Baby Bag

„შესაძლებელია რინოვირუსი ბასეინის წყლით გადავიდეს,“- პედიატრი მაია ჩხაიძე ბავშვების ინფექციებისგან დაცვის წესების შესახებ

პედიატრმა მაია ჩხაიძემ მშობლებს ზაფხულში ბავშვების კუჭ-ნაწლავის ინფექციებისგან დაცვისთვის რეკომენდაციები მისცა:

„ბასეინის წყალი არ არის სასურველი პირში მოხვდეს. პატარა ბავშვისთვის ეს ძალიან ძნელია, რაც უნდა უთხრა, ამიტომ შესაძლებელია რინოვირუსი ბასეინის წყლით გადავიდეს. გარდა ამისა, ძალიან ხშირია ბაქტერიული ნაწლავური ინფექციები ბავშვებში, რომლებიც საკვებით გადადის. შესაძლოა, საკვებში შეჰყვეს ბავშვს და რამდენიმე საათიდან 24 საათამდე განუვითარდეს სალმონელოზური ნაწლავური ინფექცია. ამისთვის ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ. აუცილებელია ჰიგიენური პირობების დაცვა, ხელების ხშირად დაბანა.

აჭარის რეგიონში, მგონი, ონკანის წყალს ბავშვს არავინ არ ასმევს. უნდა შევეცადოთ, რომ ონკანის წყალი არ დავლიოთ. გადადუღებული წყალი არ ვარგა, იმიტომ, რომ გადადუღებულ წყალში არ არის ელექტროლიტები. ელექტროლიტები იშლება გადადუღების დროს. ბოთლის წყალი, რომელიც იყიდება, გაფილტრულია და საშიში არ არის.

რასაკვირველია, ზღვის წყალიც თუ მოხვდება პირის ღრუში და იქ ფეკალიებია, ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია, ინფექციის შეჭრა. ჰიგიენური პირობები აუცილებლად ძალიან მკაცრად უნდა გვქონდეს დაცული. თავი უნდა შევიკავოთ ბავშვებისთვის მალფუჭებადი პროდუქტების მიცემისგან, კარგად უნდა დავიცვათ შენახვის წესები. განსაკუთრებით რძის პროდუქტებია მალფუჭებადი. როდესაც წასული ვართ დასასვენებლად ზღვაზე, ძნელია იქ საკვების გაკეთება. უნდა შევეცადოთ, რომ სადაც ბავშვს ვაჭმევთ, ვიცოდეთ, რომ იქ ჰიგიენური პირობები არის დაცული,“ - მოცემულ საკითხზე მაია ჩხაიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„თბილ წყალში ერთი ჩაის კოვზი სოდა და ორი-სამი წვეთი იოდი არის ძალიან კარგი საშუალება ყელის ტკივილის სამკურნალოდ,“ - ოტორინოლარინგოლოგი გიორგი გოგნიაშვილი

ოტორინოლარინგოლოგმა გიორგი გოგნიაშვილმა ყელის ტკივილის სახლის პირობებში მკურნალობის გზებზე ისაუბრა:

„მე ძალიან მომხრე ვარ ხოლმე ხანდახან სახლის პირობებში რაღაცების განხორციელების, თუ ეს არ ავნებს პაციენტს. თუ იოდზე ალერგიული არ არის პაციენტი, გადადუღებულ თბილ წყალში ერთი ჩაის კოვზი სოდა და ორ-სამი წვეთი იოდი არის ძალიან კარგი საშუალება, რომელსაც ჩემი ოჯახი ხშირად იყენებს. ეს ძალიან ამცირებს ყელის ტკივილს. უნდა შევამციროთ მწარე, მჟავე, ცივი, ცხელი საკვების მიღება და ეს ყველაფერი აულაგდებათ რამოდენიმე დღეში,“ - აღნიშნულ საკითხზე გიორგი გოგნიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად