Baby Bag

თუ კვების ამ წესებს დავიცავთ, ბავშვს არანაირი ვიტამინი არ დასჭირდება - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ მშობლებს ურჩია ბავშვებს ვიტამინების ნაცვლად სასარგებლო საკვები პროდუქტები შესთავაზონ:

„ყველანი თევზის ქონს გაიძახიან. ერთი თევზი უდრის იმდენ ომეგა 3-ს, რაც შეიძლება ორი თვის განმავლობაში ვერ მიიღოს ბავშვმა. ბავშვს ნატურალური პროდუქტებიდან უნდა შევთავაზოთ ყველა ტიპის ჯგუფი: ხილი, ბოსტნეული, ხორცი, რძე, რძის პროდუქტები, თევზი, თევზის პროდუქტები. ამ პროდუქტებიდან მისი შეწოვა და ბიოშეღწევადობა უფრო მაღალია, ვიდრე სამკურნალო საშუალებებიდან. განსაკუთრებული ვიტამინები არ არის აუცილებელი. ნებისმიერი რესპირაციული ვირუსული მართვისას მთავარი არის ცხოვრების ჯანსაღი წესი.

ცხოვრების ჯანსაღი წესი არის ფიზიკური აქტივობა და სწორი კვება. სწორი კვება ნიშნავს, რომ დღის რაციონის 50% უნდა იყოს ბოსტნეული, 30% ხილი, 20% ცილა. თუ იქნება ეს დაცული, არანაირი ვიტამინები ბავშვს არ დასჭირდება. ვიტამინები უფრო ძვირი ღირს, ვიდრე სწორი კვება. კაცმა არ იცის რა შემოდის, რა სახის ვიტამინებია. კარგი ხარისხის ვიტამინები საკმაოდ ძვირია. სჯობს ამ თანხით რაიმე საკვები პროდუქტი ვუყიდოთ ბავშვს და იქიდან გაცილებით მეტი სარგებელი გვექნება,“- მოცემულ საკითხზე თემურ მიქელაძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ერთსულოვნების დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

რჩევები დღესასწაულის შემდეგ ბავშვების ყოველდღიურობაში დასაბრუნებლად

რჩევები დღესასწაულის შემდეგ ბავშვების ყოველდღიურობაში დასაბრუნებლად

დღესასწაულის შემდგომ ბავშვების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებაზე ​MomsEdu.ge-ს ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი მზიკო დალაქიშვილი ესაუბრა.

- რა ასაკიდან ენიჭება ბავშვებისთვის მნიშვნელობა დღესასწაულების აღნიშვნას? 

- დღესასწაული გულისხმობს ემოციების გაცვლას, სიხარულის გამოხატვას, სიყვარულს ერთმანეთის მიმართ. ამ მდგომარეობას ასაკი არ აქვს, ბავშვი დაბადების დღიდან საჭიროებს ემოციების გაცვლას და დადებითი ენერგიის ემოციებად მიღებას, შესაბამისად, დღესასწაულში ბავშვის ჩართულობა ყველა ასაკში მისაღებია, მთავარია, ვიცოდეთ ბავშვის განვითარების თავისებურებები და ფიზიოლოგია, არ დავარღვიოთ ბავშვის რეჟიმი ისე, რომ მისი ნერვული სისტემა დაზიანდეს, მოხდეს ზედმეტი აგზნება, რაც გამოიწვევს გაღიზიანებას და ქცევის ცვლილებებს. ზედმეტი ხმაური, ხმამაღალი გარემო, ჭარბი გამღიზიანებელი ზოგადად არღვევს ორგანიზმის ჰომეოსტაზს და მშობლებს გვმართებს ყურადღება ეს გარემო გამღიზიანებლები ვაკონტროლოთ ბავშვის განვითარებისა და ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შესაბამისად. ზეიმი და დადებითი ემოციების მიღება კი ყველა ასაკს უხდება!

- რა პერიოდიდან არის ასე ვთქვათ, ღირებული, რომ ბავშვს დავურღვიოთ ცხოვრების რუტინა დღესასწაულების გამო?

- გააჩნია რას ვგულისხმობთ ცხოვრების რუტინის დარღვევაში... გვიან დაძინება, ზედმეტი ტკბილეული, დიდი დოზით ტელევიზორი, ხმაურიანი გარემო და ხალხმრავლობა - ეს ბავშვობის არცერთი ასაკისთვის არ არის რეკომენდებული. თუ უბრალოდ არდადეგები იგულისხმება, სადაც ბავშვები მშობლებთან და მეგობარ-ახლობლებთან ერთად მხიარულობენ და აქვთ იმის საშუალება, რომ თავისუფლად, სტრესის გარეშე გაატარონ დრო მხიარულებაში, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. მსგავსი სიტუაციები აუცილებელიც კი არის განსატვირთად და გამოცდილების მისაღებად, ახლო ადამიანებთან დიდი დოზით დროის გატარება და მხიარულება მხოლოდ კარგის მომტანია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მშობლებს არ გვაქვს საშუალება, წლის განმავლობაში დავუთმოთ დრო და ენერგია ჩვენს შვილებს და ვიყოთ მათი მხიარულების გამზიარებელნი.

- დღესასწაულების შემდეგ როგორ უნდა დავიწყოთ ბავშვის ემოციების და სადღესასწაულო განწყობის დარეგულირება?

- დღესასწაულის შემდეგ ყოველთვის არის რუტინულ ცხოვრებასთან დამაკავშირებელი გარდამავალი პერიოდი. სწორედ ეს გარდამავალი პერიოდია რაც ბავშვს უხეშად არ წყვეტს ერთ რეალობას და არ გადაჰყავს მეორეში. ახალი წლის პერიოდს თუ ავიღებთ, მაგალითად, ყველა მხიარულებას აქვს როგორც დასაწყისი, ისე დასასრული, ნაძვის ხეს ერთად ვრთავთ, შემდეგ ერთად ვშლით, ვინახავთ. მე პირადად, მთავარი მგონია ბავშვის ყველა პროცესში ჩართულობა (ასაკის ინტერესისა და განვითარების შესაბამისად) და ცხოვრების ციკლისა და რიტმის შეგრძნების ცნობიერება, რაც, ჩვენზე, მშობლებზეა დამოკიდებული - მათთან ერთად მოვემზადოთ დღესასწაულისთვის, ერთად ვიზეიმოთ და ერთად დავალაგოთ/ავალაგოთ საზეიმო გარემო, ასე ხელს შევუწყობთ პროცესის ჯანსაღად გავლას, გამოცდილების ინტეგრირებას, დროებით დამშვიდობებას დღესასწაულთან, მომზადებას ახალი, ხვალინდელი დღისთვის.

რჩევები ყოველდღიურობაში დასაბრუნებლად:

ჩართეთ ბავშვები სუფრის ალაგების პროცესში, ნაძვის ხეც ერთად დაშალეთ, გააზიარეთ ამ დღესასწაულის კარგი ემოციებისა და შთაბეჭდილებების შესახებ, მოყევით და ბავშვსაც მოუსმინეთ, რა იყო კარგი, ასევე თქვით და მოუსმინეთ, რა მოგენატრათ ყოფითი რუტინული ცხოვრებიდან, ბაღი, სკოლა, მეგობრები, მასწავლებლები, მეცადინეობა, სპორტზე სიარული.... თქვენც უდავოდ  გექნებათ თქვენი საყვარელი საქმე და სიტუაციები, რაც მოგენატრებოდათ, გააზიარეთ ეს. ერთად უთხარით მადლობა დღესასწაულს და დასვენების პერიოდს დაემშვიდობეთ, რომელიც აუცილებლად დაბრუნდება! წელიწადი ხომ რამდენჯერმე გვთავაზობს სხვადასხვა ჩვენთვის საყვარელ დღესასწაულს, ამის გაზიარებაც დაეხმარება ბავშვს, გაუშვას რაც იყო, დაუბრუნდეს აწმყოს და ჰქონდეს მოლოდინი მსგავსი სიტუაციის, დღესასწაულის მოსვლის! დაუბრუნდით იმ ყოველდიურობას, რომელიც შესაძლოა არც კი იცით, მაგრამ შესაძლოა, მოგენატრათ კიდეც. დიალოგში აზრები ლაგდება და ცნობიერდება ის, რაც არის ჩვენში, ამიტომ გირჩევთ დიალოგს ბავშვთან, ასაკისა და განვითარების შესაბამისად.

გავაცილოთ დღესასწაული, რომ მოგვენატროს და მისი მოსვლა ხელახლა იქცეს დღესასწაულად!

ესაუბრა ელენე ოვაშვილი

წაიკითხეთ სრულად