Baby Bag

„სწორი კვება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლივიტამინების მიღება,“ - მეან-გინეკოლოგი მამუკა ნემსაძე

მეან-გინეკოლოგმა მამუკა ნემსაძემ ორსულებში პოლივიტამინების პოპულარობის შესახებ ისაუბრა და განმარტა, არის თუ არა საჭირო მათი მიღება:

„აუცილებელია განვსაზღვროთ, რას ემსახურება მულტივიტამინები და ზოგადად ვიტამინები. ეს არის ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებები, რომელიც მეტაბოლიზმს აძლიერებს. ორსულის მიერ მიღებული საკვები იშლება ამინომჟავებად. ეს ამინომჟავები უნდა გადავიდეს ნაყოფთან და ნაყოფის ორგანიზმში უნდა აშენდეს ახალი ცილები. ორსულის მიერ მიღებული ხორცის ნაჭერიც იშლება და ის ხელახლა აეწყობა ბავშვის ორგანიზმში. პოლივიტამინები ემსახურება ამ ცილის სწორად ჩალაგებას. უნდა იყოს საშენი მასალა, აგურები, რომელსაც ხელოსანი კარგად დაალაგებს თავის ადგილას.

თუ ორსულმა არ მიიღო სრულფასოვანი კვება, თუ არ მიიღო ცილა, ნახშირწყლები, ცხიმები, რომლებიც საჭიროა მისთვის, ვიტამინები რას ჩაალაგებს?! ვიტამინების ათვისება საკვებში არსებული შემცველობით გაცილებით უკეთესად ხდება. ცხოველური საკვები შეიცავს ყველა, ოცივე ამინომჟავას. მცენარეული შეიცავს მხოლოდ -10-ს. დარჩენილი 10 ამინომჟავა მხოლოდ ცხოველური საკვებით შეგვიძლია მივიღოთ. სწორი კვება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლივიტამინების მიღება.

არის სეზონები, როდესაც ვიტამინების ბუნებრივი შემცველობა საკვებში შემცირებულია. ეს არის გაზაფხულის პერიოდი, თებერვალი, მარტი, აპრილი. მხოლოდ ამ თვეებში ვუყურებ მე ტოლერანტულად საკვებთან ერთად პოლივიტამინების მიღებას. მთავარია ორსულს გავუწიოთ რეკომენდაცია, რომ მიიღოს ჯანსაღი საკვები საკმარისი რაოდენობით და ორგანიზმი თვითონ მოახერხებს ყველაფრის თავის ადგილზე დასმას, ამინომჟავის, ნახშირწყლის სწორად მიწოდებას ბავშვთან. ბავშვის ზრდაც სწორად განხორციელდება დამატებული პოლივიტამინების გარეშე,“- მოცემულ საკითხზე მამუკა ნემსაძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „ფორტუნა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

შესაძლებელია თუ არა მომავალი ნაყოფის სქესის წინასწარ დაგეგმვა?

შესაძლებელია თუ არა მომავალი ნაყოფის სქესის წინასწარ დაგეგმვა?

შესაძლებელია თუ არა მომავალი ნაყოფის სქესის წინასწარ დაგეგმვა? - აღნიშულ თემაზე მეან-გინეკოლოგი თიკო გოთუა ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა.

სქესობრივი აქტის პროცესში ქალის საშოში დაახლოებით 300-500 მილიონი სპერმატოზოიდი ხვდებასაშოს მჟავე გარემოში მათი უმრავლესობა იღუპება და მხოლოდ ყველაზე გამძლე, სუსტი ტუტე რეაქციის მქონე სპერმატოზოიდები ხვდებიან საშოს ლორწოვანაში. იქ სპერმატოზოიდების მოძრაობის აქტივობა იზრდება, თუმცა სანამ კვერცხუჯრედს მიაღწევენ, მათ უნდა გაიარონ საშოს ღრუ და მოხვდნენ საშვილოსნოს მილში.

ამ გზის გავლას სპერმატოზოიდები დაახლოებით 2 სააათის განმავლობაში ახერხებენ, ხოლო განაყოფიერების უნარს ინარჩუნებენ 2 დღის განმავლობაში.

ქალის კვერცხუჯრედი ყოველთვის არის X ქრომოსომის, ხოლო მამაკაცის სპერმატოზოიდები ორი სახის - X და Y ქრომოსომის მატარებელი.

თუ კვერცხუჯრედს შეერწყმება Х ქრომოსომის მატარებელი სპერმატოზოიდი, წარმოიქმნება მდედრობითის სქესის ემბრიონი (XX).

ხოლო თუ მასზე ადრე კვერცხუჯრედში შერწყმას მოასწრებს Y ქრომოსომის მატარებელი სპერმატოზოიდი, ჩაისახება მამრობითი სქესის ემბრიონი (XY).

მამაკაცისა და ქალის სქესობრივი უჯრედები - სპერმატოზოიდები და კვერცხუჯრედები ატარებენ გენეტიკური მასალის თანაბარ რაოდენობას - თითო სასქესო და 22 წყვილ სომატიურ (არასასქესო) ქრომოსომას. ამრიგად, როგორც სპერმატოზოიდი, ასევე კვერცხუჯრედი შედგება 23 წყვილი ქრომოსომისგან.

ამ უჯრედების შერწყმისას, განაყოფიერების პროცესში, ხდება ახალი ადამიანის ინდივიდუალური გენოტიპის ფორმირება - 46 XX ან 46 XY.

სქესის განსაზღვრა ხდება ორი სასქესო ქრომოსომის შეთავსებით: კომბინაცია XX - ნიშანდობლივია ქალთა სქესისთვის, ხოლო კომბინაცია XY - მამაკაცთა სქესისთვის.

ერთი სიტყვით, მოკლედ და გასაგებად რომ ვთქვათ - მამაკაცის სპერმატოზოიდი არის ორი ტიპის - X ქრომოსომის და Y ქრომოსომის მატარებელი, ნებისმიერი ქალის კვერცხუჯრედი კი შეიცავს მხოლოდ ერთ - X ქრომოსომას (სხვა სასქესო ქრომოსომა ქალის ორგანიზმში უბრალოდ არ არსებობს).

თუ კვერცხუჯრედს გაანაყოფიერებს მამაკაცის X ქრომოსომა - დაიბადება გოგონა, ხოლო თუ Y ქრომოსომა - გაჩნდება ვაჟი.

ამავე მიზეზით, დაუსაბუთებელია ბავშვის სქესის დაგეგმვის ყველა ის მეთოდი, რომელიც დაკავშირებულია მომავალ დედასთან.

ქალს ნებიმიერ ასაკში შეუძლია მისცეს შვილს მხოლოდ X ქრომოსომა, ხოლო პასუხისმგებლობა მეორე - X ან Y ქრომოსომაზე, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ბავშვის სქესი, მთლიანად ეკისრება მომავალ მამას.

🔺️ ნუ დაკარგავთ დროს ამაზე ფიქრით.

🔺️ნუ ჩაიტარებთ ათასგვარ, არამეცნიერულ ცდებს და ექსპერიმენტებს.

⛔ ნუ გაიკეთებთ სელექციურ აბორტს❗

#აკეთესიყვარულით

წაიკითხეთ სრულად