლი, ყველაფერი ერთად ულაგიათ. ნახევარზე მეტს გარეცხილი აქვს ვაშლი, არც ბანანი, არც ფორთოხალი გარეცხილი არ არის. რა მნიშვნელობა აქვს მაშინ ვაშლის გარეცხვას? სუფრასთან რომ მიგაქვს ბანანი, ის აუცილებლად გარეცხილი უნდა იყოს. თქვენ ხელს ჰკიდებთ გარეკანს, რომელიც არის დაბინძურებული.“

„მაცივარში შენახვამდე პროდუქტებს ​თუ გავრეცხავთ, კარგად უნდა გავამშრალოთ. სუფრასთან მიტანამდე მაინც აუცილებელია ამ პროდუქტების გარეცხვა. პრობლემაა ისიც, რომ იშვიათად კითხულობენ ადამიანები ეტიკეტს, არ ნახულობენ, სადამდე აქვს პროდუქტს შენახვის ვადა,“ - აღნიშნულ საკითხებზე ლია ბერიკაშვილმა ტელეკომპანია „GDS”-ის გადაცემაში „შუადღე GDS-ზე“ ისაუბრა.

წყარო: ​„შუადღე GDS-ზე“

წაიკითხეთ სრულად