Baby Bag

თუ კვების ამ წესებს დავიცავთ, ბავშვს არანაირი ვიტამინი არ დასჭირდება - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ მშობლებს ურჩია ბავშვებს ვიტამინების ნაცვლად სასარგებლო საკვები პროდუქტები შესთავაზონ:

„ყველანი თევზის ქონს გაიძახიან. ერთი თევზი უდრის იმდენ ომეგა 3-ს, რაც შეიძლება ორი თვის განმავლობაში ვერ მიიღოს ბავშვმა. ბავშვს ნატურალური პროდუქტებიდან უნდა შევთავაზოთ ყველა ტიპის ჯგუფი: ხილი, ბოსტნეული, ხორცი, რძე, რძის პროდუქტები, თევზი, თევზის პროდუქტები. ამ პროდუქტებიდან მისი შეწოვა და ბიოშეღწევადობა უფრო მაღალია, ვიდრე სამკურნალო საშუალებებიდან. განსაკუთრებული ვიტამინები არ არის აუცილებელი. ნებისმიერი რესპირაციული ვირუსული მართვისას მთავარი არის ცხოვრების ჯანსაღი წესი.

ცხოვრების ჯანსაღი წესი არის ფიზიკური აქტივობა და სწორი კვება. სწორი კვება ნიშნავს, რომ დღის რაციონის 50% უნდა იყოს ბოსტნეული, 30% ხილი, 20% ცილა. თუ იქნება ეს დაცული, არანაირი ვიტამინები ბავშვს არ დასჭირდება. ვიტამინები უფრო ძვირი ღირს, ვიდრე სწორი კვება. კაცმა არ იცის რა შემოდის, რა სახის ვიტამინებია. კარგი ხარისხის ვიტამინები საკმაოდ ძვირია. სჯობს ამ თანხით რაიმე საკვები პროდუქტი ვუყიდოთ ბავშვს და იქიდან გაცილებით მეტი სარგებელი გვექნება,“- მოცემულ საკითხზე თემურ მიქელაძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ერთსულოვნების დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბრონქიოლიტის დროს ნახევარ საათში შეიძლება მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალოს,“- პედიატრი ნუგზარ უბერი

„ბრონქიოლიტის დროს ნახევარ საათში შეიძლება მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალოს,“- პედიატრი ნუგზარ უბერი

პედიატრმა ნუგზარ უბერმა ომიკრონით გამოწვეული ბრონქიოლიტის მკურნალობის მეთოდების შესახებ ისაუბრა:

„ბრონქიოლიტიც არის ვირუსით გამოწვეული. ამ ვირუსს ჰქვია რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი. წვრილი ბრონქების ანთება იშვიათად რთულდება ფილტვების ანთებით. ომიკრონის დროს უფრო ხშირად გვაქვს ტრაქეიტი, გაორმაგებული და გასამმაგებულია ვირუსული კრუპის სინდრომი, არაიშვიათად გვაქვს ბრონქიოლიტი და ამით კლინიკებში ბავშვები წვანან. რადგან ბრონქიოლიტის მიმდინარეობის თავისებურება არის სტვენითი ხმიანობა, ამდენად ეს ხელს უწყობს, რომ წვრილი ბრონქების ანთება არ გადავიდეს ფილტვების ანთებაში.“

ნუგზარ უბერის თქმით, პაციენტები ხშირად აპროტესტებენ, როდესაც ბროქნიოლიტის გამო კლინიკაში უხდებათ მკურნალობა:

„პაციენტებისგან ხშირად გამიგია: „ჩვენ თვითონ მოვუვლით ამ წვრილი ბრონქების ანთებას.“ არამც და არამც ასეთი მიდგომა მედიცინაში არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ბრონქიოლიტი თვითგანკურნებადი დაავადება გახლავთ, მიმდინარეობს მსუბუქად, უფრო ხშირად საშუალო სიმძიმისაა, მაგრამ მას მაინც, გასნსაკუთრებით ექვს თვემდე ასაკში, სჭირდება ჰოსპიტალიზაცია. ამას ჩვენ ვახერხებთ რამოდენიმე დღის მკურნალობით.“

„მშობლები ხშირად ამბობენ: „რადგან ფილტვების ანთება არ აქვს ბავშვს და ანტიბიოტიკს არ იღებს, გაგვიშვით სახლში. ამ ინჰალაციას მეც გავუკეთებ სახლის პირობებში.“ თუ ბავშვმა საკვების მიღება შეწყვიტა, ის აუცილებლად უნდა მოთავსდეს ჰოსპიტალში. ომიკრონის დროს ხშირია ბრონქიოლიტი. როდესაც მშობელი კითხულობს: „რატომ წევს ჩემი შვილი ამ დიაგნოზით საავადმყოფოში?“ ბავშვს მონიტორინგი სჭირდება იმიტომ, რომ შესაძლო გართულებები მოსალოდნელია. ბრონქიოლიტის დროს ხანმოკლე დროში კლინიკური გამოვლინებების არასტაბილურობაა. ამ წუთას შეიძლება ხველა იშვიათი იყოს, სუნთქვის უკმარისობის გამოვლინება ნაკლები იყოს, მაგრამ ნახევარი საათის განმავლობაში მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალოს. ამ სიფრთხილის გამო ჩვენ ვურჩევთ ჰოსპიტალიზაციას, სწორ, კორექტულ მკურნალობას,“- აღნიშნულ საკითხზე ნუგზარ უბერმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად