Baby Bag

„ტკივილგამაყუჩებლების ხშირი მიღება ხშირ შემთხვევაში იწვევს თავის ტკივილის პროვოცირებას,“- ნევროლოგი თეა შუბლაძე

ნევროლოგმა თეა შუბლაძემ თავის ტკივილის ტიპების შესახებ ისაუბრა და პირველადი და მეორადი თავის ტკივილის გამომწვევი მიზეზები დაასახელა:

„თავის ტკივილი არსებობს პირველადი და მეორადი. პირველადი თავის ტკივილი არ არის ასოცირებული სხვა გამომწვევ პათოლოგიასთან. მეორადი თავის ტკივილი ვითარდება მეორადად პათოლოგიური პროცესების არსებობის დროს. პირველად თავის ტკივილს მიეკუთვნება შაკიკი, კლასტერული და დაძაბულობის თავის ტკივილი. მეორადი თავის ტკივილის განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს ინფექციები, სისხლძარღვოვანი პათოლოგიები, ონკოლოგიური დაავადებები. ის ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს ალკოჰოლოს, მედიკამენტებისა და ტოქსიური ნივთიერებების მიღების შედეგად. ტკივილგამაყუჩებლების ხშირი მიღება ხშირ შემთხვევაში იწვევს თავის ტკივილის პროვოცირებას.

თავის ტკივილი საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა. ყველაზე გავრცელებულ თავის ტკივილს მიეკუთვნება დაძაბულობის თავის ტკივილი. დაძაბულობის თავის ტკივილის მაპროვოცირებელი ფაქტორი არის სტრესი, დატვირთული სამუშაო გრაფიკი. ის ხშირ შემთხვევაში ვითარდება დეპრესიის მქონე პაციენტებში. იმ პაციენტების 60%-ს, ვისაც დაძაბულობის თავის ტკივილი აქვთ, აღენიშნება დეპრესია. თავის ტკივილის არსებობის შემთხვევაში ყველაზე ინფორმატიული კვლევა არის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფით კვლევა,“- მოცემულ საკითხზე თეა შუბლაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“

შეიძლება დაინტერესდეთ

ეს სამი დაავადება ბავშვებში ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის გამო ხდება - ქირურგი შალვა გაბადაძე

ქირურგმა შალვა გაბადაძემ ბავშვებზე ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის ნეგატიური ზეგავლენების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ცხოვრების უძრავი სტილი ბავშვებში გარკვეული დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს:

„ჰიპოდინამიოზს უზარმაზარი უარყოფითი გავლენა აქვს ბავშვთა ასაკში ბავშვებზე. ეს უპირველესად გამოიხატება ხერხემლის ოსტეოქონდროზით. შეიძლება ეს გამოიხატოს მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციების დარღვევით, როგორიც არის შარდვის გახშირება ან შარდვის შეკავება.

მესამე შეიძლება იყოს სქოლიოზი, რომელიც ვითარდება ნელა, შემპარავად და იწვევს ტანდეგობის დარღვევას, რაც მშობლებში თავდაპირველად გამოიწვევს გაკვირვებას, შემდგომ კი შიშს.

ეს სამი დაავადება ბავშვებში სწორედ ცხოვრების ჰიპოდინამიური სტილის გამო ხდება,“- მოცემულ საკითხზე შალვა გაბადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად