Baby Bag

თუ კვების ამ წესებს დავიცავთ, ბავშვს არანაირი ვიტამინი არ დასჭირდება - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ მშობლებს ურჩია ბავშვებს ვიტამინების ნაცვლად სასარგებლო საკვები პროდუქტები შესთავაზონ:

„ყველანი თევზის ქონს გაიძახიან. ერთი თევზი უდრის იმდენ ომეგა 3-ს, რაც შეიძლება ორი თვის განმავლობაში ვერ მიიღოს ბავშვმა. ბავშვს ნატურალური პროდუქტებიდან უნდა შევთავაზოთ ყველა ტიპის ჯგუფი: ხილი, ბოსტნეული, ხორცი, რძე, რძის პროდუქტები, თევზი, თევზის პროდუქტები. ამ პროდუქტებიდან მისი შეწოვა და ბიოშეღწევადობა უფრო მაღალია, ვიდრე სამკურნალო საშუალებებიდან. განსაკუთრებული ვიტამინები არ არის აუცილებელი. ნებისმიერი რესპირაციული ვირუსული მართვისას მთავარი არის ცხოვრების ჯანსაღი წესი.

ცხოვრების ჯანსაღი წესი არის ფიზიკური აქტივობა და სწორი კვება. სწორი კვება ნიშნავს, რომ დღის რაციონის 50% უნდა იყოს ბოსტნეული, 30% ხილი, 20% ცილა. თუ იქნება ეს დაცული, არანაირი ვიტამინები ბავშვს არ დასჭირდება. ვიტამინები უფრო ძვირი ღირს, ვიდრე სწორი კვება. კაცმა არ იცის რა შემოდის, რა სახის ვიტამინებია. კარგი ხარისხის ვიტამინები საკმაოდ ძვირია. სჯობს ამ თანხით რაიმე საკვები პროდუქტი ვუყიდოთ ბავშვს და იქიდან გაცილებით მეტი სარგებელი გვექნება,“- მოცემულ საკითხზე თემურ მიქელაძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ერთსულოვნების დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„რა უნარები ვითარდება ბავშვებში? ის უნარები, რასაც მშობელი აღიარებს, მშობელი ეს არის კარი სამყაროსი,“ - ფსიქოლოგი ნინო ბუაძე

ფსიქოლოგი ნინო ბუაძე გადაცემაში „რა დროს ძილია“ მიჯაჭვულობის თეორიის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მშობლის შვილისადმი დამოკიდებულება ბავშვის თვითშეფასებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს:

„არსებობს მიჯაჭვულობის თეორია, რომელიც გულისხმობს, როგორ მექცევიან მე დაბადებიდან. მე მაქვს გარკვეული დაძაბულობები, ეს დაძაბულობები მოდის ჩემი მოთხოვნილებებიდან: კვების მოთხოვნილება, კონტაქტის მოთხოვნილება, რომ ვიყო ჩახუტებული თბილად და ფიზიოლოგიუირი მოთხოვნილება. ეს დაძაბულობა რამდენად სწრაფად მეხსნება და რამდენად დროულად შემოდის ჩემთან სიმშვიდე, სიამოვნების განცდა, ამაზეა დამოკიდებული, მე ვენდობი თუ არ ვენდობი სამყაროს. დიდი ზომის ინსტიტუციებში, სადაც ორი აღმზრდელი იყო და თხუთმეტი ბავშვი, თავისთავად, ბავშვებს მოთხოვნილებები დროულად არ დაუკმაყოფილდებოდათ. თუ მე რიგით მეთვრამეტე ვარ, როდესაც ყველას გვშია, თავისთავად დროულად არ მიკმაყოფილდება ჩემი მოთხოვნილება. თუ მოთხოვნილება ყოველთვის დროულად მიკმაყოფილდება და არა ხანდახან ან ზოგჯერ, ამას მოაქვს განცდა, რომ მე ვარ სასურველი, მე ვარ მისაღები, რომ მე მელოდებოდნენ.“

ნინო ბუაძის თქმით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვთან თვალებით კონტაქტს, ღიმილს და მისდამი სითბოს გამოხატვას:

„ასევე მნიშვნელოვანია კონტაქტის მოთხოვნილება. ხშირად მშობლები ამბობენ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ დაიჭერს რძის ბოთლს ხელში, მაგრამ არის კიდევ უმნიშვნელოვანესი თვალით კონტაქტი, ღიმილი, რითიც ბავშვს გადავცემ, რომ ის არის სასურველი, მიხარია, ბედნიერი ვარ, ველოდებოდი. ამიტომაც არის საუბარი იმაზე, რომ მშობელი ეს არის კარი სამყაროსი. ის გეუბნება, რომ ეს სამყარო სასურველია, გელოდება და ღიაა შენთვის. ან გეუბნება, რომ შენ არ ხარ სასურველი, ხან ხარ სასურველი, ხან არა. ძალიან ბევრი უნდა იშრომო იმისთვის, რომ ვიღაცამ გაღიაროს. აქედან იწყება ყველაფერი. ამას ეძახიან მიჯაჭვულობის თეორიას. ამას სხვაგვარად ეძახიან უსაფრთხო მიჯაჭვულობას. მე ვენდობი, აქტიური გავდივარ, შემოქმედებითი გავდივარ ამ სამყაროში, ან არ ვენდობი, მეშინია, კრიტიკის მოლოდინი მაქვს.“

ნინო ბუაძე აღნიშნავს, რომ ბავშვს უნდა ავუხსნათ ყველაფერი, რასაც ის ვერ იგებს, რადგან გაურკვევლობა ბავშვებში სერიოზულ ტრავმებსა და ტკივილს იწვევს:

„როდესაც ბავშვი ვერ იგებს რამეს და მას არ უხსნიან, ეს წარმოქმნის უფრო მძაფრ ემოციებს. კონფლიქტის შემთხვევაში, სჯობს ბავშვმა უყუროს, ვიდრე ტიპიურად ვუთხრათ: „გადი შენს ოთახში!“ რატომ? იმიტომ, რომ იქ ის ყველაფერს უფრო მძაფრად წარმოიდგენს. როდესაც მას ინფორმაციას არ ვაწვდით, ამან შეიძლება იმხელა შიშები გააჩინოს, იმხელა ტრავმები. შესაძლოა, გაჩნდეს თვითბრალდების განცდა. როდესაც ბავშვს არ ვუხსნით რაღაცას, ის ფიქრობს, რომ იყო არასასურველი, რაღაც გააკეთა არასწორად. შეიძლება ბავშვმა თავი დაიდანაშაულოს. იფიქროს, რომ არ ისწავლა, არ ჭამა და იწყებს თვითბრალდებას. რაც ბევრად მტკივნეული და მატრავმირებელია, ვიდრე სიმართლის თქმა.“

„როდესაც ბავშვი ინიციატივას გამოხატავს, „მე თვითონ“ როდესაც იწყება, ხშირად ხდება, რომ ის არ არის ისეთი სრულყოფილი, როგორი მოთხოვნილებაც მშობელს აქვს. ვთქვათ ბავშვმა დახატა რვაფეხა და მას რვა ფეხი არ აქვს, მშობელი ერევა, რომ არ აქვს რვაფეხას ყველა ფეხი. ამით ის ბავშვს ეუბნება, რომ მისგან სრულყოფილ პროდუქტს ვერ იღებს. ამით ბავშვს ვეუბნებით: „არ ხარ საკმარისი, მე გაგაკეთებინებ, მე დაგაწერინებ.“ თუნდაც ბავშვმა მოკიდა რაღაცას ხელი და გადააადგილა, მას უხარია, მაგრამ არ ხდება ამის აღიარება. რა უნარები ვითარდება ბავშვებში? ის უნარები, რასაც მშობელი აღიარებს,“ - აცხადებს ნინო ბუაძე.

წყარო: ​რა დროს ძილია

წაიკითხეთ სრულად