Baby Bag

„შესაძლებელია რინოვირუსი ბასეინის წყლით გადავიდეს,“- პედიატრი მაია ჩხაიძე ბავშვების ინფექციებისგან დაცვის წესების შესახებ

პედიატრმა მაია ჩხაიძემ მშობლებს ზაფხულში ბავშვების კუჭ-ნაწლავის ინფექციებისგან დაცვისთვის რეკომენდაციები მისცა:

„ბასეინის წყალი არ არის სასურველი პირში მოხვდეს. პატარა ბავშვისთვის ეს ძალიან ძნელია, რაც უნდა უთხრა, ამიტომ შესაძლებელია რინოვირუსი ბასეინის წყლით გადავიდეს. გარდა ამისა, ძალიან ხშირია ბაქტერიული ნაწლავური ინფექციები ბავშვებში, რომლებიც საკვებით გადადის. შესაძლოა, საკვებში შეჰყვეს ბავშვს და რამდენიმე საათიდან 24 საათამდე განუვითარდეს სალმონელოზური ნაწლავური ინფექცია. ამისთვის ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ. აუცილებელია ჰიგიენური პირობების დაცვა, ხელების ხშირად დაბანა.

აჭარის რეგიონში, მგონი, ონკანის წყალს ბავშვს არავინ არ ასმევს. უნდა შევეცადოთ, რომ ონკანის წყალი არ დავლიოთ. გადადუღებული წყალი არ ვარგა, იმიტომ, რომ გადადუღებულ წყალში არ არის ელექტროლიტები. ელექტროლიტები იშლება გადადუღების დროს. ბოთლის წყალი, რომელიც იყიდება, გაფილტრულია და საშიში არ არის.

რასაკვირველია, ზღვის წყალიც თუ მოხვდება პირის ღრუში და იქ ფეკალიებია, ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია, ინფექციის შეჭრა. ჰიგიენური პირობები აუცილებლად ძალიან მკაცრად უნდა გვქონდეს დაცული. თავი უნდა შევიკავოთ ბავშვებისთვის მალფუჭებადი პროდუქტების მიცემისგან, კარგად უნდა დავიცვათ შენახვის წესები. განსაკუთრებით რძის პროდუქტებია მალფუჭებადი. როდესაც წასული ვართ დასასვენებლად ზღვაზე, ძნელია იქ საკვების გაკეთება. უნდა შევეცადოთ, რომ სადაც ბავშვს ვაჭმევთ, ვიცოდეთ, რომ იქ ჰიგიენური პირობები არის დაცული,“ - მოცემულ საკითხზე მაია ჩხაიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„სტუმრებს ბავშვის კოცნის უფლება არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისცეთ,“ - პედიატრი ივანე ჩხაიძე

„სტუმრებს ბავშვის კოცნის უფლება არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისცეთ,“ - პედიატრი ივანე ჩხაიძე

პედიატრმა ივანე ჩხაიძემ იმ საფრთხეების შესახებ ისაუბრა, რომლებიც მცირეწლოვან ბავშვებს აუცილებლად უნდა ავარიდოთ. მან მშობლებს ურჩია, რომ ბავშვების ჰაერში აგდებისა და დაჭერისგან თავი შეიკავონ:

„ძალიან ხშირად უყვართ ჩვენთან ბავშვების ზემოთ აგდება, დაჭერა, თამაში. ეს არის სერიოზული გართულების რისკი. ამას შენჯღრეული ბავშვის სინდრომი ჰქვია. ჩვენ ბავშვს ვეთამაშებით, განა ცუდ რამეს ვაკეთებთ. ბავშვს ზემოთ აგდება და დაჭერა უხარია, მაგრამ ეს არის სერიოზული რისკი.“

ივანე ჩხაიძის თქმით, არ შეიძლება, რომ სახლში მოსულმა სტუმარმა ბავშვს აკოცოს:

​სტუმრებს ბავშვის კოცნის უფლება არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისცეთ. ოჯახის წევრი სხვა არის. მიკრობიომა, რომელიც ოჯახშია გავრცელებული, სხვა არის, მით უმეტეს, დედისა და ბავშვის კავშირი. ძალიან ბევრი ელემენტი გადაეცემა კანიდან, ძუძუდან.“

„მით უმეტეს, ახლა, საერთოდ არ უნდა მივიდეს არცერთი უცხო ბავშვთან. ეს კატეგორიულად გამორიცხულია. ათი მწვანე პასპორტი რომ აჩვენოს, არ უნდა მივიდეს ახლოს ბავშვთან. ეს ასეა პანდემიის გარეშეც და ახლა, მით უმეტეს,“ - აღნიშნულ საკითხზე ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის პოსტი“

წაიკითხეთ სრულად