Baby Bag

„შესაძლებელია რინოვირუსი ბასეინის წყლით გადავიდეს,“- პედიატრი მაია ჩხაიძე ბავშვების ინფექციებისგან დაცვის წესების შესახებ

პედიატრმა მაია ჩხაიძემ მშობლებს ზაფხულში ბავშვების კუჭ-ნაწლავის ინფექციებისგან დაცვისთვის რეკომენდაციები მისცა:

„ბასეინის წყალი არ არის სასურველი პირში მოხვდეს. პატარა ბავშვისთვის ეს ძალიან ძნელია, რაც უნდა უთხრა, ამიტომ შესაძლებელია რინოვირუსი ბასეინის წყლით გადავიდეს. გარდა ამისა, ძალიან ხშირია ბაქტერიული ნაწლავური ინფექციები ბავშვებში, რომლებიც საკვებით გადადის. შესაძლოა, საკვებში შეჰყვეს ბავშვს და რამდენიმე საათიდან 24 საათამდე განუვითარდეს სალმონელოზური ნაწლავური ინფექცია. ამისთვის ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ. აუცილებელია ჰიგიენური პირობების დაცვა, ხელების ხშირად დაბანა.

აჭარის რეგიონში, მგონი, ონკანის წყალს ბავშვს არავინ არ ასმევს. უნდა შევეცადოთ, რომ ონკანის წყალი არ დავლიოთ. გადადუღებული წყალი არ ვარგა, იმიტომ, რომ გადადუღებულ წყალში არ არის ელექტროლიტები. ელექტროლიტები იშლება გადადუღების დროს. ბოთლის წყალი, რომელიც იყიდება, გაფილტრულია და საშიში არ არის.

რასაკვირველია, ზღვის წყალიც თუ მოხვდება პირის ღრუში და იქ ფეკალიებია, ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია, ინფექციის შეჭრა. ჰიგიენური პირობები აუცილებლად ძალიან მკაცრად უნდა გვქონდეს დაცული. თავი უნდა შევიკავოთ ბავშვებისთვის მალფუჭებადი პროდუქტების მიცემისგან, კარგად უნდა დავიცვათ შენახვის წესები. განსაკუთრებით რძის პროდუქტებია მალფუჭებადი. როდესაც წასული ვართ დასასვენებლად ზღვაზე, ძნელია იქ საკვების გაკეთება. უნდა შევეცადოთ, რომ სადაც ბავშვს ვაჭმევთ, ვიცოდეთ, რომ იქ ჰიგიენური პირობები არის დაცული,“ - მოცემულ საკითხზე მაია ჩხაიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„2022 წლის პირველი „კოვიდ-ამბები.“ რა თქმა უნდა, კარგი ამბებით უნდა დავიწყო,“ - გიორგი ფხაკაძე უახლესი კოვიდ-ამბებით

„2022 წლის პირველი „კოვიდ-ამბები.“ რა  თქმა უნდა, კარგი ამბებით უნდა დავიწყო,“ - გიორგი ფხაკაძე უახლესი კოვიდ-ამბებით

პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც კორონავირუსის პანდემიის შესახებ სიახლეებს გვაცნობს:

„2022 წლის პირველი „კოვიდ-ამბები.“ რა თქმა უნდა, კარგი ამბებით უნდა დავიწყო.

ქვემოთ მოცემული გრაფიკა აჩვენებს ლონდონის რეანიმაციული საწოლების მდგომარეობას 2013 წლიდან დღემდე. ლურჯი ფერის გრაფიკა არის შარშანდელი მდგომარეობა (როცა ვაქცინაცია არ იყო- იანვარ-თებერვალი) და დღევანდელი მდგომარეობა ასახულია შავი გრაფიკით, სადაც ნათლად ჩანს, რომ ვაქცინაცია მუშაობს.

დიახ, კოვიდის ომიკრონის აფეთქება კი არის ლონდონში, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ვაქცინაციიის მაღალი მაჩვენებელი (71% ორჯერ ვაქცინირებული და 51% ბუსტერით ვაქცინირებული) იცავს ადამიანებს რეანიმაციაში მოხვედრისგან. ეს არის ფაქტი.

ბუსტერდოზები 70%-ით იცავს ჰოსპიტალიზაციისგან (საავადმყოფოში არ მოხვდებით).

კოვიდის ომიკრონის ვარიანტი, დელტასთან შედარებით, უფრო მსუბუქად მიმდინარეობს და დამძიმება/საავადმყოფოში გადაყვანა/მკურნალობა 3-ჯერ ნაკლებია ანუ დელტა ვარიანტის დროს 50 ინფიცირებული ადამიანიდან 9 ადამიანს სჭირდებოდა ჰოსპიტალში გადაყვანა სამკურნალოდ, ომიკრონის დროს კი მხოლოდ 3 ადამიანს თუ დასჭირდება ჰოსპიტალიზაცია.

გახსოვდეთ, ომიკრონი არის კორონა ვირუსი და პოსტკოვიდური მდგომარეობა ისევ გამოწვევად რჩება ყველასთვის, ვინც გადაიტანა კორონა სიმპტომურად (გამოხატულად ჩანდა, რომ ავად იყავით - სიცხე, სურდო, კუნთების ტკივილი, კანზე გამონაყარი და ა. შ.), თუ უსიმპტომოდ (არაფერი გაწუხებდათ, მხოლოდ ტესტმა აჩვენა, რომ კორონათი ინფიცირებული ხართ).

დაიცავით საკუთარი თავი, დაიცავით თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანები და ყველაფერი კარგად იქნება.

კოვიდის დამარცხება შესაძლებელია საკმაოდ მარტივად, პირველ რიგში, გამოიყენეთ ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი პირბადე:

გამოიყენეთ სამედიცინო (ქირურგიული) პირბადე ან

ამერიკაში N95 (United States NIOSH-42CFR84)

ევროპაში - FFP2 (Europe EN 149-2001)

ჩინეთში - KN95 (China GB2626-2006)

ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში - P2 (Australia/New Zealand AS/NZA 1716:2012)

კორეაში - Korea 1st class (Korea KMOEL - 2017-64)

იაპონიაში - DS2 (Japan JMHLW-Notification 214, 2018)

ბრაზილიაში - PFF2 (ABNT/NBR 13.698-2011 – Brazil)

ზემოთ ჩამოთვლილი პირბადეები არის თქვენი საუკეთესო თავდაცვის საშუალებები.

ვაქცინაციას რაც შეეხება, ამჟამად ყველაზე ეფექტური ვაქცინებია: ფაიზერი/ბიონტეკი და მოდერნა. აიცერით აუცილებლად მე-3 დოზით (ბუსტერი) და ამით კოვიდისგან დაცულობის უფრო დიდი შანსი გექნებათ. ბუსტერი ამცირებს ჰოსპიტალიზაციას (საავადმყოფოში მიხვედრას) 70%-ით.

მაქსიმალურად დაიცავით დისტანცია.

იყავით პოზიტიურად განწყობილი.

ყველაფერი კარგად იქნება.

ჯანმრთელობას გისურვებთ !“ - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე.

წაიკითხეთ სრულად