Baby Bag

თუ კვების ამ წესებს დავიცავთ, ბავშვს არანაირი ვიტამინი არ დასჭირდება - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ მშობლებს ურჩია ბავშვებს ვიტამინების ნაცვლად სასარგებლო საკვები პროდუქტები შესთავაზონ:

„ყველანი თევზის ქონს გაიძახიან. ერთი თევზი უდრის იმდენ ომეგა 3-ს, რაც შეიძლება ორი თვის განმავლობაში ვერ მიიღოს ბავშვმა. ბავშვს ნატურალური პროდუქტებიდან უნდა შევთავაზოთ ყველა ტიპის ჯგუფი: ხილი, ბოსტნეული, ხორცი, რძე, რძის პროდუქტები, თევზი, თევზის პროდუქტები. ამ პროდუქტებიდან მისი შეწოვა და ბიოშეღწევადობა უფრო მაღალია, ვიდრე სამკურნალო საშუალებებიდან. განსაკუთრებული ვიტამინები არ არის აუცილებელი. ნებისმიერი რესპირაციული ვირუსული მართვისას მთავარი არის ცხოვრების ჯანსაღი წესი.

ცხოვრების ჯანსაღი წესი არის ფიზიკური აქტივობა და სწორი კვება. სწორი კვება ნიშნავს, რომ დღის რაციონის 50% უნდა იყოს ბოსტნეული, 30% ხილი, 20% ცილა. თუ იქნება ეს დაცული, არანაირი ვიტამინები ბავშვს არ დასჭირდება. ვიტამინები უფრო ძვირი ღირს, ვიდრე სწორი კვება. კაცმა არ იცის რა შემოდის, რა სახის ვიტამინებია. კარგი ხარისხის ვიტამინები საკმაოდ ძვირია. სჯობს ამ თანხით რაიმე საკვები პროდუქტი ვუყიდოთ ბავშვს და იქიდან გაცილებით მეტი სარგებელი გვექნება,“- მოცემულ საკითხზე თემურ მიქელაძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ერთსულოვნების დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ემოციურად პირველი დღეები რთულია, მაგრამ როგორც კი თვალებს ახელს, საოცარი შეგრძნება გვეუფლება,“- ილო ბეროშვილი და ანი ბებია მშობლობის გამოცდილებაზე

ანი ბებია და ილო ბეროშვილი გადაცემაში „შენი დილა“ მშობლობის გამოცდილების შესახებ საუბრობენ. ილო ბეროშვილი ჯერის დაბადების წუთებს იხსენებს:

„ჯერი დაიბადა ხუთ ივლისს, დილის ხუთი საათი იყო, მგონი. ანიმ ძალიან იყოჩაღა. უკვე სადღაც 12 საათზე სამყაროს მოევლინა ჯერი ბეროშვილი. მე დავესწარი მშობიარობას და რატომ ამბობენ ქალებზე, რომ სუსტი სქესიაო, ჩემამდე არ დადის. მამაკაცი, ჩემი აზრით, ამას ვერ გადაიტანს. ემოციურად პირველი დღეები რთულია, ახალშობილს რაღაცები აწუხებს, მაგრამ როგორც კი თვალებს ახელს და ჩვენთან კონტაქტი აქვს, საოცარი შეგრძნება გვეუფლება.“

ანი ბებიას თქმით, ჯერი უკვე საკუთარ ხასიათს ავლენს:

„ჭამის შემდეგ იღიმის, ერთი-ორჯერ ხმითაც გაიცინა. მაშინ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ძალიან მაგარია. ჯერის ჩემნაირი ხასიათი აქვს, ჯიუტი. უკვე ავლენს თავის ხასიათებს. გულზე თუ არ არის მოწეპებული ისე არ იძინებს. ჯერის რომ ვუყურებ, მიჭირს იმის გააზრება, რომ ცხრა თვე მუცელში მყავდა. ორსულობის პერიოდში ვერ ვიაზრებდი, რომ ადამიანი გიზის მუცელში, შენი ნაწილია.“

ილო ბეროშვილი აღნიშნავს, რომ ბავშვის დაბადება ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა:

„ახალი რიტმი გვაქვს ცხოვრებაში. დილის გადაცემაში ჯერი ხშირად გამოჩნდება. მგონი, ბავშვის პირველი სიტყვა იქნება „მთავარი“ და „მამა.“ მე ძალიან ვამსგავსებ ანის, თვალის მოყვანილობა ანისი აქვს, პირიც, მოკლედ რომ ვთქვა, ანია. ბავშვის დაბადება ჯერ ბოლომდე გაცნობიერებული არ მაქვს. ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ეს არის. ამის გააზრება ძალიან რთულია, მით უმეტეს, როდესაც ბევრი საორგანიზაციო საკითხია მოსაგვარებელი. ტვინით ვერ ვხვდებით რა ხდება, ამ ყველაფერს ემოციებით ვაცნობიერებთ. იმედი მაქვს, ჩემგან არ გამოყვება ის, რომ მთელი ცხოვრება ვეძებდი, რა არის ჩემი. სხვადასხვა სფეროებს ძალიან მალე მივატოვებდი ხოლმე. ფეხბურთზე დღემდე გული მწყდება. შეიძლება, მსახიობობა მოუნდეს ჯერის. დედა მსახიობია, მამაც ამ სფეროშია. ჩვენ მას არ გადავუწყვიტავთ, მან უნდა იპოვოს თავისი საყვარელი საქმიანობა.“

„არ მინდა ბავშვს ჩემი რაღაცები მოვახვიო თავს, მთავარია, განათლება მივცე. თავად უნდა აირჩიოს რა უნდა. ერთადერთი რაც მინდა, არის ის, რომ დიდხანს არ შევჭრა თმა და გრძელი თმები ჰქონდეს. ბავშვს რომ ვუყურებ, ბავშვზე მეტად ჩემი თავი მგონია უსუსური, ყველაფრის მეშინია, ძალიან დავპატარავდი. არ ვიცი, როგორი დედა ვიქნები, ალბათ, ძალიან ფეთიანი. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას მოლოცვისთვის, ამდენი სიყვარულის, სითბოსა და სიკეთისთვის,“ - აღნიშნავს ანი ბებია. 

წაიკითხეთ სრულად