Baby Bag

თუ კვების ამ წესებს დავიცავთ, ბავშვს არანაირი ვიტამინი არ დასჭირდება - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ მშობლებს ურჩია ბავშვებს ვიტამინების ნაცვლად სასარგებლო საკვები პროდუქტები შესთავაზონ:

„ყველანი თევზის ქონს გაიძახიან. ერთი თევზი უდრის იმდენ ომეგა 3-ს, რაც შეიძლება ორი თვის განმავლობაში ვერ მიიღოს ბავშვმა. ბავშვს ნატურალური პროდუქტებიდან უნდა შევთავაზოთ ყველა ტიპის ჯგუფი: ხილი, ბოსტნეული, ხორცი, რძე, რძის პროდუქტები, თევზი, თევზის პროდუქტები. ამ პროდუქტებიდან მისი შეწოვა და ბიოშეღწევადობა უფრო მაღალია, ვიდრე სამკურნალო საშუალებებიდან. განსაკუთრებული ვიტამინები არ არის აუცილებელი. ნებისმიერი რესპირაციული ვირუსული მართვისას მთავარი არის ცხოვრების ჯანსაღი წესი.

ცხოვრების ჯანსაღი წესი არის ფიზიკური აქტივობა და სწორი კვება. სწორი კვება ნიშნავს, რომ დღის რაციონის 50% უნდა იყოს ბოსტნეული, 30% ხილი, 20% ცილა. თუ იქნება ეს დაცული, არანაირი ვიტამინები ბავშვს არ დასჭირდება. ვიტამინები უფრო ძვირი ღირს, ვიდრე სწორი კვება. კაცმა არ იცის რა შემოდის, რა სახის ვიტამინებია. კარგი ხარისხის ვიტამინები საკმაოდ ძვირია. სჯობს ამ თანხით რაიმე საკვები პროდუქტი ვუყიდოთ ბავშვს და იქიდან გაცილებით მეტი სარგებელი გვექნება,“- მოცემულ საკითხზე თემურ მიქელაძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ერთსულოვნების დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„პოსტ-კოვიდურ პერიოდში ყველაზე ხშირი სიმპტომი და ჩივილი არის ქოშინი, რომელიც არ არის ყოველთვის დაკავშირებული ფილტვის პრობლემებთან,“ - პულმონოლოგი დავით ჭყონია

​​პულმონოლოგი დავით ჭყონია კოვიდ-19-ით გამოწვეულ ჯანმრთელობის პრობლემებზე საუბრობს. მისი თქმით, პოსტ-კოვიდურ ეტაპზე გამოჯანმრთელებულ ადამიანებს გარკვეული სიმპტომები რამდენიმე თვის განმავლობაში აწუხებთ:

„პაციენტების ორი ჯგუფი არსებობს. ერთ ნაწილს შედარებით მსუბუქად გადააქვს ვირუსი, მეორე ნაწილს, დაახლოებით თხუთმეტ პროცენტს კი რთულად. სამწუხაროდ ლეტალური შედეგიც დგება. ორივე ჯგუფში შეინიშნება პოსტ-კოვიდური პრობლემები. პოსტ-კოვიდური კლინიკა იმ პაციენტებშიც კი, რომლებსაც მსუბუქად გადააქვთ ვირუსი, შეიძლება სამი თვიდან ერთ წლამდე გაგრძელდეს.“

დავით ჭყონიას თქმით, ​კორონავირუსი მრავალ ორგანოს აზიანებს:

„მთავარი ბრძოლა ორგანიზმში იმ ადგილას იმართება, სადაც ხდება ჟანგბადის ათვისება და ნახშირორშანგის გამოყოფა. კორონავირუსი მრავალ ორგანოს აზიანებს, არამარტო ფილტვს, გულს, თავის ტვინს და ა.შ. მთავარი ბრძოლის ველი არის ის მემბრანა, სადაც ჟანგბადის ათვისება ხდება. იქ არის მთავარი პრობლემები. ტრადიციული პნევმონიების დროს ჩვენ გვაქვს ანთება ფილტვის მხრიდან, აქ კი გვაქვს სისხლძარღვების მხრიდან. ძალიან განსხვავებული რადიოლოგიური სურათია კოვიდის დროს და ტრადიციული ფილტვების ანთების დროს.“

დავით ჭყონია იმ სიმპტომს ასახელებს, რომელიც კოვიდ-19-ისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებს ყველაზე ხშირად აღენიშნებათ:

„პოსტ-კოვიდურ პერიოდში ​ყველაზე ხშირი სიმპტომი და ჩივილი არის ქოშინი, რომელიც არ არის ყოველთვის დაკავშირებული ფილტვის პრობლემებთან, არამედ სისხლძარღვოვან კომპონენტთან. ამას ჩვენ ვეძახით დიფუზიის უნარს. ჟანგბადის შეთვისება და ნახშირორჟანგის გამოყოფა არის დიფუზიის უნარი. ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ დიფუზიის უნარის გამოკვლევა პოსტ-კოვიდურ პერიოდში. საბედნიეროდ, საქართველოში არის ამის საშუალება. თუ ადამიანს აწუხებს ქოშინი, ტკივილი, ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ ამ დროს გამოკვლეული იქნეს დიფუზიის უნარი. ამის მიხედვით უკვე შეიძლება კომპიუტერული ტომოგრაფიის და სხვა კვლევების ჩატარება.“

პოსტ-კოვიდურ სირთულეებზე საუბრობს კარდიოლოგი ზურაბ ფაღავაც. მისი თქმით, კორონავირუსი თავის კვალს გულზეც ტოვებს:

„სიახლე იყო ის, რომ კორონავირუსი კვალს ტოვებს გულზე. ბოლო ხანებში გერმანულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ​ხდება ვირუსის შეჭრა გულის კუნთში. გულის კუნთში შეჭრილი ვირუსი იწვევს გულის კუნთის ანთებას, ე.წ. მიოკარდიტს. მას ასევე შეუძლია დააზიანოს გულის მკვებავი სისხლძარღვების შიგნითა გარსი და გამოიწვიოს თრომბოზი, თრომბოზმა თავის მხრივ, შესაძლოა, გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი. არაიშვიათად არის გულის რიტმის დარღვევები. ბევრად უფრო ხშირად ამგვარი მოვლენები ხდება პოსტ-კოვიდურ პერიოდში. აღარაფერს ვამბობ თრომბოემბოლიაზე.“

„იმის გამო, რომ გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები უფრო ასაკოვან ადამიანებს აქვთ, რისკ-ჯგუფს ისინი მიეკუთვნებიან. თუმცა კოვიდით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა პრობლემები თანაბრად გვხვდება ახალგაზრდებსა და ასაკოვან ხალხში. ახალგაზრდებისთვის რისკ-ფაქტორს ჭარბი წონა წარმოადგენს. პოსტ-კოვიდური სიმპტომები არის მრავალმხირვი: დაღლა, არტერიული წნევის ცვლილება, თმის ცვენა და ა.შ. ეს სიმპტომები შეიძლება გაგრძელდეს სამი თვე ან ექვსი თვე. ჯერჯერობით ასე ვიცით ჩვენ. რამდენად უფრო დიდხანს დატოვებს კვალს ​კოვიდი, ეს ჯერ ძნელი სათქმელია,“ - აცხადებს ზურაბ ფაღავა.

წყარო: ​პოსტ ალიონი

წაიკითხეთ სრულად